Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინმედიას პარლამენტში დღესაც არ უშვებენ


ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტთან. თბილისი, 15 აპრილი
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტთან. თბილისი, 15 აპრილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს დღეს, 16 აპრილსაც, უკრძალავს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას. დღეს მოსალოდნელია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ ე.წ. აგენტების კანონს, რომელიც ეხება საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

შეზღუდვის დასაწესებლად შალვა პაპუაშვილს ცალკე სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, ის ხელმძღვანელობს 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანებით, რომლითაც ჟურნალისტებს მუშაობის წესს უდგენს.

„შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს“, - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებულია „უსაფრთხოების დამატებითი ზომების“ გამო, თუმცა რა საფრთხეს ქმნიან ჟურნალისტები პარლამენტში მუშაობით, ეს განმარტებული არ არის. რადიო თავისუფლებასთან არაოფიციალურ საუბარში პარლამენტის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეჭვობენ, ონლაინმედიის თანამშრომლები საპროტესტო პლაკატებს გაშლიან „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.

ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობის უფლება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა გუშინ, 15 აპრილსაც. ზუსტად იმავე, „უსაფრთხოების“ მიზეზით.

გუშინ ჟურნალისტების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტში ონლაინმედიისთვის დისკრიმინაციული წესის ამოქმედების ფონია „რუსულ კანონად“ წოდებული „აგენტების კანონის“ დაბრუნება განსახილველად - ეს კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების და დასავლეთიდან მძლავრი კრიტიკის შედეგად უკან გაიწვია.

კანონის დაბრუნების აუცილებლობას ხელისუფლება "გამჭვირვალობის პრობლემებით" ხსნის - მთავრობა, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის ნაწილს "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებად" მოიაზრებს, თავად წლებია უარს ამბობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოქვეყნებასა და გაცემაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG