Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არ შემომიშვეს ჟურნალისტური საქმიანობის გამო - ინტერვიუ „დოჟდის“ ჟურნალისტ მიხაილ ფიშმანთან


რუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არშეშვების მიზეზი მისი ჟურნალისტური საქმიანობაა. თუმცა ფიშმანი საქართველოს საზღვრიდან ისე გააბრუნეს, მიზეზი არავის აუხსნია. 

„მე სხვას ვერაფერს დავუკავშირებ. ცხადია, რომ არ შემომიშვეს იმის გამო, რომ რუსეთში ცნობილი ჟურნალისტი ვარ“, - ამბობს ის.

- მიხაილ, აღგვიწერეთ, რა მოხდა საზღვარზე.

საქართველოში ჩამოვფრინდი ჩემს ორ ქალიშვილთან ერთად. საშუალო 14 წლისაა, პატარა - 4-ის. ისინი ჩვეულებრივ შეუშვეს, მე კი მთხოვეს, მომეცადა. ცხადია, პატარა ჩემ გარეშე არ წავიდა და ჩემთან დარჩა. დამისვეს რამდენიმე კითხვა - დიდი ხნით თუ მივდიოდი, რა იყო ვიზიტის მიზანი. შემდეგ მითხრეს, დაგველოდეთო. დაახლოებით ერთი საათი ვიცდიდი. შემდეგ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი გამოვიდა და მითხრა, რომ საქართველოში ვერ შევიდოდი, შემეძლო გამესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში. [არშეშვების] მიზეზებზე კი არაფერი მითხრეს. მე და ჩემი შვილი გაგვაცილეს თვითმფრინავამდე. ჩემი პასპორტი ეკიპაჟს ჰქონდა და ჩასვლისთანავე დამიბრუნეს.

- თქვენ გქონდათ მცდელობა, აგეხსნათ რაიმე?

რისი ახსნა შემეძლო? მაცილებენ ქვეყნიდან და თვითმფრინავში მსვამენ, რა უნდა ამეხსნა ასეთ დროს? ვცდილობდი გამეგო, რაში იყო საქმე, მაგრამ არ მითხრეს.

საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ, თუმცა აქამდე პრობლემა არასდროს შემქმნია.

- რატომ დატოვეთ მოსკოვი და წამოხვედით საქართველოსკენ?

საქართველოში ჩამოსვლა მინდოდა, რადგან იქაა ჩემი უფროსი ქალიშვილი და სხვა ნათესავები. რადგან მივხვდი, რომ უკეთესი იქნებოდა, მოსკოვი დამეტოვებინა, გადავწყვიტე მათთან წასვლა.

სამშაბათს „როსკომნადზორმა“ დაბლოკა „დოჟდისა“ და „ეხო მოსკვის“ საიტები. სამშაბათს საღამოს ცხადი გახდა, რომ „დოჟდს“ ხურავდნენ და არ აძლევდნენ მუშაობის უფლებას და რომ ეს დაკავშირებული იყო სერიოზულ რისკებთან რუსეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის. მეორე დილით გამოვფრინდი [მოსკოვიდან].

- აგვიხსენით, რა სიტუაციაა ახლა რუსეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის?

ამ სასწრაფოდ მიღებული კანონით, შემოიტანეს სამხედრო ცენზურა რუსეთში და თუ ერთი მილიმეტრით მაინც აცდები ოფიციალურ ნარატივს უკრაინასთან ომის შესახებ, რომელსაც ავრცელებს სახელმწიფო პროპაგანდა, შენ გემუქრება 15 წლამდე პატიმრობა, მოკლედ რომ ვთქვათ. ანუ ის კრძალავს, რასაც ისინი უწოდებენ „ფეიკების“ გავრცელებას ომის შესახებ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას, ასევე, იქ არის მოწოდება სანქციებისკენ. შესაძლოა, ეს ცალკე კანონია. როგორც ვხვდებით, ეს კანონი მუშაობს უკუძალით. ანუ იმ გადაცემების გამო - რომლებიც კანონის მიღებამდე გავიდა და რომლებშიც ომს ომს ვუწოდებდი - შეიძლება დამაპატიმრონ.

- რას ეტყოდით ქართულ საზოგადოებას?

რა შემიძლია ვთქვა, ეს საქართველოს შიდა საქმეა. ეს აჩვენებს დამოკიდებულებას რუსეთის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ, რომელიც ახლა ისეთი რისკების წინაშეა, რომლებიც არასდროს გამოუცდია. სავსებით ცხადია, რომ დღევანდელი რისკი ვერ გაუტოლდება სხვა რისკებს, რომლებიც რუსული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინაშე დგას უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. საქართველოს ხელისუფლებამ კი აჩვენა საკუთარი დამოკიდებულება, ჩემი აზრით. თუმცა ეს კითხვა მათ უნდა დაუსვათ. მე არაფერი შემიძლია.

- სპონტანურად გიწევთ გადაწყვეტილებების მიღება. გაქვთ თუ არა ამ წუთას გეგმა?

ნამდვილად ყველაფერი ძალიან სპონტანურად ხდება. ჩემი გეგმა იყო 1-2 კვირის გატარება ნათესავებთან თბილისში. მაგრამ ეს გეგმა ჩამოიშალა. ახლა, ვაწყობ სხვა გეგმას, მაგრამ კონკრეტული არაფერი.

განახლება: ინტერვიუს დაემატა ფრაგმენტი, რომელშიც რესპოდენტი განმარტავს, რომ საქართველოში არაერთხელ უმოგზაურია და აქამდე პრობლემა არასდროს შექმნია.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG