Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: ირანის ბირთვული ობიექტები აფეთქებების შედეგად არ დაზიანებულა


სოციალური მედიით გავრცელებული კადრები, სავარაუდოდ, ასახავს აფეთქებებს ისპაანის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზის არეალში. 19 აპრილი. 2024 წელი
სოციალური მედიით გავრცელებული კადრები, სავარაუდოდ, ასახავს აფეთქებებს ისპაანის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზის არეალში. 19 აპრილი. 2024 წელი

ირანში აფეთქებების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა.

აშშ-ის მედიის თანახმად, ისრაელმა ირანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

ირანის მედია ქვეყანაზე თავდასხმას უარყოფს, მაგრამ იტყობინება დრონების ჩამოგდების შესახებ.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ X-ით გაავრცელა თავისი ხელმძღვანელის, რაფაელ როსის მოწოდება მხარეების მიმართ, რომ თავი შეიკავონ. ატომური ობიექტები სამხედრო კონფლიქტებისას არასოდეს შეიძლება სამიზნე იყოს, წერს ატომური სააგენტო.

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ამოქმედდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ისპაანის რეგიონში განთავსებულია ირანის სამხედრო ბაზები და ბირთვული ობიექტები. არსებული ცნობებით, ამ რეგიონში რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, სააგენტო Tasmin-ი იტყობინებოდა, რომ თავდასხმა უცხოეთიდან არ მომხდარა.

ირანზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შესახებ ცნობებს აშშ-ის მედია, ABC და CNN-ი, ავრცელებს.

ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა, აცნობა CNN-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რაც რეგიონში სამხედრო ესკალაციის საშიშროებას ქმნის. მაღალი რანგის მეორე ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობას CNN-ი არ ამხელს, განაცხადა, რომ აშშ-ს ისრაელის მხრიდან თავდასხმის შესახებ გასულ დღეებში აცნობეს, მაგრამ მას პასუხი არ მიუცია.

New York Times-ი ისრაელის და ირანის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისპაანთან სამხედრო ბაზას დაარტყეს. იქვეა ცნობა, რომ არ არის ცნობილი თავდასხმების დეტალები.

ისრაელის არმიას ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ირანზე თავდასხმას განიხილავენ "დიდი შვიდეულის"( G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ, რომლის ქვეყანაც შეხვედრას მასპინძლობს.

მისი თქმით, G7-ს ახლო აღმოსავლეთში „აბსოლუტური დეესკალაცია“ სურს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ავსტრალიის მთავრობამ ასევე მოუწოდეს მათ თავი შეიკავონ კონფლიქტის ესკალაციისგან.

ომანმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შუამავლის როლს ასრულებს, დაგმო ისრაელის თავდასხმა ირანზე, ისევე როგორც ისრაელის "განმეორებითი სამხედრო თავდასხმები რეგიონში". ეგვიპტე „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო.

ჩინეთმა განაცხადა, რომ „განაგრძობს კონსტრუქციულ როლს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციაში“. ჩინეთი ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მისი ნავთობის მთავარი მყიდველი. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდა პეკინს, გამოიყენოს თავისი გავლენა თეირანზე რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად.

სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, როცა ირანის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი იქნა მოკლული, ირანმა ისრაელს ბრალი დასდო და დაემუქრა, რომ შურს იძიებდა. გასულ შაბათ-კვირას ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა, მაგრამ მოკავშირეების დახმარებით ისრაელმა ის მოიგერია, გააუვნებლეს თითქმის ყველა დრონი და რაკეტა. დასავლეთის ქვეყნები - აშშ, ბრიტანეთი, ასევე გერმანია - მოუწოდებდნენ ისრაელს, უარი ეთქვა ირანზე მასიურ თავდასხმაზე, რადგან ამას შეიძლებოდა სამხედრო ესკალაცია მოჰყოლოდა.

XS
SM
MD
LG