Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ Airbus-ს ნება დართო, მიუხედავად სანქციებისა, რუსული ტიტანი გამოიყენოს თვითმფრინავების საწარმოებლად


Airbus-ის ქარხანა ჰამბურგში. 23 თებერვალი, 2007.
Airbus-ის ქარხანა ჰამბურგში. 23 თებერვალი, 2007.

კანადის ხელისუფლებამ ავიაკოსმოსური მრეწველობის გიგანტ Airbus-ს უფლება მისცა, მიუხედავად სანქციებისა, რუსული ტიტანი გამოიყენოს თვითმფრინავების საწარმოებლად. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

Airbus-ს ეუწყა, რომ კანადის მთავრობამ სანქციები დაუწესა რუსეთის კომპანია VSMPO-AVISMA-ს და აუცილებელი უფლება მოიპოვა Airbus-ის ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სანქციების პირობებში, განაცხადა კომპანიამ.

კორპორაცია VSMPO-AVISMA მსოფლიოში ტიტანის უდიდესი მწარმოებელია. ის კანადის სანქციების სიაში 2024 წლის თებერვალში მოხვდა.

მარტში გამოაქვეყნეს განმარტებები, რომელთა ინტერპრეტაცია შეიძლებოდა ისე, რომ აკრძალვა შეიძლება გავრცელებულიყო თვითმფრინავებზეც, რომლებსაც მესამე ქვეყნებში, ძირითადად კანადის მოკავშირე ქვეყნებში აწყობენ, წერს Reuters-ი.

Airbus-ი ადრე არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ტიტანის ექსპორტს შეზღუდული მოგება მოაქვს რუსეთის ბიუჯეტისთვის, სამაგიეროდ მტკივნეულად დაარტყამს დასავლეთის ავიამშენებლობას.

ამავე დროს, როგორც Reuters-ი წერს, სანქციებიდან ასეთმა გამონაკლისმა შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მთავრობა. კანადაში ცხოვრობს მრავალრიცხოვანი და გავლენიანი უკრაინული დიასპორა, რომლის აზრს ანგარიშს უწევს ტრიუდო.

2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსული ტიტანის შესყიდვაზე უარი თქვა კორპორაცია Boeing-მა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მას ტიტანის საკმარისი მარაგი აქვს და სხვა მიმწოდებლებიც მოეპოვება.

იმავე წლის დეკემბერში Airbus-მა განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში აპირებს, უარი თქვას რუსეთისგან ტიტანის შეძენაზე. მაგრამ ეს დღემდე არ გაუკეთებია. Reuters-ის წყაროები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ Airbus-მა აშშ-ისა და იაპონიისგან დაიწყო მეტი ტიტანის შეძენა, მაგრამ აეროკოსმოსური სტანდარტებით მის სერტიფიცირებას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

გამოცემა Investigate Europe-ის მონაცემებით, Airbus-მა 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე რუსეთიდან განახორციელა თითქმის 23 მილიონი დოლარის ტიტანის იმპორტი, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია წინა პერიოდთან შედარებით.

XS
SM
MD
LG