Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტოობა: ერთი ემოციის ისტორია


სალომე ასათიანის პოდკასტი

მარტოობა: ერთი ემოციის ისტორია
please wait

No media source currently available

0:00 1:04:21 0:00
გადმოწერა

„არ ვიცი ხალხი რატომ ფიქრობს, რომ ჯოჯოხეთი არის ადგილი, სადაც ძალიან ცხელა და ცეცხლი გიზგიზებს. ეს არაა ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთი ისაა, როცა გაყინული ხარ, ყინულის ლოდად გადაქცეული. და მე ნამყოფი ვარ ამ ადგილას“.

ამ სიტყვებს თავის საეტაპო გამოკვლევაში ფრიდა ფრომ-რაიხმანი ციტირებს - გერმანელი ფსიქიატრი, ზიგმუნდ ფროიდის თანამედროვე მეცნიერი, ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელიც შეეცადა მარტოობა ცალკე არსებული გამოცდილების ფორმით შეესწავლა - გამოცდილების, რომელიც სხვა ემოციებისგან განსხვავდება და შესაძლოა უფრო რთულია და მძიმე, ვიდრე, მაგალითად, დეპრესია, შფოთი, თუ დანაკარგი. ფრომ-რაიხმანს ამას ერთი პაციენტი, შიზოფრენიის მქონე ქალი ეუბნება, რომელსაც ღრმა, უიმედო და ქრონიკული მარტოობის განცდა ტანჯავს. მას შემდეგ ფსიქოლოგიის, თუ ფსიქიატრიის სფეროებში შექმნილი გამოკვლევებით ჩანს, რომ ადამიანები, თავიანთი მარტოობის განცდის მეტაფორული, თუ სიმბოლური აღწერისას ხშირად იყენებენ დიქოტომიებს სიცივე და სითბო, სიბნელე და სინათლე - და მარტოობა მათთვის ყოველთვის სიბნელეს და სიცივეს ნიშნავს. ის ზოგჯერ შიმშილის მსგავსადაც განიცდება, ოღონდ შინაგანი, ემოციური და მწვავე შიმშილის შეგრძნებად.

მსოფლიო მედიაში მარტოობა დღეს მწვავე განაცხადების და მყვირალა სათაურების თემაა - გვეუბნებიან, რომ „მარტოობის ეპიდემიაში“ ვცხოვრობთ, რომ მარტოობა ოცდამეერთე საუკუნის კეთრია. ამ ვითარებასთან საბრძოლველად 2018 წელს ბრიტანეთმა მარტოობის მინისტრის ოფიციალური თანამდებობაც კი შემოიღო, ანალოგიური ნაბიჯი გადადგა იაპონიამაც. მარტოობა, როგორც ასეთი, ერთ-ერთი თანმდევი თემაა პოპულარული კულტურის, მხატვრული ლიტერატურის, კინოს, მხატვრობის, მუსიკის სამყაროში - მეოცე საუკუნის კულტურაში მთელი გალერეა შეიქმნა მარტოობაში მყოფი პერსონაჟებისა, ჰოლდენ კოლფილდიდან - სკორსეზეს ტაქსის მძღოლ ტრევის ბიკლამდე, ედვარდ ჰოპერის მხატვრობის ურბანულ მარტოობაში გახევებული სახეებიდან - ბიტლსის სიმღერამდე Eleanor Rigby, თავისი ცნობილი რეფრენით - „საიდან მოდის ამდენი მარტოსული ადამიანი?“

თუმცა მარტოობაზე წერა, მისი ანალიზი რთული საქმეა. რთულია იმიტომ, რომ ჩვენს ინტენსიურად სოციალურ სამყაროში მას ძლიერი უარყოფითი კონოტაცია აქვს, ადამიანებს ამ ძალიან ინტიმური, პირადული და მტკივნეული ემოციის ქონის აღიარება უჭირთ და რცხვენიათ. და კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ მარტოობა თავისთავად არის კომპლექსური და არაერთგვაროვანი ფენომენი და ისევ და ისევ აღძრავს კითხვებს. მაინც რამდენნაირი შეიძლება იყოს მარტოობის განცდა, რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ მარტოობას ვგრძნობთ, რატომაა, რომ ზოგი ადამიანი მწვავე მარტოობას ბავშვობიდან, ქრონიკულად განიცდის, მაშინაც, თუკი ახლობლებით არის გარშემოტყმული? როგორ ხდება, რომ ადამიანი ხან თავად ეძებს მარტოობას და განმარტოებას - საიმისოდ, რომ ღმერთს, ბუნებას, ან საკუთარ თავს დაუახლოვდეს - ხან კი მარტოობის შიში, თუ სევდა სრულად მოიცავს ხოლმე და ამ დამთგრუნველ მდგომარეობას დიდხანს ვერ აღწევს თავს? როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ან ავხსნათ ის პარადოქსი, რომ ადამიანი შესაძლოა მწვავე მარტოობას განიცდიდეს მეორე ადამიანთან ინტიმურ ურთიერთობაში, ან მეგობრების გარემოცვაში - არადა სხვა დროს, ფიზიკურად მარტო ყოფნისას, არ გრძნობდეს მარტოობის ემოციას?

