Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა


ფრანსუა ფიიონი 2017 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში
ფრანსუა ფიიონი 2017 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიის უმსხვილესი ინტეგრირებული კომპანიის, „სიბურ“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფიიონი დამოუკიდებელი დირექტორია.

2021 წლის ივლისიდან ფრანსუა ფიიონი კიდევ ერთი რუსული კომპანიის, „ზარუბეჟნეფტი“-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.

ფიიონს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში. 2017 წელს ფრანსუა ფიიონი კენჭს იყრიდა საფრანგეთის პრეზიდენტად. ფრანგული მედია ხშირად წერდა ფიიონის და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობრულ ურთიერთობაზე. 2018 წელს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ ფიიონს და პუტინს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

2020 წლის ივნისში, პარიზის სასამართლომ ფრანსუა ფიიონი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ცოლის ფიქტიურად დასაქმებაში და მიუსაჯა 5 წლით პატიმრობა, მათგან 3 წელი პირობითად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ფიიონი თავისუფალი რჩება.

ფრანსუა ფიიონი არ არის რუსულ კომპანიების დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებული ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ევროპიდან. 2017 წლიდან ნავთობკომპანია „როსნეფტ“-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი.

XS
SM
MD
LG