Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუპრაძე და ხასაია გაათავისუფლეს, მათი სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო


საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 16 აპრილი, 2024 წელი
საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 16 აპრილი, 2024 წელი

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია. მათი სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო.

ისინი 16 აპრილს დააკავეს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ "უმიზეზოდ" დააკავეს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანის მიშველებას ცდილობდა.

"სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა - ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პოლიციელების მხრიდან დაკავების დროს ძალადობაზე ილაპარაკა "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა გელა ხასაიამ. როგორც ის "ტვ პირველთან" საუბარში იხსენებს, ერთ-ერთმა ნიღბიანმა სამართალდამცავმა უთხრა: "დაგპირდი, რომ გცემდი და ზუსტად ამას ვასრულებ ახლაო".

"ჩემზეც ფიზიკურად იძალადეს. დაკავების მომენტში ვიდექი რობოკოპების წინ, ხელაწეული ვიდექი, როგორც სხვა ადამიანები, ჩემგან გაუგებრად მომვარდა პოლიციელი, რომელმაც ხელი მკრა, შემდეგ უკვე აღმოვჩნდი ნიღბიანი ადამიანების წრეში", - ამბობს ხასაია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 16 აპრილის საპროტესტო აქციაზე დაკავებული სხვა პირების სასამართლო სხდომები.

ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად ხალხმრავალი აქციები 15-17 აპრილს გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ.

17 აპრილს მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა.

16 აპრილის აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აპრილის აქციებზე „სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“.

უწყების პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით:

„ყველა პირის საჩივარზე ვახდენთ რეაგირებას და საგამოძიებო პროცესი მიდის აქტიურად. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“.

XS
SM
MD
LG