ამასთან, მარტოობას, როგორც ცნებას, თუ ტერმინს, თავისი რთული ისტორია, თუ ბიოგრაფია აქვს - რომელშიც თვისებრივი გარდატეხა მოდის თანამედროვე, მოდერნულ ეპოქაზე, თავისი მასშტაბური დემოგრაფიული ცვლილებებით, ურბანიზაციით, ადამიანის მზარდად ინდივიდუალიზებული, სეკულარული და პოტენციურად გამაუცხოებელი არსებობით. კი, მარტო ყოფნის, თუ თუნდაც საკუთრივ მარტოობის პრობლემა ადამიანის მთელს ისტორიას გასდევს თან - გავიხსენოთ, რომ ადამის მარტოობა არის პირველი რამ, რაც ღმერთს არ მოსწონს მის მიერვე შექმნილ სამყაროში - „თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს“, ვკითხულობთ ძველ აღთქმაში. მაგრამ იდეების ისტორიკოსები გვეტყვიან, რომ მარტოობა მკაფიოდ მოდერნულობაში იწყებს განცალკევებას განმარტოებისგან, განმხოლოებისგან, ეულად ყოფნისგან და მსგავსი ცნებებისგან, და სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირების ნაკლებობით აღძრული სევდის, თუ მწვავე დანაკლისის მნიშვნელობით იტვირთება.

ლარს სვენდსენი
ლარს სვენდსენი

მარტოობაზე, როგორც ასეთზე, „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ლარს სვენდსენი მოგვიყვება - ნორვეგიელი ფილოსოფოსი, ბერგენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, ავტორი 2015 წელს გამოცემული წიგნისა ელეგანტური სათაურით „მარტოობის ფილოსოფია“. მასთან ერთად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმოდათ და ესმით მარტოობის ფენომენი მხატვრულ ლიტერატურაში, ფილოსოფიის ისტორიაში, ფსიქოანალიზში, რას წერდნენ თუ ამბობდნენ მის შესახებ ისეთი ავტორები, ხელოვანები თუ მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ კანტი, ფროიდი, იუნგი, რილკე, სარტრი, ჰანა არენდტი, ემილ ჩორანი, ვირჯინია ვულფი, ლენარდ კოენი. და ერნესტ ჰემინგუეი - მან სწორედ მარტოობას მიუძღვნა თავისი ნობელის პრემიის სიტყვა, რომლის ჩანაწერიდანაც ერთ ნაწყვეტსაც შემოგთავაზებთ. ლარს სვენდსენი იმის შესახებაც გვიყვება, ფილოსოფიის ისტორიაში როგორ იყო გააზრებული ადამიანებს შორის რომანტიკული სიყვარული და მეგობრობა მარტოობასთან მიმართებაში.

მარტოობის შესახებ კონცეპტუალური, თუ ფილოსოფიური მიდგომების გარდა, ლარს სვენდსენი თავის წიგნში ბევრ ემპირიულ მონაცემს ეყრდნობა, მარტოობის განცდის შესახებ მთელ მსოფლიოში ჩატარებული კვლევების სტატისტიკური მაჩვენებლების ჩათვლით. ამ მონაცემების დამუშავებას და მათ შორის კორელაციის გამოყოფას ჩვენი ფილოსოფოსი სტუმარი რამდენიმე ძალიან მოულოდნელ მიგნებამდე მიჰყავს, რომელთა შესახებაც ის ეპიზოდის მეორე ნახევარში გვიყვება. მაგალითად, კვლევებიდან ჩანს, რომ გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, ჩრდილოეთ ევროპის მცხოვრებნი მარტოობას უფრო დაბალი ინტენსივობით განიცდიან, ვიდრე აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის სახელმწიფოების მოქალაქეები. და, რაც ალბათ კიდევ უფრო მოულოდნელია - მარტოობის ემოცია უფრო ნაკლებია ინდივიდუალიზმზე დაფუძნებულ საზოგადოებებში, ვიდრე იქ, სადაც კოლექტივისტური პრინციპი სჭარბობს. სვენდსენი ამ მიგნებების გასაღებს ადამიანებს შორის ნდობას ფაქტორში ხედავს, რადგან მონაცემთა კორელაცია ისევ და ისევ აჩვენებს, რომ საზოგადოებებში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, მარტოობის მაჩვენებელი იკლებს.

თუმცა თავისი წიგნის, „მარტოობის ფილოსოფიის“ უმთავრეს დასკვნას ლარს სვენდსენი ასე აყალიბებს: „შესაძლოა მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ არის არა ის, რომ მარტოობის განცდა მატულობს, არამედ ის, რომ განმარტოება გახდა იშვიათი“. როგორც ეპიზოდში თავად გვიყვება, ის აქ გულსხმობს ჩვენს დღევანდელ, სოციალური ქსელებით მთლიანად მოცულ რეალობას, რომელშიც თხუთმეტიოდე თავისუფალი წუთის ქონის შემთხვევაშიც კი მყისიერად დავეძგერებით ხოლმე ჩვენს მობილურ ტელეფონებს, ვხსნით ფეისბუკის აპლიკაციას, და ვირტუალურ სოციალურ კავშირებში ვერთვებით. ლარს სვენდსენი ჩვენთან საუბარსაც, და თავის წიგნსაც სევდანარევი და ცოტა ირონიული რჩევებით ამთავრებს - რომ ადამიანებმა ჩვენი არსებობისთვის გარდაუვალი მარტოობის ემოცია უნდა მივიღოთ, და ვეცადოთ ის გარდავქმნათ განმარტოების უნარში, ვეცადოთ ვიყოთ თვითკმარები, საკუთარ თავში ვიპოვოთ სიცარიელის შევსების რესურსი. რადგან ეს სხვა, ჩვენსავით მარტოობაში მყოფ ადამიანებთან კავშირების დამყარებაშიც დაგვეხმარება - იმ ღრმა და ემოციური კავშირების, რომლებიც, როგორც სოციალურ არსებებს, ასე ძალიან გვენატრება და გვჭირდება ხოლმე.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG