Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკროკის დიდი კელტი ლირიკოსი: დამშვიდობება შეინ მაკგაუენთან


სალომე ასათიანის კუთხე

ისედაც რთული გასული წელი ჩემთვის ჩემი საყვარელი ხელოვანის სიკვდილით დამთავრდა - 30 ნოემბერს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა შეინ მაკგაუენი, ინგლისში დაბადებული ირლანდიელი მუსიკოსი, პოეტი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და 1980-იანი წლების ლონდონის ლეგენდარული ჯგუფის, The Pogues-ის ფრონტმენი. შეინის მსმენელებს მისი წელიწადის ამ დროს სიკვდილი განსაკუთრებით მოგვხვდა გულზე - ეს ის სადღესასწაულო დღეებია, როცა ყველგან Jingle Bell-ის ენერგიული ზანზალაკების ათასობით ვარიაცია ისმის, ჩვენ კი ყურსასმენები გვიკეთია და უწყვეტად ვუსმენთ მის შედევრს, სიმღერას Fairytale of New York („ნიუ-იორკის ზღაპარი“). ეს დუეტი - რომელიც, როგორც სინგლი, მილიონობით ასლითაა გაყიდული - პოლიციის გამოსაფხიზლებელ საკანში იწყება, ალკოჰოლიზმში ჩაძირული კაცის სიტყვებით: „შობა დგებოდა, საყვარელო - გამოსაფხიზლებელში. ბებერმა კაცმა მითხრა, მეტ შობას ვეღარ მოვესწრებითო. მერე ამღერდა. მე გავტრიალდი და შენზე დავიწყე ფიქრი“; და ულამაზესი მელოდიისა და ტკივილიანი ტექსტის უჩვეულო კომბინაციით გვიყვება უკეთესი მომავლის იმედით ოდესღაც ნიუ-იორკში ჩასულ ირლანდიელ წყვილზე - ემიგრანტებზე, რომლებსაც ხელი მოეცარათ, ოცნებები დაემსხვრათ, შობას ემოციურად გატეხილები და გამწარებულები ხვდებიან, მაგრამ ერთმანეთი მაინც დიდი სითბოთი უყვართ.

შეინ მაკგაუენს ირლანდიაში და ბრიტანეთში ლეგენდის სტატუსი აქვს. მისი სიკვდილის შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე ქალაქების ქუჩები ხალხით გაივსო - ადამიანები ტიროდნენ, ცეკვავდნენ, იცინოდნენ, სვამდნენ, გარდაცვლილი პოეტის ლექსებიდან თავიანთ საყვარელ მონაკვეთებს კითხულობდნენ, და მღეროდნენ პოუგსის რეპერტუარის უკვდავ სიმღერებს - A Pair of Brown Eyes, Dirty Old Town, Irish Rover - რომლებიც, სადაც უნდა ჩართოთ, მყისიერად გადაგისვრით ირლანდიის პაბების სიცოცხლითა და ალკოჰოლით გაჟღენთილ ატმოსფეროში. მეორე დღიდან ნეკროლოგებით და გამოსამშვიდობებელი წერილებით გადაივსო პრესაც - „შეშლილი კელტი გენიოსი“, „აუტსაიდერი, რომელიც ირლანდიის საყვარელი შვილი გახდა“ - წერდნენ წამყვანი ინგლისურენოვანი გამოცემების ჟურნალისტები. მაკგაუენის სიკვდილს გამოეხმაურნენ ჩვენი დროის დიდი მუსიკოსებიც, მათ შორის ნიკ კეივი, ტომ ვეიტსი. ირლანდიის პრეზიდენტმა შეინს უწოდა „ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი, რომელიც მუსიკას ოდესმე ჰყოლია“.

რადგან შეინ მაკგაუენმა 1980-იანი წლებში წარმოუდგენელი შეძლო: პანკ-როკს, ანუ ძალიან ურბანულ, მოდერნულ, ავანგარდულ, მეამბოხე და ტრადიციების უგულებელმყოფელ მოძრაობას შეუხამა სწორედაც ტრადიცია - ირლანდიური ფოლკლორი, თავისი ბანჯოებით, მანდოლინებით, აკორდეონებით და მელოდიურობით, და ამით უნიკალური მგრძნობელობა, კელტური პანკი შექმნა. და თან პანკროკის ხმაურიან და მძვინვარე სამყაროში მოიტანა ინტენსიური ლირიზმი - როკმუსიკას ძალიან იშვიათად თუ გადმოუცია ადამიანად ყოფნის, ადამიანური მდგომარეობის ისეთი ტკივილიანი აღქმა, როგორც ამას ვხვდებით მაკგაუენის ლექსებში სიმთვრალის, ქაოსის, დიასპორის, სიღარიბის, ომის, განდევნილობის, დაკარგულობის, მონატრების და დიდი სიყვარულის შესახებ.

ალექსანდერ ჰოუვარდი
ალექსანდერ ჰოუვარდი

შეინის ნეკროლოგებში ჟურნალისტები ლაპარაკობდნენ მის პირად პრობლემებზეც - ალკოჰოლიზმზე, ადიქციაზე, ემოციურ და ფიზიკურ სირთულეებზე. და - აუცილებლად - მის ნაკლულ, როგორც ხალხურად ვამბობთ ხოლმე „გამოხრულ“ კბილებზე. მაკგაუენი დიდხანს აცხადებდა უარს სტომატოლოგთან მისვლაზე და შოუ-ბიზნესის ბზინვარე სამყაროს ჯიუტად აგებებდა თავის უშუალო, გულღია და ცოტა დამზაფვრელ ღიმილს. კბილები მან ცხოვრების ბოლო წლებში ჩაისვა - ამ ხანგრძლივ პროცედურას ექიმებმა „სტომატოლოგიის ევერესტი“ უწოდეს, ბრიტანეთის ერთ-ერთმა ტელეარხმა კი ამ ამბავს საგანგებო, საშობაო დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა.

ნაწილობრივ ამ იმიჯის, ნაწილობრივ საკუთრივ მუსიკის გამო, შეინიც და მისი ბენდიც პირველ ხანებში ბევრისათვის გაუგებარი და მიუღებელი იყო - The Pogues „ავთენტურად“ არც პანკ-როკს ესადაგებოდა და არც ფოლკლორს. ბენდის წევრები, თავიანთი ჩაცმულობით, ქცევით, ალკოჰოლთან ბმით თითქოს გამიზნულად განასახიერებდნენ დაბალი სოციალური კლასების ირლანდიელების სტერეოტიპულ სახეებს, თანაც ინგლისში - სადაც ირლანდიელების მიმართ ეჭვნარევ და ქედმაღლურ დამოკიდებულებას ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. მაგრამ დღეს ბევრი გეტყვით, რომ ამ ჯგუფის უნიკალურობა სწორედ მათ ჰიბრიდულობაში, მონტაჟურობაში, დიასპორულობაშია, და რომ მათი შემოქმედება ერთდროულად საზრდოობს ირლანდიის სოფლებში დაბადებული ფოლკლორითაც და ლონდონის ურბანული ხმაურითაც; ირლანდიური ნაციონალიზმითაც და კოსმოპოლიტიზმითაც, ხალხური, თუ სახალხო კულტურითაც და „მაღალი“ ლიტერატურითაც. ამიტომაცაა, რომ პოუგსის ერთგული მსმენელი მთელ მსოფლიოშია გაბნეული - ისინი, უწინარესად, ის ხალხია, ვინც თავს ბოლომდე „სახლში“ არასდროს გრძნობს, და ვინც თავისი კულტურის, წარმომავლობის თუ წარსულის მიმართ ერთდროულად ატარებს სენტიმენტალურ სიყვარულსაც და მძაფრ ირონიასაც.

მარკ დოილი
მარკ დოილი

პოუგსს ზოგჯერ „ჯოისისეულ პანკსაც“ უწოდებენ ხოლმე - მაკგაუენის სიმღერები, მაგალითად ჩემი საყვარელი The Body of an American, ასევე The Sick Bed of Cuchulainn ირლანდიურ იდენტობასთან თუ მითოლოგიასთან თავიანთი მიმართებით უცნაურად გამოიხმობს დიდ ირლანდიელ მოდერნისტ ავტორს. და ჯგუფის სახელიც, თავისთავად, სწორედ ჯეიმზ ჯოისს მიაგებს პანკურ პატივს. პოუგსს თავიდან ერქვა „ფოუგ მაჰოუნ“, რაც გელურ ენაზე ნიშნავს „მაკოცე უკანალზე“ - ხოლო ამ ფრაზის ვარიაციას „ულისეში“ ვხვდებით. ბრიტანეთის შესაბამისი უწყებები მალევე მიხვდნენ რაშიც იყო საქმე, და „ფოუგ მაჰოუნ“ გადაიქცა ბენდად The Pogues - მაგრამ ბევრგან ნახავთ მოსაზრებას, რომ ეს ენობრივი თამაში და ვულგარული ფრაზით ცენზურის გაცურების მცდელობა თავისთავად იყო ის ლაღი და თან ინტელექტუალური აქტი, რომელიც ჯოისთან საერთო ეთოსზე მიანიშნებს.

შეინ მაკგაუენის უნიკალურ მემკვიდრეობაზე „ასათიანის კუთხეში“ ბევრ საინტერესო ამბავს მოგვიყვება ორი სტუმარი - ალექსანდერ ჰოუვარდი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი სიდნეის უნივერსიტეტში და მარკ დოილი, ჟურნალისტი, ირლანდიისა და ბრიტანეთის იმპერიის ისტორიის მკვლევარი, შუა ტენესის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეპიზოდში უწყვეტად მოვისმენთ პოუგსის მუსიკასაც - მათ შორის „როკ-ენ-როლის ლოცვად“ მიჩნეულ სიმღერას If I Should Fall from Grace with God, მუქ, დამზაფვრელ სიმღერას The Old Main Drag - ბრეხტიანულ ბალადას ლონდონის შავბნელ ქუჩებში მცხოვრებ თინეიჯერ ბიჭზე, რომელიც თავს მეძავობით ირჩენს და პოუგსის ყველაზე პოლიტიკურ სიმღერას Streets of Sorrow/Birmingham Six, რომელიც ბრიტანეთის ცენზურამ რაღაც ხნით ოფიციალურად აკრძალა, ჩრდილოეთ ირლანდიაში სწორედ იმ დროს მიმდინარე მძაფრი მღელვარების გამო.

ეპიზოდის ბოლო ნაწილში კი შეინ მაკგაუენი წარმოგვიდგება თავისი შედევრით A Rainy Night In Soho. ამ სიმღერაში - რომლის ტექსტის თარგმანშიც კვლავ პოეტი, მთარგმნელი და „ასათიანის კუთხის“ ვეტერანი მეგობარი, ზვიად რატიანი დამეხმარა - მაკგაუენი თავისი ემბლემატური უკიდეგანო სევდის და უბოდიშო სინაზის მწვერვალზეა. A Rainy Night In Soho არის სრულყოფილი სიმღერა - ატმოსფერული, მელანქოლიური და თბილი მედიტაცია წვიმიან ლონდონზე, დიდ და დაკარგულ სიყვარულზე და ემოციურ ჭრილობაზე, რომელიც ვიცით, რომ არასოდეს შეგვიხორცდება.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG