Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსული ბომბდამშენი უკრაინიდან 300კმ-ში ჩამოაგდეს


ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენის ფრაგმენტების ფოტო ტელეგრამით გაავრცელა სტავროპოლის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა.
ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენის ფრაგმენტების ფოტო ტელეგრამით გაავრცელა სტავროპოლის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსული ტუ-22მ3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი უკრაინიდან დაახლოებით 300 კილომეტრში ჩამოაგდეს.

სამხედრო დაზვერვის საიტზე წერია, რომ ბომბდამშენი, რომელიც 19 აპრილს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევაში მონაწილეობდა, საჰაერო ძალებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჩამოაგდეს.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, დარტყმის შემდეგ ბომბდამშენმა რუსეთის სტავროპოლის მხარემდე მიღწევა შეძლო და საბოლოოდ იქ ჩამოვარდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ტუ-22მ3-ს დაარტყეს იმავე საშუალებებით, რომლებიც ადრე გამოიყენეს კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავის, რადიოლოკაციური ა-50-ის გასანადგურებლად. უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამ საშუალებებს არ აკონკრეტებს.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმირებული წყაროების ცნობით, ეს საშუალება შორ მანძილზე მოქმედების სარაკეტო კომპლექსი ეს-300-ია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველომდე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

რუსეთის სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ დაიღუპა ტუ-22მ3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ თვითმფრინავის, სავარაუდოდ, ტექნიკური მიზეზით ავარიის შესახებ დილით განაცხადა.

გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული „დაზუსტებული მონაცემებით“, ოთხი მფრინავიდან ერთი დაიღუპა, ერთის ძებნა კი გრძელდება. ვლადიმიროვის თანახმად, ეკიპაჟის ორი წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ სტავროპოლის მხარეში, დაუსახლებელ რაიონში, ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, ეკიპაჟის სამი წევრი ევაკუირებულია, ერთის ძებნა კი გრძელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

XS
SM
MD
LG