Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონს ჰპირდება


საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები

ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა. ფონდის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს“, - წერია განცხადებაში.

ამ დაპირებას წინ უსწრებდა ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე. ამ გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ხელახლა დააინიციირა ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები და საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევენ.

17 აპრილს, მაშინ, როცა ამ კანონპროექტს პარლამენტი უყრიდა კენჭს, ნაკრების ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები.

  • „საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“, - წერდა ხვიჩა კვარაცხელია;
  • „არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას!" - წერდა ბუდუ ზივზივაძე.

მაშინ, როცა ათასობით ადამიანი „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად ქუჩაში გავიდა, ფეხბურთელებმა კი მსგავსი შინაარსის პოსტები დაწერეს, მმართველი პარტია შეეცადა ეს განცხადებები საკუთარ მხარდაჭერად წარმოეჩინა.

XS
SM
MD
LG