Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა


„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია რუსთაველის გამზირზე. თბილისი. 16 აპრილი, 2024 წელი
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია რუსთაველის გამზირზე. თბილისი. 16 აპრილი, 2024 წელი

თბილისში პარლამენტის შენობის გარშემო ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ „16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი“.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა. პოლიცია ცდილობს, შენობის შესასვლელი გაათავისუფლოს ადამიანებისგან, რომლებსაც კორდონს მიღმა გადაადგილება სურდათ.

კადრებში ჩანან დაშავებული ადამიანები, რომლებიც თვალებს ფიზიოლოგიური ხსნარით ირეცხავენ, ასევე ჩანს, რომ სპეცრაზმელების აღჭურვილობა ფერადი სითხით არის დასვრილი.

ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა.

პარლამენტის 16 აპრილის სხდომაზე დღის 12:00 საათიდან განიხილავდნენ "აგენტების კანონს". 21:00 საათზე სხდომა დაიხურა და კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობა 17 აპრილს, ისევ 12:00 საათზე გაგრძელდება.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

  • კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
  • მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
  • მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.

საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის, სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG