Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რუსი მესაზღვრეები დატოვებენ სომხეთის ტავუშის რეგიონს


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ერევანი, 20 მარტი, 2024.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ერევანი, 20 მარტი, 2024.

რუსეთის მესაზღვრეები დატოვებენ სომხეთის ტავუშის რეგიონში აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეები ერთად შეძლებენ საზღვრის დამოუკიდებლად დაცვას.

ფაშინიანმა განმარტა, რომ რუსულ სასაზღვრო პუნქტებს საზღვრისპირა ზონიდან გაიყვანენ მას შემდეგ, რაც იქ მოხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია და შემდგომი დემარკაცია. პრემიერს ზუსტი თარიღები არ დაუსახელებია.

„რუსული პოსტები იქ ერთი მიზეზის გამო გაჩნდა. რაც ახლა ხდება, არის სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს შეხების ხაზი, გვაქვს საზღვარი და საზღვარი მშვიდობის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და დამოუკიდებლად შეძლებენ საზღვრის დაცვას“, - ციტირებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ფაშინიანს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრების გავლებაზე სომხეთის ტავუშის რეგიონის ოთხი სოფლისა და აზერბაიჯანის ყაზახის რეგიონის ოთხი სოფლის მონაკვეთებზე. საზღვრის დელიმიტაციის ხელშეკრულება დაეფუძნება ალმა-ატის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში განისაზღვრებოდა.

მარტის ბოლოს რუსეთის ელჩმა სომხეთში, სერგეი კოპირკინმა განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების სადამკვირვებლო პუნქტები განლაგდა ფაშინიანის პირადი მოთხოვნით და რუსეთის ხარჯზე. კოპირკინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხურ მხარეს ჯერაც არ მოუხდენია რუსული სადამკვირვებლო პუნქტების განთავსების ლეგალიზება.

მარტის დამდეგს სომხეთმა რუსეთს ოფიციალური წერილი გაუგზავნა ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ.

მოსკოვმა და ერევანმა 1993 წლის სექტემბერში გააფორმეს შეთანხმება სომხეთში რუსეთის სასაზღვრო ჯარების სტატუსის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ერევანი რუსეთს უფლებას აძლევდა გაეკონტროლებინა სომხეთის საზღვარი თურქეთთან და ირანთან. სომხეთში რუსი მესაზღვრეების ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ორივე ქვეყნის მთავრობა სწევს.

ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა დაიწყო ყარაბაღიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა. სამხედრო პერსონალი იქ 2020 წლის შემოდგომიდან იმყოფებოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ - ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის შეთანხმების საფუძველზე. მათი სტატუსი განისაზღვრა, როგორც სამშვიდობო ძალებისა.

2023 წელს აზერბაიჯანმა რეგიონში ჩაატარა სამხედრო ოპერაცია, რის შედეგადაც დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღზე, ხოლო მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ, რომელშიც ძირითადად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობდა, არსებობა შეწყვიტა. დაახლოებით 120 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები აზერბაიჯანის მხრიდან დევნის შიშით. ამასთან, ბაქომ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და არ დატოვონ სახლები.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ არის ხელმოწერილი.

XS
SM
MD
LG