Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი ჰამასს მოუწოდებს, დათანხმდეს ისრაელის საზავო წინადადებას


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს მოუწოდა, დროულად დათანხმდეს ისრაელის წინადადებას ღაზის ომში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მიერ დატყვევებული ისრაელელების გათავისუფლების თაობაზე.

ჰამასის წარმომადგენლები 29 აპრილს კაიროში შეხვედრებს მართავდნენ კატარის და ეგვიპტის შუამავლებთან, რათა პასუხი შეემუშავებინათ ისრაელის მხრიდან გასულ შაბათ-კვირას წამოყენებული, ეტაპობრივი ზავის წინადადებაზე.

"ჰამასის წინაშეა წინადადება, რომელიც არაორდინარულია, არაორდინარულად გულუხვი ისრაელის მხრიდან", - თქვა ბლინკენმა ალ-რიადში.

"ღაზის ხალხსა და ცეცხლის შეწყვეტას შორის ერთადერთი რაც დგას, არის ჰამასი. მათ უნდა გადაწყვიტონ და გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ", - აღნიშნა ბლინკენმა და დასძინა: "ვიმედოვნებ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ".

სააგენტო "როიტერსი" მოლაპარაკების მსვლელობაში გათვითცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის წინადადება ითვალისწინებს შეთანხმებას ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ 40-ზე ნაკლები მძევლის გათავისუფლებაზე იმ დაახლოებით 130 მძევლიდან, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, კვლავ ღაზაში რჩებიან.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზა უნდა იყოს "შენარჩუნებული სიმშვიდის პერიოდი" - ანუ ისრაელის კომპრომისული პასუხი ჰამასის მოთხოვნაზე მუდმივი ზავის შესახებ.

7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, მძევლად აიყვანეს 253 პირი, ისრაელის მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.

ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-მდე პალესტინელი შეეწირა.

პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

XS
SM
MD
LG