Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტ თეონა ბაკურიძის გათავისუფლება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო


ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე.
ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე.

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანის თეონა ბაკურიძის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება, ნაწილობრივ ბათილად ცნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. მეორე ინსტანციაში აჭარის ტელევიზიის ყოფილი ტელეწამყვანის საქმეზე კოლეგიის თავმჯდომარე იყო მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე, ხოლო წევრები - მოსამართლე ირმა პერანიძე და მოსამართლე ინდირა მაჩალეიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისის იურისტმა ანა ბერძენიშვილმა, რომელიც სასამართლოში თეონა ბაკურიძის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი შეკითხვაც არ დაუსვამს მოწმეებისთვის, მხარისთვის და მისი წარმომადგენლისთვის.

იურისტის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის ტელევიზიის იმდროინდელი (2020 წელს) დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებები თეონა ბაკურიძის სატელევიზიო საქმიანობიდან ჩამოშორების და მისი გათავისუფლების შესახებ.

ბაკურიძის სარჩელი სამსახურში აღდგენასაც ითვალისწინებდა, თუმცა სასამართლომ მისი ვერაღდგენის სანაცვლოდ, აჭარის ტელევიზიას დააკისრა თეონა ბაკურიძის ექვსი თვის განაცდურის კომპენსაცია.

„იქიდან გამომდინარე, რომ თეონა ბაკურიძე სხვა სამსახურში მუშაობს და ამასთანავე, მისი პოზიციით გათვალისწინებული შტატი დაკავებულია და სხვა პირია დანიშნული, სააპელაციო სასამართლომ ვერ აღადგინა თავის ადგილას და ამის სანაცვლოდ, აჭარის ტელევიზიას დააკისრა კომპენსაციის გადახდა“, - განმარტა ანა ბერძენიშვილმა.

იურისტმა გვითხრა, რომ როდესაც სასამართლოსგან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდებათ, სასამართლოში დავას გააგრძელებენ. მოსარჩელე მხარე თეონა ბაკურიძის მიმართ დისკრიმინაციის დადგენას მოითხოვს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

საქმე ის არის, რომ თეონა ბაკურიძის გათავისუფლების ფორმალური საფუძველი გახდა აჭარის ტელევიზიის იმდროინდელი თანამშრომლების, გიორგი აბაზაძის და ფირუზ ბოლქვაძის საკითხები. კერძოდ, იურისტის თქმით, ჟურნალისტს ედავებოდნენ, რომ „ეიჯიზმის ნიშნით დაჯაბნა გიორგი აბაზაძე და რამაც მისი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია, ასევე, გათავისუფლების საფუძველში გამოყენებული იყო სიტყვები: ბულინგი, შანტაჟი, მობინგი“.

როგორც ბერძენიშვილმა გვითხრა, საქმის განხილვის დროს აღმოჩნდა, რომ „არა მხოლოდ ბაკურიძეს, არამედ ტელევიზიის ყველა სხვა თანამშრომელს, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს იმყოფებოდა ტელევიზიის სამუშაო ოთახში, ჰქონდა იგივე შეკითხვა და დამოკიდებულება გიორგი აბაზაძის მიმართ. მათ შორის, მხოლოდ თეონა ბაკურიძე გაათავისუფლეს სამსახურიდან“. ანალოგიურ ფაქტზე დანარჩენ თანამშრომლებს კი სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, რაც ერთი თვის შემდეგ გააუქმეს.

ბაკურიძე კომპენსაციის თანხის რაოდენობის საკითხზეც აპირებს დავას.

თეონა ბაკურიძემ, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტია, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა: „უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება [აჭარის ტელევიზიიდან], მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო, რომელიც მოიგეს - 4 წელი. სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან“.

გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან 2020 წლის 13 მარტს გაათავისუფლა. კოხრეიძის დირექტორობის განმავლობაში, არხის არაერთმა თანამშრომელმა გააპროტესტა ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში გაჩენილი პრობლემები.

გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მუშაობის შემდეგ აირჩიეს. დირექტორობის 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“, საზოგადოებრივ მაუწყებელში ის აირჩია მეურვედ, 6-წლიანი ვადით.

XS
SM
MD
LG