Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების სპეციალისტს


კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2021 წ. 19 ივლისს გავრცელებული ვიდეოდან, რომელზეც, როგორც იტყობინებიან, ნაჩვენებია ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა "ცირკონის" გაშვება თეთრ ზღვაში მყოფი სამხედრო გემიდან.
კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2021 წ. 19 ივლისს გავრცელებული ვიდეოდან, რომელზეც, როგორც იტყობინებიან, ნაჩვენებია ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა "ცირკონის" გაშვება თეთრ ზღვაში მყოფი სამხედრო გემიდან.

სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ შვიდი წლით მკაცრი რეჟიმის კოლონია მიუსაჯა 76 წლის ფიზიკოს ალექსანდრ კურანოვს. ის დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატის საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოების პრესსამსახურის ხელმძღვანელი დარია ლებედევა იტყობინება.

ბრალდების დეტალები არ არის ცნობილი, საქმე გასაიდუმლოებულია და დახურულ რეჟიმში განიხილებოდა. დაპატიმრების მომენტში კურანოვი მანქანათმშენებლობის „ჰიპერბგერითი სისტემების სამეცნიერო-კვლევითი საწარმოს“ გენერალური დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი იყო, ის ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტია.

კურანოვი ავტორია 120-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და პატენტისა, რომელთა უმრავლესობა ჰიპერბგერას ეძღვნება. 2021 წელს მისი დაპატიმრების მომენტისთვის მისი ხელმძღვანელობით მოქმედი საწარმოს შტატი ხუთ ადამიანამდე შეამცირეს, ნავარაუდევი იყო მისი დაშლა, წერდა „ნოვაია გაზეტა“.

2024 წლის თებერვლისთვის რუსეთში დააპატიმრეს მინიმუმ 12 მეცნიერი, რომლებიც მუშაობდნენ ფიზიკურ პროცესებზე ჰიპერბგერითი სიჩქარეების პირობებში. ყოველ მათგანს სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. მოსკოვმა მსოფლიოში პირველმა გამოაცხადა, რომ შეიარაღებაში აქვს ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები. მათი გამოყენების შედეგებს ექსპერტები არაერთგვაროვნად აფასებენ.

XS
SM
MD
LG