Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის 5 აქცენტი „აგენტების კანონზე“ - რა და ვის ბრალდება


​​​​​​​სუვერენიტეტის დაცვა, უკრაინიზაციის თავიდან არიდება, მოტყუებული ხალხი - „ოცნება“ „აგენტების კანონის" გამართლებასა და ხალხის მასშტაბური პროტესტის ახსნას ცდილობს. პრემიერ კობახიძის აქცენტების ძირითადი ნაწილი სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ბრალდებებს ეფუძნება.

ეს ბრალდებები სამართლებრივად დაუდასტურებელია.

მმართველი პარტია უმცირესობაში აღმოჩნდა. მის ქმედებებს მხოლოდ რუსეთში ამართლებენ.

„ქართული ოცნების“ რიტორიკის, გეგმებისა და ქმედებების რეალურ ფაქტებთან შეუსაბამობა დისკუსიების საგანია საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებენ თბილისს, რომ „აგენტების კანონის“ დამტკიცება საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს. თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

რადიო თავისუფლება გამოყოფს 5 აქცენტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 17 აპრილის პრესკონფერენციიდან.

#1 უკრაინიზაციისგან დაცვა უმთავრესი მიზანი

„საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას“ ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის [„აგენტების კანონის"] უმთავრეს მიზნად ასახელებს.

„ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ - ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა - დღეს საქართველო იქნებოდა, პასუხს ვაგებ, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ასევე ევროინტეგრაცია“, – აცხადებს კობახიძე და უკრაინიზაციის თავიდან აშორებას „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელ პირობად“ განიხილავს.

„უკრაინიზაციის თემა მათი [„ქართული ოცნების“] იმ ლოგიკის გაგრძელებაა, რომ თითქოს თავად არიან ერთადერთი მთავრობა, რომელსაც შეუძლია რუსეთის ინტერვენციისგან საქართველოს დაცვა, რაც, მათი ლოგიკით, უკრაინამ და [მიხეილ] სააკაშვილმა ვერ აიცილეს თავიდან", - გვეუბნება ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე. პრემიერის სიტყვებში ის „უკრაინის დადანაშაულებასაც" ხედავს - რომ ვერ გაატარა მშვიდობიანი პოლიტიკა.

„რუსეთის არგაღიზიანების ლოგიკის ნაწილია, როცა ამბობს, რომ თუკი საქართველომ ეს [უკრაინიზაციის თავიდან აშორება] ვერ შეძლო, ევროკავშირში ვერ შევალთო“, - განმარტავს მუჩაიძე.

ამერიკული და ევროპული ფონდების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის რევოლუციურ გეგმებზე „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს.
ამავე კონტექსტში განიხილება მესამე სექტორის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის ხელშეწყობის ბრალდებებიც.
ეს ბრალდებები მხოლოდ ზეპირია. სამართლებრივად დადასტურებული არ არის.

„ფაქტობრივად, [ირაკლი კობახიძე] ლაპარაკობს იმაზე, რომ უარი ვთქვათ ევროინტეგრაციაზე - რუსების შიშით“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე, მაგრამ მისთვის ცხადია, რომ - „რუსულ ვექტორს თუ აირჩევ, რუსები ზუსტად მაშინ შემოვლენ და გაბატონდებიან საქართველოში“.

ექსპერტისთვის ცხადია ისიც, რომ „რუსეთი სახიფათო მეზობელია“ და „დასავლეთიც არ არის ყოველთვის თანმიმდევრული“, მაგრამ "საქართველოსთვის დამღუპველი იქნება ვექტორის შეცვლა", ხოლო საფრთხეების პრევენცია - „სიფრთხილითა და წინდახედულებით“ სავსებით შესაძლებელია.

უკრაინიზაციაზე ლაპარაკისთვის კობახიძეს კიევიდან უსაყვედურეს.

"ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ხსენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითური „უკრაინიზაცია“, - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

#2 სუვერენიტეტის დაცვა

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ვერაფერი დაუდგება წინ“სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და, შესაბამისად - [უცხოეთის აგენტების შესახებ] კანონის მიღებას“ .

ასევე მისი სიტყვებია, რომ „ევროპულთან ერთად, ეს კანონპროექტი არის ქართული, რადგან იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს - ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი“.

„ოცნების“ მიერ ინიციირებული სადავო კანონპროექტი, ექსპერტების შეფასებით, ეროვნული სუვერენიტეტის გარანტად ვერ გამოდგება - ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტი ხალხია, ხოლო „აგენტების კანონი“ არა - ხალხის, არამედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

„ეს არის ფალსიფიკაცია, ცნებების შეცვლა, როგორც „ქართული ოცნება“ ამას წარმოადგენს. მას სურს, რომ თავად გახდეს სუვერენი. სინამდვილეში, ეს კანონი „ქართული ოცნების“ ვიწრო ჯგუფის ინტერესია და მოაქვთ ისე, რომ ვითომ ეს არის ეროვნული ინტერესი.

მათი [„ოცნების"] ინტერესია მომავალი არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი პრესის მოშორება. მათ დღემდე ვერაფერი მოუხერხა ბიძინა ივანიშვილმა. ახლა ამას თუ გააჩუმებს - ბოლო ლამპიონი ჩაქრება და ქვეყანაში იქნება სრული სიბნელე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსანდრე კუხიანიძე.

საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტად ექსპერტები ასევე ასახელებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარებას უზრუნველყოფენ; ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია ოკუპაციის ხაზთან დგას; ხოლო „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ დასავლეთსა და დამპყრობელ რუსეთს ერთ ქვაბში ხარშავს“.

„ოცნების“ ღია მხარდაჭერას განაგრძობს მოსკოვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის "ოცნების" კანონი "ურბილესია".

ნებისმიერი ქვეყანა, თუკი მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს თავისი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება აქვს, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსია შიდა საქმეებში გარე ჩარევის აკრძალვა. კანონის მიღების მოწინააღმდეგეები ცალსახად სხვა სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებენ და ნამდვილად - არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით“, - დაწერა რუსეთის დუმის თავმჯდომარემ - ვიაჩესლავ ვოლოდინმა თავის ტელეგრამარხზე.

#3 აქციები - სუვერენიტეტის არგანმტკიცება

„35 წლის წინ ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით - არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს“, - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეები „სისხლიანი რეჟიმის“ წარმომადგენლებს „გამოჰყავთ და აყენებინებენ“ მოთხოვნას გამჭვირვალობის წინააღმდეგ.

პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს „გულწრფელ“ და „შეცდომაში შეყვანილ“ მომიტინგეებზეც, რომლებიც „წაუკითხავ კანონს“ მეორედ აპროტესტებენ [2023 წლის მარტში - კანონპროექტის პირველად წარდგენისას და წელს - კვლავ წარდგენისას]. იქვე კობახიძე მადლობას უხდის სამართალდამცველებს - წესრიგის დაცვისთვის და პირობას დებს, რომ მოძალადეები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

წინასწარი ინფორმაციით, 16 აპრილის აქციაზე სპეცრაზმელებმა ათობით ადამიანს სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. მძიმედ ნაცემები საავადმყოფოში მოხვდნენ.
გამოძიება დაწყებულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
აქციებზე, 3 დღის განმავლობაში [15-17 აპრილს] 40 დემონსტრანტი დააკავეს.
ოფიციალური ინფორმაციით, აქციებზე დაშავდა ხუთი სამართალდამცველი, მათგან ორი საავადმყოფოშიც მოხვდა.

„ხომ წყნარად იყო ყველაფერი და სადავო კანონის კვლავ წამოყენებით მიიღეს ის, რომ საქართველო ისევ დუღს. არ გამოვრიცხავ, რომ კრემლის პირდაპირი მითითება იყოს.

მაგრამ კრემლის ინტერესები ემთხვევა მმართველი გუნდის ინტერესებს, რომელსაც ამ კანონის მიღება აწყობს არჩევნებისთვის, სამოქალაქო კონტროლის გასანადგურებლად“, - ეუბნება ალექსანდრე კუხიანიძე რადიო თავისუფლებას.

გიორგი მუჩაიძე დარწმუნებულია, რომ რუსთაველის გამზირზე დგანან არა მოტყუებული ადამიანები, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც „აგენტების კანონის“ დამაზიანებელ შედეგს იაზრებს; პირველ რიგში - ევროინტეგრაციის შეფერხებას.

დანარჩენები კი, მუჩაიძის თქმით, დამაზიანებელ შედეგებს თანდათან საკუთარ თავზეც იგრძნობენ, თუკი "ოცნება" კანონს დაამტკიცებს:

„[ყველა იგრძნობს] როცა: სახელმწიფო პოლიტიკის ნაცვლად გატარდება ერთი კაცისა და მმართველი პარტიის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა; დაიხშობა სივრცე აზრის გამოთქმის და ანალიზის; ბიუჯეტის ფული ძირითადად მათ ჯიბეებში იტრიალებს და არა ხალხის საკეთილდღეოდ და ვინც ამის საწინააღმდეგოდ ხმას ამოიღებს - მას უკვე იოლად გაუმკლავდებიან ამ კანონისა და მოხვეჭილი ძალაუფლების საშუალებით და დამცველი აღარავინ იქნება“.

#4 ევროპელებს და ამერიკელებს არგუმენტები არა აქვთ

„რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სამწუხაროა, რომ არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი... არცერთი არგუმენტი კანონის [„უცხოეთის აგენტების კანონი“ - რ.თ.] წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი, ნული არგუმენტი... გეუბნებიან, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ?“ - თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ხელისუფლების „გადაწყვეტილებების გადასინჯვის საფუძველი“.

ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს და ისხლეტს საერთაშორისო პარტნიორების არგუმენტებს და „მას გარკვევით აუხსნეს ევროკავშირმა, ნატომ თუ აშშ-მა, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ და ზოგადად საერთაშორისო სტანდარტებს“.

„ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი [FARA] თუ ევროკავშირის კანონპროექტი [მსჯელობის ეტაპზეა - რ.თ.] შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს ახორციელებენ, უშუალოდ ლობისტები არიან და არანაირად არ შეეხება ადგილობრივ მედიას. იქ რეგისტრაციის საჭიროება საქმიანობის ტიპის მიხედვით განისაზღვრება და „ქართული ოცნების“ კანონპროექტში ყველას შეეხება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე.

ევროკავშირის, ნატოს, აშშ-ის, გაეროს, ევროსაბჭოს, ევროპული დედაქალაქების საერთო შეფასებაა, რომ „აგენტების კანონი“ დააშორებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 12 აპრილს განუმარტა ბერლინში ჩასულ ირაკლი კობახიძეს, რომ „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა“ და მართალია, „არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში“, მაგრამ ეს „სრულიად სხვა კონცეფციაა და ჯერჯერობით არ არის, ალბათ არც იქნება გადაწყვეტილი“.

„ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია“, - წერია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, 17 აპრილს გამოქვეყნდა.

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს”, - წერია განცხადებაში.

კობახიძე მაინც ამბობს, რომ „ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი ევროპულია.

#5 გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტერს და მეგობარს

„გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან მტრებს და მეგობრებს. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, ბუნებრივია; მათ შორის, კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზეც“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ.

ის ვერ ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების განმარტებებს, რომ ყველა პროექტის ხარჯი ისედაც სრულად გამჭვირვალეა, საჯაროა და სახელმწიფოს იოლად მიუწვდება ხელი.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემების შემოწმების შედეგად დაუსაბუთებელი ხარჯიც აღმოაჩინეს, რომლის შესახებაც სახელმწიფოს სტრუქტურებმა არაფერი იცოდნენ. არ სახელდება კონკრეტული ორგანიზაციები.

„არსებობს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, 15-20 დოკუმენტი, რომლებიც ავალდებულებს ორგანიზაციებს ფინანსურ ანგარიშგებას, მათ შორის - შემოსავლების სამსახურის მიმართ. შესაბამისი დეკლარაციები იგზავნება ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად... თუკი საჭიროა ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის გაზრდა, მაშინ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და შესაძლო ცვლილებებზე კანონმდებლობაში.

და სრულიად გაუგებარია - რა საჭიროა ამ ფინანსურ ანგარიშგებასთან იუსტიციის სამინისტრო და იქ დარეგისტრირების ვალდებულება - თანაც უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციასთან. რა შუაშია ეს ფინანსურ გამჭვირვალობასთან?!“, - რიტორიკულ შეკითხვას სვამს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე. შესაბამისად, მისთვის სრულიად არადამაჯერებელია ხელისუფლების მიერ დასახელებული გამჭვირვალობის მიზანი.

„ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს, როგორიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია. მას შეესაბამება არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსი.
საქართველოში დარეგისტრირებულია 20 ათასამდე ასეთი ორგანიზაცია.

ექსპერტები ცუდ სიმპტომად თვლიან ტოლობის ნიშანს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის. თვლიან, რომ ასეთი მიდგომით „მტერი ძლიერდება“.

ცალკე საკითხია მიზანმიმართული დემონიზება.

სწორედ ამ ჭრილში განიხილავენ ექსპერტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და მათ შორის - ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ ბრალდებებს, რომ ამერიკული და ევროპული ფულით დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი ეკლესიას ებრძვის, ლგბტ პროპაგანდას ეწევა, არყევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მხარს უჭერს მეორე ფრონტის გახსნას, ხელს უწყობს პოლარიზაციას.

ამ ბრალდებებს სხვადასხვა დროს არაერთხელ უპასუხეს თავად მესამე სექტორის წარმომადგენლებმა - აბსურდული და უსაფუძვლო უწოდეს.

„ცხადია, საქართველოშიც მოხდება იგივე, რაც რუსეთში მოხდა [გააჩუმეს კრიტიკული ხმა]... იმიტომ უწოდებენ ამას რუსულ კანონს, რომ ეს გზა ნანახი აქვთ, ნასწავლი აქვთ რუსეთის მაგალითზე [საერთაშორისო პარტნიორებს]“, - ეუბნება გიორგი მუჩაიძე რადიო თავისუფლებას.

რუსეთში 2012 წელს მიღებული „უცხოეთის აგენტების კანონი“ თანდათან მძიმდებოდა და პიკს 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაღწია. რუსეთში „უცხოეთის აგენტებს“ უწოდებენ ყველა ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. ამ კანონის მოქმედების შედეგად, რუსეთში დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია.

კობახიძემ თქვა, რომ მთავრობის მუშაობა სრულად გამჭვირვალეა.

სამოქალაქო სექტორი კი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - აღარ დამალონ ტენდერებთან დაკავშირებული ინფორმაცია, თანამდებობის პირების მშობლების ქონება თუ მოსამართლეების შემოსავლები.

ბოლო წლებში მედიისთვის სულ უფრო ხელმიუწვდომელი გახდა საჯარო ინფორმაცია, კანონში გაწერილი ვალდებულებების მიუხედავად. სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვისას პრობლემები ძალიან ხშირად ექმნება რადიო თავისუფლებასაც.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციაზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო "ქართული ოცნება" "გამჭვირვალობის" კანონს უწოდებს.
საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს, „აგენტების კანონი“, პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა - 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG