Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუ იური დუდთან ინტერვიუში: პუტინს არ სურს ომის დასრულება


მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ცნობილ რუს ვიდეობლოგერს, იური დუდს. მისთვის ეს იყო პირველი საუბარი რუს ჟურნალისტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ისევე როგორც დუდისთვისაც სანდუსთან შეხვედრა იყო პირველი ინტერვიუ ამ რანგის მოხელესთან.

საუბრის მთავარი თემები იყო მოლდოვასა და რუსეთს შორის ურთიერთობა და უკრაინის ომი. სანდუს თქმით, მას ბოლო მომენტამდე არ სჯეროდა, რომ პუტინი შეჭრას წამოიწყებდა და ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდა და ამიტომ ისინი არც ერთხელ არ შეხვედრიან ერთმანეთს.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინმა დაიწყო ომი უკრაინაში და რომ მას შეუძლია დაასრულოს იგი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ სურს“, - თქვა სანდუმ და დასძინა, რომ მიუხედავად მოლდოვის სწრაფვისა, ყველა მეზობელთან მშვიდობა ჰქონდეს, „მათთან, ვინც იწყებს ომებს და არ სცემს პატივს სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, შეუძლებელია კარგი ურთიერთობა გვქონდეს“.

მოლდოვის ტერიტორიაზე უმსხვილესი ფედერალური რუსული სატელევიზიო არხების დაბლოკვის შესახებ შეკითხვაზე სანდუმ თქვა, რომ ამ გზით ქვეყანა ევროკავშირის სანქციებს ახორციელებს და რომ „დემოკრატიას პროპაგანდისგან დაცვა სჭირდება“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი მოლდოვასთან დაკავშირებით დამამცირებელი რიტორიკის უფლებას აძლევს თავს - კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ ქვეყანა არ არსებობს და რომ „მოლდოველთა ნაწილი კრემლის პროპაგანდას ექვემდებარება“. მაგრამ ამავე დროს, სანდუს თქმით, მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ უკრაინას უჭერს მხარს და ეწინააღმდეგება რუსეთის სამხედრო აგრესიას. სანდუს სიტყვებით, ახლა მოლდოვაში დაახლოებით 100 ათასი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.

დუდმა ასევე ჰკითხა პრეზიდენტს, ეშინია თუ არა რუსეთის მოლდოვაში შეჭრისა დნესტრისპირეთის ტერიტორიული დავის გამო, რაზეც სანდუმ უპასუხა, რომ „დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი“.

იური დუდი რუსი ჟურნალისტი და ვიდეობლოგერია, ის ავტორია რუსეთში პოპულარული YouTube არხისა „ვდუდ“, რომელსაც 10 მილიონზე მეტი აუდიტორია ჰყავს. თავისი არხისთვის ის ინტერვიუებს იღებს ცნობილ პიროვნებებთან და იღებს დოკუმენტურ ფილმებს. 2022 წლის თებერვალში ჟურნალისტმა საჯაროდ დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ის გამოაცხადა „უცხოეთის აგენტად“ და დუდი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო. გასული წლის ნოემბერში მოსკოვის პროკურატურამ დუდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით რუსული არმიის ე.წ. დისკრედიტაციის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG