Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბაზარზე უფრო მეტი მანქანაა, ვიდრე მყიდველი“ - მაგრამ დილერებიც არ ჩქარობენ იაფად გაყიდვას


რა ხდება საავტომობილო ბაზარზე?
რა ხდება საავტომობილო ბაზარზე?

მათთვის, ვინც მანქანის ყიდვას აპირებს, კარგი სიახლეა: მეორადი მანქანები უნდა გაიაფდეს, - და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. აი, ავტომობილების იმპორტიორები კი ცუდ დღეში არიან.

„ვინმე რამეს ყიდით ბაზარზე? რასაც ვუყურებ, ეს ნაწვალები მანქანები თავის ფასშიც აღარ იყიდება“, - წერს ერთ-ერთი იმპორტიორი ფეისბუკზე ყიდვა-გაყიდვის ჯგუფში.

„2019-წლიანი BMW 1600 დოლარით ნაკლებად გავყიდე. ახლა 2021-წლიანი Tesla მყავს და უკვე 5420 დოლარით ნაკლები მიდევს იმაზე, რაც დამიჯდა“, - უპასუხებს მეორე.

„ახლახანს სონატაზე მითხრეს, 9500 დოლარად წავიყვანთო, როცა იმავენაირში 10800 დოლარს მთავაზობდნენ ორი თვის წინ… კი, გაიაფდა, მაგრამ 7300 დოლარი დამიჯდა [ჩამოყვანა] და 9500-ში სიამოვნებით გავატან“, - წერს მესამე.

ასეთ დღეში ბევრი „ავტოდილერია“.

„მანქანები არ ეყიდებათ“

საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ახლა ბევრი მანქანაა ჩამოყვანილი.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წლის 7 თვეში 1.6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მანქანები ჩამოიყვანეს, - წინა წლის მაჩვენებელზე, 826 000 დოლარზე 96%-ით მეტი. ანუ თითქმის გაორმაგებული ღირებულებისა.

ეს იმპორტის ღირებულების ისტორიული მაქსიმუმია. ზრდა ყოველდღიურობაშიც ჩანს: ქვეყნის ყველაზე დიდი, რუსთავის ავტობაზრობა მანქანებით გადაჭედილია. მყიდველები კი ბევრნი არ არიან.

ჩანს ბაზარზე დაკვირვებით და ავტოიმპორტიორთა ასოციაციაშიც ადასტურებენ, რომ: როდესაც 2022 წელს მოთხოვნა გაიზარდა, გაიზარდა მიწოდებაც.

"2022 წლის მომატებულმა გაყიდვებმა გააჩინა მოლოდინი, რომ ბაზარი, პანდემიის ჩავარდნის შემდეგ, გამოცოცხლების გზას დაადგა. და ამის ფონზე, მოთხოვნაზე მეტად მიწოდება გაიზარდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ნონიაძე, „საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენელი.

რატომ მოხდა ასე?

ნონიაძის თქმით, მოთხოვნის შემცირებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.

#1 - აშშ-ის სანქციები

რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სანქციებმა აკრძალა აშშ-დან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების წარმოებული ავტომობილების რეექსპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.

7 თვეში საქართველოს სრული იმპორტის - $1.6 მლრდ-ის - 56% მოდიოდა აშშ-ზე. ანუ საქართველოში შემოყვანილი ყოველი მეორე მანქანა ამერიკიდან შემოდიოდა.

მართალია, საქართველოს სრული ექსპორტის ($1.2 მლრდ) მხოლოდ 6% მოდიოდა უშუალოდ რუსეთზე, მაგრამ მანქანები გადიოდა იმ ბაზრებზე, რომლებიც ინტენსიურად და უფრო მარტივად ვაჭრობენ რუსეთთან ავტომობილებით - სომხეთში, ყაზახეთსა თუ ყირგიზეთში.

#2 - გამკაცრებული კონტროლი

საგადასახადო კოდექსის ადმინისტრირება გამკაცრდა, - რაც, ნონიაძის თქმით, იმაში გამოიხატება, რომ გზაში ავტომობილის მფლობელის შეცვლა შეუძლებელი გახდა.

#3: აზერბაიჯანის შეზღუდვები

აზერბაიჯანის მთავრობას პანდემიის შემდეგ ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვრები. მანქანები იქ კვლავ იყიდება - ექსპორტზე გადის, - მაგრამ, ნონიაძის განმარტებით, მხოლოდ გადამზიდავი კომპანიების მეშვეობით. ფიზიკურ პირებს კი დამოუკიდებლად ჩამოსვლა და ავტომობილის გაყვანა არ შეუძლიათ.

„როდესაც აზერბაიჯანელი ავტოიმპორტიორი ჩამოდიოდა, მარტო მანქანას კი არ ყიდულობდა, სხვა მხრივაც ქმნიდა მოთხოვნას ადგილობრივ ბაზარზე, - სასტუმროში ჩერდებოდა, ყოველდღიური მოხმარების საგნებს ყიდულობდა, ზოგჯერ ბათუმში ისვენებდნენ კიდეც, - ამბობს იგი, - ახლა ამას ვეღარ ახერხებენ“.

ამასთან, წელს გაზაფხულიდან აზერბაიჯანმა 10 წელზე მეტი ხნის მანქანების იმპორტი აკრძალა, - თუმცა ამაზე ძველი მანქანების იმპორტს, სავარაუდოდ, სტატისტიკაში დაბალი მაჩვენებელი ექნებოდა.

#4 - იმპორტის ხარჯის ზრდა

„ახლა ტრანსპორტირების დროც და ხარჯიც გაზრდილია, მათ შორის, აშშ-დან ავტომობილების ჩამოყვანისაც. და შიგადაშიგ ლოჯისტიკაშიც პრობლემებია, ბათუმის და ფოთის პორტებში, გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო შეფერხებებია“, - ამბობს ნონიაძე.

უარყოფითი მოლოდინები

ნონიაძის თქმით, ეს გარემოებები ბაზარზე უარყოფით მოლოდინებს ქმნის.

მიზეზებს, სავარაუდოდ, დაემატება, შეერთებული შტატების შემდეგ, ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლა.

ევროკავშირის დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო 26 სექტემბრიდან ზღუდავს ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტს რუსეთში. მე-11 პაკეტი აკრძალვას ავრცელებს:

  • „ყველა ახალ და მეორად ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს [ანუ 1,9-ზე მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებზე - როცა ყველაზე პოპულარული 2,0 ძრავაა]“;
  • „ყველა ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილზე“. და სწორედ ასეთი მანქანები ჭარბობს საქართველოს იმპორტსა და რეექსპორტში.

„ამ ყველაფერმა ნეგატიური მოლოდინები შექმნა სომეხ და ყაზახ დილერებში [რომელთა წილიც ბაზარზე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი], რამაც მოთხოვნაზე უარყოფითად იმოქმედა“, - ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენელი.

სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ 2023 წლის პიკი მარტში იყო. ივლისში, მარტთან შედარებით, 37%-ით ნაკლები ღირებულების ავტომობილი შემოიყვანეს.

ეს რიცხვი აგვისტოდან, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად შემცირებული იქნება. აგვისტოს სტატისტიკა სექტემბერში გახდება ცნობილი.

ფასებმა უნდა დაიკლოს, მაგრამ…

ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: მანქანა მეტია, ვიდრე მყიდველი.

საბაზრო პრინციპის თანახმად კი, როდესაც მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, ფასები იკლებს.

ესე იგი, წესით, ავტომობილების ფასები უნდა გაიაფდეს. მაგრამ ეს გაიაფება იმპორტიორების ხარჯზე მოხდება. ასე რომ, ისინი მაღალი ფასების შენარჩუნებას ეცდებიან.

სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიდან რადიო თავისუფლებას განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს ფასებზე: ზოგი ამტკიცებს, რომ „ჯერჯერობით ფასის მხრივ ცვლილებები არ არის“, ზოგი კი ამბობს, რომ „სანქციების შედეგი უკვე დგას - გაყიდვები შემცირდა“.

„ჩემი სუბარუ 15-ზე მეტი დამიჯდა და 13 აქვთ „სტავკა“. ამ ჩემ ფეხებს. საერთოდ არ გავყიდი“, - წერს ერთ-ერთი ავტოიმპორტიორი ფეისბუკზე ყიდვა-გაყიდვის ჯგუფში.

„მყიდველის გადმოსახედიდან, მანქანა რომ გამოიწეროთ, ახლა ეგ უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე აქვე ბაზარზე ყიდვა. აქ უფრო იაფი დაგიჯდებათ. იმიტომ, რომ იმპორტიორი ვერ ყიდის და უწევს, თვითღირებულებაში გაყიდოს, ან მოგების მინიმალური მარჟით“, - გვეუბნება ალექსანდრე ნონიაძე.

ამასობაში იმპორტიორებს კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდათ - ამბობენ, რომ რუსთავში სადგომის ფასებს ვეღარ იხდიან. „ვერ ახერხებენ, გაისტუმრონ ავტობაზრობის გადასახადები და ვალი“.

აგვისტოს დასაწყისში რუსთავის ავტობაზრობაზე მყოფმა იმპორტიორებმა აქცია გამართეს და ავტობაზრობის - „ავტოპაპას“ - ადმინისტრაციას ტარიფების შემსუბუქება მოსთხოვეს. „ადმინისტრაცია კვლავ არ მოდის დათმობებზე“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

XS
SM
MD
LG