Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: პრეზიდენტის განცხადება არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოსა და მისი ლიდერის მიმართ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 31 დეკემბერი, 2019 წელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 31 დეკემბერი, 2019 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ეს განცხადება, მიმართული ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას - ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს, 13 ნოემბერს შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციაში.

პრესრელიზის მიხედვით, "შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგი."

ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განიხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან. ამ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, სი ძინ პინისა და ვლადიმირ პუტინის გასამართლება იქნებოდა "ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა", თუმცა იქვე დაამატა, რომ ამას შესაძლებლად არ მიიჩნევს.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ამ ორ ქვეყანაში არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას.

"პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ.

პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას", - წერია პრესრელიზში.

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხს ვრცელი ინტერვიუ 11 ნოემბერს მისცა. ის და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გასულ კვირაში საფრანგეთის დედაქალაქში პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობდნენ.

2023 წლის ივლისში, პეკინში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას, საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ეტაპია ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რომელიც ბოლო წლებში „სარტყლისა და გზის“ პოლიტიკისა და „შუა დერეფნის“ ფარგლებში სწრაფად ვითარდებოდა, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამ ნაბიჯს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგ დასტურად აღიქვამს, მეორე კი - დასავლელი პარტნიორების „დაშანტაჟების“ მცდელობად.

XS
SM
MD
LG