Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს დღესაც ურეკავენ, თუმცა უკვე ქართული ნომრებიდან


ნომრები, რომლებიდანაც მოქალაქეებს ურეკავენ.
ნომრები, რომლებიდანაც მოქალაქეებს ურეკავენ.

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დღესაც ურეკავენ უცნობი პირები, რომლებიც ასახელებენ მათ საცხოვრებელ მისამართს და ემუქრებიან. ეს მოქალაქეები აქვეყნებენ ქართულ სატელეფონო ნომრებსაც, რომლებიდანაც მათთან დარეკეს.

„ფეისბუკპოსტები“ სატელეფონო ზარების შესახებ
„ფეისბუკპოსტები“ სატელეფონო ზარების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ „ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება“.

უცხო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პირად სატელეფონო ნომრებზე დარეკვა გუშინ დაიწყეს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ, რომ სხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრით დაუკავშირდა უცნობი, რომელმაც აგინა.

რადიო თავისუფლება გუშინვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათი კომპეტენციის საკითხი არ არის.

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება. აქციაზე სცემეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ლევან ხაბეიშვილსა და ალეკო ელისაშვილს.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG