Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გთხოვთ, დიალიზის პროგრამა ადგილზე დანერგოთ“ - რა უპასუხა ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის მოთხოვნას


ლაგოდეხში მუდმივმოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა „ხალხის ხმამ“ ჯანდაცვის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის აპარატს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას წერილით მიმართა, რომლითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თირკმლის დიალიზის ცენტრის გახსნა მოითხოვა.

წერილს 400 ადამიანი აწერს ხელს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლალი ევტუშენკომ რადიო თავისუფლებას უთხრა, დიალიზის პროცედურის ჩასატარებლად, ადგილობრივებს გურჯაანში ან თელავში უწევთ წასვლა, ზოგ შემთხვევაში კი ადგილების არარსებობის გამო დედაქალაქსაც მიაშურებენ.

"ჩვენ რასაც ვითხოვთ, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ არის, ვისაც ახლა სჭირდება დიალიზის აპარატი. ეს პროცედურა დროებით შეიძლება დასჭირდეს ნებისმიერ პაციენტს, ვისაც თირკმლის უკმარისობა აქვს. ლაგოდეხში არის ძველი საავადმყოფოს შენობები, ანუ ფართის პრობლემა არ იქნება. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და აპარატურის შეძენა-მონტაჟი", - ამბობს ლალი ევტუშენკო და კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, რატომ უნდა იყოს მომსახურება ხელმისაწვდომი ადგილზე: „ეს არ არის იოლი პროცედურა... დიალიზის გადასხმის შემდეგ პაციენტებს რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა უწევთ, რაც მათ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება“.

დიალიზი ხელოვნური თირკმლის ფუნქციას ასრულებს. აპარატი სისხლს წმენდს, რის შემდეგ ის ისევ ორგანიზმში ბრუნდება. უკვე მეორე წელია ამ პროცედურას იტარებს ლაგოდეხელი 70 წლის რეზო ქურდაძე. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რაკი გურჯაანსა და თელავში ადგილები არ იყო, იძულებული გახდა, პროცედურის ჩასატარებლად თბილისში წასულიყო.

ქურდაძე შვილთან ცხოვრობს და სპეციალურ კაბინეტს კვირაში სამჯერ აკითხავს.

„მე სწორედ ამიტომ ვარ ახლა თბილისში! ლაგოდეხში რომ ყოფილიყო ეს მომსახურება, სახლში ვიქნებოდი, ჩემი ფეხით მივიდოდი კლინიკაში და აღარც სანერვიულო არ მექნებოდა“.

დიალიზის პროგრამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს.

საინიციატივო ჯგუფ „ხალხის ხმის“ წევრებმა რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მათ მოთხოვნაზე ფაქტობრივად უარი უთხრა.

სამინისტროდან საინიციატივო ჯგუფის წევრებს უპასუხეს, რომ დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უახლოესი ადგილი დიალიზის სერვისის მისაღებად ქალაქები თელავი და გურჯაანია.

„სამომავლოდ დაგეგმილია დიალიზის ცენტრის დამატება დაბა წნორში, რის შედეგადაც გაიზრდება ლაგოდეხის მოსახლეობისთვის ზემოაღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობა“, - ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხში.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეს პასუხი მათთვის მიუღებელია. ისინი თვითმმართველობას მოუწოდებენ, მოსახლეობის ინტერესი გაითვალისწინოს, სამინისტროსთან კომუნიკაცია აწარმოოს და დაარწმუნოს, რომ ლაგოდეხში დიალიზის ცენტრის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რადიო თავისუფლებას ლაგოდეხის მერიაში უთხრეს, რომ ისინი მოსახლეობას ვერაფერს დაჰპირდებიან.

მერიის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელის თამარ ბაღაშვილის თქმით, ერთადერთი, რაც მერიას შეუძლია: „დიალიზზე მყოფ პირებს მერია უფინანსებს ტრანსპორტირების ხარჯს. ერთ პაციენტზე თვეში 200 ლარია გამოყოფილი. სულ ასეთი 33 პირია. თუ ვინმეს დასჭირდა ეს ხარჯი, ნებისმიერ დროს შეიძლება პროგრამაში მისი დამატება“.

ამ დროისთვის საქართველოში მომსახურების მიღება შესაძლებელია 56 ადგილზე, მათგან 21 ცენტრი თბილისში მდებარეობს. რაც შეეხება კახეთს, აქ მომსახურების ორი ცენტრია - გურჯაანსა და თელავში.

ლაგოდეხიდან თელავამდე 80 კილომეტრია, გურჯაანამდე - თითქმის 50.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG