Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიაში აანთეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი


მაყურებლები თვალყურს ადევნებენ ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიის რეპეტიციას ძველ ოლიმპიაში. 14 აპრილი, 2024.
მაყურებლები თვალყურს ადევნებენ ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიის რეპეტიციას ძველ ოლიმპიაში. 14 აპრილი, 2024.

16 აპრილს საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში აანთეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი. ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება საფრანგეთის დედაქალაქში.

ბერძენმა მსახიობმა მერი მინამ, რომელიც ქურუმის როლს ასრულებდა, ჩირაღდანი აანთო სათადარიგო ალით, ვინაიდან ღრუბლიანი ამინდის გამო შეუძლებელი იყო ცეცხლის დანთება მზის სხივის გამოყენებით.

ამ სიმბოლური აქტით დაიწყო ჩირაღდნის ესტაფეტა საბერძნეთსა და საფრანგეთში. ესტაფეტა დასრულდება პარიზში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, სადაც ოლიმპიური თამაშების ცეცხლს აანთებენ.

პარიზი ოლიმპიადას მესამედ უმასპინძლებს 1900 და 1924 წლების შემდეგ.

„ამ მძიმე დროში, რომელიც ახლა გვიდგას, როცა მატულობს ომები და კონფლიქტები, ხალხს მობეზრებული აქვს ზიზღი, აგრესია და ცუდი ამბები, რისი მოწმენიც ყოველდღე ვართ“, - თქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა თავის გამოსვლაში. „ჩვენ გვწყურია რაღაც, რაც გაგვაერთიანებს, რაღაც, რაც გვაკავშირებს, რაღაც, რაც იმედს გვაძლევს. ოლიმპიური ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ დღეს, ამ იმედის სიმბოლოა“.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მისცა რუსეთისა და ბელარუსის ათლეტებს, მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა, მაგრამ ისინი იასპარეზებენ ნეიტრალური სპორტსმენების რანგში, ეროვნული დროშისა და ჰიმნის გარეშე. ამ გადაწყვეტილებამ განარისხა მოსკოვი.

გასულ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ რუსეთს სთხოვენ, პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს ზავი დაიცვას უკრაინაში. კრემლის თქმით, უკრაინამ შესაძლოა ზავი გადაჯგუფებისა და ხელახლა შეიარაღებისთვის გამოიყენოს.

ანტიკურ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშების პერიოდში წესად ჰქონდათ შეიარაღებული კონფლიქტების დროებით შეჩერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG