Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2004-12 წლებში ქვეყანას უცხოური აგენტურა მართავდა - ივანიშვილი


ბიძინა ივანიშვილმა „აგენტების კანონის“ კონტრაქციის მონაწილეებს მიმართა.
ბიძინა ივანიშვილმა „აგენტების კანონის“ კონტრაქციის მონაწილეებს მიმართა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამჟამად უკვე პირადად ავრცელებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“ და აცხადებს, რომ 2004-12 წლებში საქართველოს „უცხოეთის აგენტურა“ მართავდა.

„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა“, - განაცხადა ივანიშვილმა ორშაბათს, 29 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც მმართველი გუნდი უწოდებს „საყოველთაო-სახალხო შეკრებას“ დევიზით: „მამული, ენა, სარწმუნოება“.

ეს არის კონტრაქცია უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტისა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში იმართება „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ“.

„არადემოკრატიული წესით გარედან დანიშნული ადამიანების გარედან მმართველობამ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა.

„სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20%. ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების სადისტური, არაპატრიოტული ბუნება იყო, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური, სადისტური დიქტატურა დააბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ... როცა მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი ენჯეოებისგანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა“, - განაცხადა მან.

ივანიშვილმა თქვა, რომ ეგონა, 2012 წელს შეასრულა მისია, მაგრამ „ეს მიღწევები არ აღმოჩნდა“: „პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“.

„2022 წლის დასაწყისიდან საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს“.

29 აპრილს დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „აგენტების კანონის“ პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას.

„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

XS
SM
MD
LG