Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​​უკანასკნელ ამოსუნთქვამდე​


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

​​რუსულ კანონთან შედარებით გეორგიევსკის ტრაქტატი კანფეტი იყო. იმ ტრაქტატში რაღაც სახეს კიდევ ვინარჩუნებდით, ფურცელზე მაინც.​

საშინელი ტკივილია მეგობრის, მშობლის, შვილის დაკარგვა. მაგრამ როგორი ტკივილია სამშობლოს დაკარგვა? სამშობლოსი, რომელიც ერთდროულად არის შენი მეგობარიც, მშობელიც, შვილიც. რა გულმა უნდა გაუძლოს ყველას ერთად დაკარგვას?​

არის​ ​სიდიდეები​, ​რომელთაც​ ​ვერაფრით​ ​ჩაანაცვლებ​. ​მათი​ ​დაკარგვა​ ​ხვრელებს​ ​გიჩენს​ ​გულში​. ​და​ ​რაც​ ​დრო​ ​გადის​, ​ემატება​ ​და​ ​ემატება​ ​ამ​ ​გულს​ ​ნახვრეტები​. ​ემატება​ ​და​ ​არ​ ​აკლდება​. ​მაგრამ​ ​ახლა​ ​ის​ ​შემთხვევაა​, ​როცა​ ​თვითონ​ ​გულს​ ​გაგლეჯენ​ ​საგულიდან​.

გული​ ​კბილი​ ​არ​ ​არის​, ​რომ​ ​უიმისოდ​ ​იცხოვრო​. ​კბილს​ ​რომ​ ​ამოიღებ​, ​მერე​ ​ენა თავისით​ ​მოძებნის​ ​ხოლმე​ ​იმის​ ​ადგილას​ ​გაჩენილ​ ​სიცარიელეს​. ​გულის​ ​ადგილას​ ​გაჩენილ​ ​სიცარიელეს​ ​კი​ ​რა​ ​მოძებნის​?

სულ მეგონა, სამშობლოს ვერსად გაექცეოდი და, სადაც უნდა წასულიყავი, მუდამ ზურგით ათრევდი მას, როგორც ლოკოკინა ნიჟარას. თურმე, ვცდებოდი. თურმე, შეიძლება მისი დაკარგვა. აუტანელი ტკივილია, როცა მოდის ვიღაც საზიზღარი და ერთბაშად გართმევს ყველაფერს, რაც გებადა.​

სწორედ ამიტომ არ შეიძლება ახლა ხელების ჩამოყრა. ჩემდა თავად ოპტიმიზმით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ მეც კი ვხედავ, რომ დღეს გაერთიანებას არა აქვს ალტერნატივა. წარღვნისას მაინც დავივიწყოთ პირადი წყენები და ერთმანეთის გვერდით დავდგეთ. ნუთუ მართლა გაგვაუქმეს? ნუთუ მართლა დამთავრდა ჩვენი ქვეყნის ისტორია? ნუთუ მართლა დადგა სამშობლოს დაისი?

მთელი ჩვენი დღე და მოსწრება სულ რაღაცას გვართმევდნენ, მისხალ-მისხალ მიჰქონდათ ის, რისგანაც შევდგებოდით, და ჩვენც მუდამ ვეჩვეოდით იმ მისხლების გარეშე ცხოვრებას. ის კი არა, სრულიად უტვინოდაც კი ვისწავლეთ არსებობა. ერთი გულიღა დაგვრჩა, და ისიც თუ ამოგვიღეს, აღარაფერი დარჩება ჩვენგან.​

თუ გვინდა, რომ ვაჟას „არწივი“ დარჩეს დიდი პოეტის საბავშვო ლექსად და არ იქცეს ჩვენი ტრაგიკული სინამდვილის პორტრეტად, დავდგეთ ერთად, თუნდაც დროებით, ოღონდაც ამ წარღვნას გადავურჩეთ როგორმე. არასდროს ყოფილა დუმილი ისეთი დანაშაული, როგორც დღეს.​

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG