Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი მეგრული და სვანური ენების სკოლაში არჩევით საგნებად სწავლების ინიციატივით გამოდის


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას ინიციატივა წარუდგინა. პრეზიდენტი სკოლაში მეგრული და სვანური ენების არჩევითი სწავლების შემოღების წინადადებას აყენებს.

პრეზიდენტმა თავისი სიტყვის დასაწყისში გაიხსენა 1978 წლის 14 აპრილი და ილაპარაკა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგებზე.

„სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა, გაძლიერება და რითაც დღემდე მოვიდა.

შეიძლება ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილით იწყება ჩვენი მსვლელობა საბჭოთა ოკუპაციისგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა და არდათმობა, რომელმაც შვა ეროვნული მოძრაობა, უტოლდება სხვა ისტორიულ თარიღებს და გამარჯვებებს - 1917 წელს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1918 და 1991 წლებში დამოუკიდებლობის აქტების მიღებას. ამ გამარჯვებაზე დგას დღესაც ჩვენი სახელმწიფო.

221 წელი კი ეცადა რუსეთმა საქართველოსთვის წაერთვა სახელმწიფოც, ენაც და დამოუკიდებლობაც, თუმცა რუსიფიკაციასთან უთანასწორო ბრძოლაში საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობასთან ერთად გადაერჩინათ თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, შეენარჩუნებინა სამი ქართული ანბანი და ამავე დროს მოეხდინა ქართული ენის მოდერნიზაცია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფო ენების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაზე.

„ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი აგრძელებს დღეს აფხაზეთში. რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება, როგორც აფხაზური, ასევე, ქართული ენები. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართველებს კი ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება", - აღნიშნა მან.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ქართული და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, „გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისათვის" [სტილი დაცულია].

სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა კავკასიური ენების მძიმე მდგომარეობის შესახებაც და განაცხადა, რომ იუნესკოს მიმართა, გამოაცხადოს კავკასიური ენების დაცვის დღე.

„დედაენის დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ სწორედ რუსიფიკაციის 200-წლოვანი პოლიტიკის შედეგია, რომ კავკასიურ ენათა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. ეს, როცა კავკასია თავისი მრავალფეროვნებით ანტიკური დროიდან აკვირვებდა მსოფლიოს და არაბები მას ეძახდნენ ენათა მთას. ეს სიმდიდრეც ჩვენი დასაცავია და ამისთვის მივმართეთ იუნესკოს, რათა კავკასიური ენების დაცვის დღე გამოაცხადოს", - თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი დღევანდელ დღეს უძღვნის უკრაინას, რომელიც ომობს რუსეთის წინააღმდეგ.

„45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად და იბრძვის საკუთარი ენისთვის, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, რომ ასეთი მათი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ", - დაამატა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG