Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ მედვედჩუკი: ჯობია, უკრაინა იყოს "კიდევ ერთი რუსეთი"


ვიქტორ მედვედჩუკი
ვიქტორ მედვედჩუკი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსმა ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელსაც ახლახან ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა და უმაღლესი რადის დეპუტატობა, პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შესახებ.

კრემლის მხარდამჭერ რუსულ გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ხელს აწერს მედვედჩუკი, ლიდერი უკრაინაში ამჟამად აკრძალული პარტიისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, უკრაინაში ომის გაჩაღებას აბრალებს დასავლეთს და კონფლიქტში ფაქტობრივად რუსეთის მხარეს დგება. ამასთან, საკუთარ პოზიციას ის მშვიდობისა და სამოქალაქო დიალოგისთვის ბრძოლას უწოდებს.

სტატიის უდიდესი ნაწილი ეძღვნება ისტორიულ ექსკურსს, რომელშიც მედვედჩუკი იმეორებს კრემლის მთავარ თეზისებს ცივი ომის შესახებ, იმაზე, რომ თითქოს დასავლეთი არ ითვალისწინებდა რუსეთის ინტერესებს, რომ „ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსთა უმრავლესობას უკრაინაში არავითარი მშვიდობა არ სურს“.

მედვედჩუკის აზრით, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „თავად უკრაინის შიგნით 1991 წლიდან არსებობდა ორი სახელმწიფო - ანტირუსეთი და უკრაინა, როგორც კიდევ ერთი რუსეთი. ერთს თავი რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია, მეორეს კი - რუსეთთან ერთად.“ ამასთან, მედვედჩუკის აზრით, ეს დაყოფა ხელოვნურია და სინამდვილეში უკრაინა „რუსეთთან არის დაკავშირებული კულტურულად და მენტალურად“, ასევე უფრო ახლოსაა მასთან, ვიდრე ინგლისი შოტლანდიასთან. მაგრამ, მისი სიტყვებით, დასავლური ძალები გავლენას ახდენენ უკრაინელებზე და რუსეთის წინააღმდეგ განაწყობენ მათ „დემოკრატიული რეფორმების ნიღბით“.

მედვედჩუკი ფაქტობრივად ამართლებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ამტკიცებს, რომ რუსეთი იძულებული გახდა, დაეცვა არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ინტერესები, არამედ საერთაშორისო ღირსება. ის გამოთქვამს ასევე მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან დახმარების გაგრძელებას ბირთვული ომი შეიძლება მოჰყვეს. ალტერნატივად ის ასახელებს „განმუხტვის პოლიტიკას“, რისთვისაც „საჭიროა პოლიტიკურად აღიარება, რომ რუსეთს აქვს ინტერესები“. საკუთარ თავს და თავის პარტიას ის „მშვიდობის პარტიად“ მოიხსენიებს და გამოთქვამს ინიციატივას, რომ აუცილებელია „შეიქმნას პოლიტიკური მოძრაობა“ იმ ადამიანებისგან, ვისაც „არ სურს, რომ მისი ქვეყანა გეოპოლიტიკური გარჩევების ადგილად იქცეს“.

თავად სამხედრო მოქმედებებს მედვედჩუკი მხოლოდ ირიბად ახსენებს. ის არ წერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე, უკრაინაში მრავალი სამოქალაქო პირის სიკვდილზე, ის სრულიად არ კიცხავს მოსკოვის მოქმედებებს.

სტატიაზე კრემლის რეაქცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამას უწოდებენ, ადრე ხელმძღვანელობდა პარტიას „ოპოზიციური ფრონტი - სიცოცხლისათვის“, რომლის უკრაინაში საქმიანობაც 2022 წელს აიკრძალა. თავად მედვედჩუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, პოლიტიკოსი დაკავშირებულია ქვანახშირის კონტრაბანდასთან ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“. უკრაინის გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოსკოვთან მედვედჩუკის კონტაქტებმა 2014-2015 წლებში ძირი გამოუთხარა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. 2022 წლის სექტემბერში მედვედჩუკი რუსეთის მიერ მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს. რუსეთის მხარე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

11 იანვარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდათ ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, რინატ კუზმინსა და ანდრი დერკაჩს. დერკაჩის გარდა რადაში ისინი მედვედჩუკის პარტიას წარმოადგენდნენ. დერკაჩი პრორუსული „რეგიონების პარტიის“ დეპუტატი იყო.

XS
SM
MD
LG