Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიპის აცრა - ვისთვის (არ)არის უფასო და სად შეიძლება გაკეთება


გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები ძირითადად შემოდგომის მეორე ნახევრიდან აქტიურდება.

მაღალი რისკჯგუფებისთვის საქართველომ „სანოფი პასტერის“ წარმოების 200 000 დოზა ფრანგული ვაქცინა შეიძინა.

ვის შეუძლია ისარგებლოს ამ პრეპარატით, როდის ღირს აცრის გაკეთება და რა უნდა ქნან მათ, ვინც რისკჯგუფში არ ხვდება?

რადიო თავისუფლება ხსნის, რა შესაძლებლობებია ამ სეზონზე გრიპისგან თავის დასაცავად.

ვინ შედის რისკჯგუფში?

ორსულები, დიაბეტის, მკურნალობის ეტაპზე მყოფი C ჰეპატიტის მქონე ადამიანები; აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, დიალიზზე მყოფები; ორგანოგადანერგილი ადამიანები; ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულები.

ასევე, სკოლების პედაგოგები; საბავშვო ბაღების თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, ვეტერანი სამხედროები; მეცხოველეობის სფეროში დასაქმებულები, მონადირეები; ვეტერინარები და ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები; სამხედროები და წვევამდელები; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი; მსჯავრდადებულები და ბრალდებულები.

სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ყველა ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანი აცრას გაიკეთებს უფასოდ.

რატომ არის აუცილებელი აცრა რისკჯგუფებისთვის?

იმიტომ რომ მათთვის, ინფიცირების და შემდგომ დაავადების გართულების რისკები იზრდება.

რისკჯგუფში ვარ, სად შემიძლია აცრის გაკეთება?

საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში. მისამართები ამ ბმულზეა

რა ვიცით, რომ ეს ვაქცინა ეფექტიანი იქნება?

საქართველოში შემოსულია სერტიფიცირებული, ფრანგული წარმოების „სანოფი პასტერის“ ოთხკომპონენტიანი ვაქცინა.

ყოველწლიურად ვაქცინები მზადდება ზუსტად იმ შტამების საწინააღმდეგოდ, რომელთა ცირკულაციასაც ელოდებიან. გრიპის ვაქცინები იმიტომაა რამდენიმეკომპონენტიანი, რომ ერთმა აცრამ ადამიანი რაც შეიძლება ეფექტიანად დაიცვას.

გრიპის ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი დამცველობით ეფექტი არ არის ძალიან მაღალი, დაახლოებით 60%-მდეა, მაგრამ იგი იცავს მძიმე გართულებებისგან.

აქვს უკუჩვენება აცრას?

ფაქტობრივად, არა. მით უმეტეს, რისკჯგუფებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და იმუნიტეტის გაძლიერება, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ ერთ წელიწადს ძლებს. ამიტომ არის დაავადებისგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაცია რეკომენდებული.

ერთადერთი, როდესაც ვაქცინაციაზე უარს გეტყვიან, ეს არის ნებისმიერი სისტემის მწვავედ მიმდინარე დაავადება, ცხელება.

თუმცა ტემპერატურის დასტაბილურებიდან 48 საათის შემდეგ გრიპის აცრა დასაშვები ხდება. გაიშვიათებული ხველა და ცხვირიდან გამონადენი უკუჩვენებად არ ითვლება.

არ ვარ რისკჯგუფში, ე.ი. ვერ ავიცრები?

აიცრებით. თანაც აცრა ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც სასურველია. რაც უფრო მაღალია საზოგადოების იმუნიტეტი, მით მცირეა ვირუსის ფართოდ გავრცელების შანსი და ამით საკუთარ თავთან ერთად რისკჯგუფებსაც დავიცავთ.

გრიპის ვირუსის ლეტალობა მაღალი არ არის, თუმცა ვაქცინაციის შემდეგ ეს მაჩვენებელი 0,1-0,3 %-ზე ჩამოდის.

სად შეიძლება აიცრას რისკჯგუფში არმყოფი ადამიანი?

კერძო კომპანიებს ვაქცინები ყოველ წელს შემოაქვთ. აცრაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

არის უკვე კლინიკებში?

ჯერჯერობით არა. ამ მომენტისთვის კომპანიები ვერ ასახელებენ კონკრეტულ თარიღს, როდის შემოვა კომერციული ვაქცინა.

მხოლოდ „ევექსის“ კლინიკების ქსელი ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ვაქცინები მიმდინარე კვირაში უკვე ხელმისაწვდომი იქნება მათ სამედიცინო დაწესებულებებში. თუმცა რეკომენდაცია წინასწარ ცხელ ხაზზე დარეკვა და კონკრეტულ მისამართებზე მარაგების დაზუსტებაა.

თუ ავიცერი, პირბადე მაინც მჭირდება?

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდრეგულაციები მოხსნილია, პირბადე თავის ფუნქციას არ კარგავს და ვირუსებისგან თავდაცვის ერთ-ერთ კარგ საშუალებად რჩება.

2021 წელს კორონავირუსის და მკაცრი რეგულაციების პირობებში, სხვა რესპირაციული ინფექციები ნაკლებად იყო გავრცელებული. ახლა, როცა რეკომენდაციები არ სრულდება, ეპიდემიოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ რესპირატორული დაავადებების რისკიც უფრო მოიმატებს.

Როდის ჯობია ავიცრათ?

ვინაიდან იმუნიტეტის გამომუშავებას, საშუალოდ, 2-3 კვირა სჭირდება, ინფექციონისტები ამბობენ, რომ სექტემბრის მეორე ნახევარი, ოქტომბრის პირველი კვირა აცრისთვის იდეალური პერიოდია. ამ პერიოდში აცრისას გრიპის სეზონს ორგანიზმი უკვე მომზადებული შეხვდება, რაც დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკს 10-ჯერ ამცირებს.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG