Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეებმა „აგენტების კანონის“ გასაწვევად „ქართულ ოცნებას“ ვადა 22:30 საათამდე მისცეს


ფოტო აქციიდან. 17 აპრილი
ფოტო აქციიდან. 17 აპრილი

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, ე.წ. აგენტების კანონის გასაწვევად ვადას 22:30 საათამდე აძლევენ. ამის შესახებ თქვა აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა, რომელმაც მოქალაქეებს რიტორიკული კითხვა დაუსვა.

„ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან?! დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, ერთი წლის წინ“, - თქვა რატი ამაღლობელმა.

მას არაფერი უთქვამს, რას გეგმავენ ამ დროის ამოწურვის შემდეგ.

"აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად უკვე მესამე დღეა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. დღეს, 17 აპრილს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG