Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაურის თქმით, პოლიციელების მიმართ სიტყვიერმა შეურაცხყოფამ გამოიწვია აქციაზე „დაპირისპირება“


ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ილაპარაკა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაზე“. მინისტრმა ამის მიზეზად დაასახელა სამართალდამცველების მიმართ „გაჟღერებული გაუგონარი შეურაცხყოფა“.

„16 აპრილს, გვიან ღამით, მაშინ, როცა სრულდებოდა აქცია, [აქციის] მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ, იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ ნამდვილად. ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი, ნამდვილად, დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა პოლიციის ქმედებები პოლიციელთა მისამართით გამოყენებული შეურაცხმყოფელი სიტყვებით ახსნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI) 19 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „16-17 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ 16 აპრილის ღამეს, როცა აქცია, ფაქტობრივად, დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყამენ, მათ შორის, დიმიტრი ბერიძეს და როგორ ეხეთქება იგი დავარდნისას კედელს.

16 აპრილის ღამის საათებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 16 აპრილის აქციაზე დაკავებული 16 პირიდან 11 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და რეაგირებას ითხოვდა. დამატებით სამი დაკავებულიც მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე, თუმცა მათ ინფორმაციის კონფიდენციალურობა მოითხოვეს და რეაგირებაზე უარი განაცხადეს.

DRI-ის შეფასებით, 16-17 აპრილს დაკავებულების მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

17 აპრილს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე“.

XS
SM
MD
LG