Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა რუსულ კანონს" - აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პარლამენტთან დაასრულეს


საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან. 22 აპრილი, 2024 წელი
საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან. 22 აპრილი, 2024 წელი

"აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად 22 აპრილს მორიგი აქცია-მსვლელობა მოეწყო თბილისში. იგი, ტრადიციულად, პარლამენტთან დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ 23 აპრილს, საღამოს 7 საათზე, ისევ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ.

''ყველამ დავწეროთ თითო პოსტი: ყველანი პარლამენტთან! ყველამ წამოვიყვანოთ თითო მეგობარი! საქართველოს გაუმარჯოს! არა რუსულ კანონს!" - გაჟღერდა მოწოდება.

მანამდე აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე და შემდეგ მივიდნენ სასტუმრო “ტიფლის პალასთან”, სადაც, მათი თქმით, რუსეთის ინსტიტუტი "ტრადიციული ფასეულობების" ფორუმს მართავდა.

დემონსტრანტები ასევე მივიდნენ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ცენტრალურ ოფისთან. მათ ადგილზე მობილიზებული დახვდათ პოლიცია, რომელსაც შენობასთან მისასვლელი გზა ჰქონდა გადაკეტილი.

მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ შსს-ს თანამშრომლები "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

"მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - წერია შსს-ს განცხადებაში.

მეხუთე დღეა სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 22 აპრილიდან საპროტესტო მუხტი უნივერსიტეტების აუდიტორიებში გადაინაცვლებს და ასე მოემზადებიან პარლამენტში „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციებზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო „ქართული ოცნება“ „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებენ.

საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა - 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ.

18 აპრილიდან კი საკუთარი ინიციატივით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ ახალგაზრდები და მოითხოვენ „აგენტების კანონის“ გაწვევას.

XS
SM
MD
LG