Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭავჭავაძეზე მსვლელობისას, სავარაუდოდ, შვიდი ადამიანი დააკავეს - რა ვიცით მათზე


ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა მსვლელობით მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც აბაშიძის ქუჩის 22 ნომერში რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს ბლოგერი უჩა აბაშიძე.
ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა მსვლელობით მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც აბაშიძის ქუჩის 22 ნომერში რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს ბლოგერი უჩა აბაშიძე.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მსვლელობისას 9 მაისის ღამეს პოლიციამ სულ მცირე შვიდი ადამიანი დააკავა.

დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას თავად დაკავებულები ავრცელებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაკავებულების შესახებ კითხვას არ უპასუხებს. ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვაზუსტებთ, რას ედავება მათ პოლიცია.

ერთ-ერთი დაკავებულის, თინა ვაშაკიძის თქმით, ის დაკავებიდან რამდენიმე საათში გამოუშვეს, თუმცა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს.

"მოკლედ, ასეთი ამბავი იყო, ჭავჭავაძეზე წაიქცა ასაკოვანი კაცი და მე და ჩემი მეგობარი მივედით ასაყენებლად. წაიქცა რა, პოლიციამ წააქცია. როგორც კი დავიხარეთ, ეგრევე წაგვაქციეს, მიწაზე დაგვყარეს და შვიდი პოლიციელი გვირტყამდა წიხლებს თავში და გვერდებში. ჩემი მეგობარი შეტენეს მანქანაში და მე თავად მათმა უფროსმა მომკიდა თმებში ხელი და წიხლით შემტენა მანქანაში. მანქანაში და განყოფილებაში აღარ ვუცემივართ. მოვითხოვე ექიმი, სასწრაფო - არაფერი. რომ ნახეს ბევრს ვლაპარაკობდი, იქიდანაც გამომაგდეს ეგრევე, დამჯდარი ტელეფონით და უფულოდ", - ასე აღწერს თინა ვაშაკიძე თავისი დაკავების ამბავს. დაკავების შემდეგ ის გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობაში, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. თინას ინფორმაციით, აქციაზე სულ შვიდი ადამიანი დააკავეს და მისი გათავისუფლების დროისთვის, დანარჩენები პოლიციის სამმართველოში რჩებოდნენ.

პოლიციის სამმართველოდან ხელწერილითაა გაშვებული და კლინიკაში სამედიცინო შემოწმებისთვის გადაყვანილი კიდევ ერთი დაკავებული, კინომცოდნე, "მთავარი არხის" დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ლევან აბდუშელიშვილი.

"კარგად ვარ მეგობრებო, სასწრაფო მანქანაში ვარ და ინგოროყვას კლინიკაში გადავყავარ. თავში მირტყეს საკაიფოდ და სამედიცინო შემოწმებაზე", - დაწერა მან ფეისბუკზე.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია კიდევ ერთი დაკავებულის ვინაობა - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით აკავებდა, ნინიკო შენგელაიაა. მისი დაკავების კადრები ჟურნალისტმა მარი ნიკურაძემ გადაიღო. მეგობრების ინფორმაციით, პოლიციის სამმართველო ნინიკო შენგელაიამაც დაკავებიდან რამდენიმე საათში დატოვა.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია კიდევ სამ დაკავებულზე - ესენი არიან ვატო ბჟალავა, ზურა ეგეტაშვილი და ტოტო ბობოხიძე. დაკავებულებს შორის უნდა იყოს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის ვინაობის დადგენაც ვერ ხერხდება.

ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა მას შემდეგ მოაწყვეს მსვლელობა, რაც რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში დააკავეს ბლოგერი, "აგენტების კანონის" აქტიური მოწინააღმდეგე უჩა აბაშიძე. ჭავჭავაძეზე მსვლელობის მონაწილეები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, ვინც უჩა აბაშიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ მის სახლთან, სანამ პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა - ამ პროცესის განმავლობაში უჩა აბაშიძეს არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. აბაშიძის უფლებადამცველი მხოლოდ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა მის საცხოვრებელ სახლში.

უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლოს მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, გამოძიება დაწყებულია კიბერდანაშაულის მიმართულებითაც. უჩა აბაშიძე ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG