Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებს 2008 წლის ომს და რუსეთის აგრესიას უკრაინაში


ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამჟამად უკვე პირადად ავრცელებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“ და რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინის მიმართ სწორედ მას აბრალებს.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველომ გადაიტანა „ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად“:

„ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“.

ამის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა: „მათ ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს“.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.

„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა“, - განაცხადა ივანიშვილმა ორშაბათს, 29 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც მმართველი გუნდი უწოდებს „საყოველთაო-სახალხო შეკრებას“ დევიზით: „მამული, ენა, სარწმუნოება“.

XS
SM
MD
LG