Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია სანქციებს მოელის კომპანიებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში იფრენენ


ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი
ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმში იფრენენ.

როგორც მან აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტს ბლოკავენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები.

„არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO, ორგანიზაცია, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლას. შეიმუშავებს გარკვეულ საერთო წესებს და ა.შ. ეს ორგანიზაცია ამ პროექტს ბლოკავს. ეს პროექტი იბლოკება საქართველოს ინიციატივით და ამ პროექტს ბლოკავს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო. ამის მიუხედავად, აეროპორტის აღდგენაში გვეხმარება ჩვენი მოკავშირე (რუსეთი - რედ.). ამან შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სანქციები იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იფრენენ. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება“, - დასძინა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პროექტი აფხაზეთის "ეკონომიკურ იერსახეს შეცვლის".

„აფხაზეთი კიდევ უფრო პოპულარული გახდება. ამის არ უნდა გვეშინოდეს. ეს არის ჩვენი უპირატესობა, ჩვენი პლუსია. აფხაზი ხალხია აფხაზეთის ბატონ-პატრონი. აფხაზი ხალხი განსაზღვრავს, რა წესებით იქნება აქ ხალხი, თუნდაც დროებით. მთავარია ეს ხალხი იყოს“, - განაცხადა მან.

2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია. რაშიდ ნურგალიევს ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტი უკავია.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისი თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG