Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ხელისუფლებამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, ფაქტობრივად, გააუქმა


არქივის ფოტო: ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე ონლაინჩართვის დროს
არქივის ფოტო: ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე ონლაინჩართვის დროს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან საქართველოს მთავრობის დაპირისპირებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ გამოეხმაურა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ გუშინ, 2 მაისს, საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა აშშ-სთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია.

„ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა“, - დაწერა სააკაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა 2 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს. შეხვედრებზე განსახილველ თემებში დასახელებული იყო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.

„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

ამერიკელ დიპლომატს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი „დათქმით“ მიიწვიეს, რაც „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

„გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, - განაცხადა საგარეო უწყებამ.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ „დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, ვაშინგტონში 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ 11 დღეში დატოვა თეთრი სახლი, თუმცა ეს ნაბიჯი შეთანხმებული იყო მომავალ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან.

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG