Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ამ კანონის მიღება აუცილებელი პირობაა, რომ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე


23 აპრილი, 2024 წელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრის დასრულების ღონისძიებაზე.
23 აპრილი, 2024 წელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრის დასრულების ღონისძიებაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „აგენტების კანონის“ შესახებ კიდევ ერთხელ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. მაშინ, როდესაც საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“, კობახიძე ამტკიცებს, რომ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელი პირობაა.

„[„აგენტების კანონის“ მიღება] არათუ საფრთხეს არ შეუქმნის [ევროინტეგრაციას], პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე... ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, ვერ მივიღებდით ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩის დემარში იყო, „წითელი ხაზიაო“, ასე თქვეს, 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით...

აქაც ხდება იგივე, რომ ტყუილი: ვითომ ეს კანონი არ ვარგა, ეს ერთი. მეორე - არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ, გაიხსნება მოლაპარაკებები...“ - თქვა კობახიძემ.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ხელისუფლების გამო მიენიჭა.

„ჩვენ, რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, - აღნიშნა კობახიძემ და ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვას: „და არა ქართველი ხალხის გამო?“ კობახიძემ უპასუხა: „რა შუაშია. 85% ემხრობა, მაგრამ... სომხეთი რატომ არ იღებს კანდიდატის სტატუსს?! იმიტომ, რომ ხელისუფლებას აქვს სხვა პოზიცია. ამიტომ ხელისუფლება არის მთავარი“.

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა 22 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნება" მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

XS
SM
MD
LG