Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, ბელარუსის სპეცსამსახურებთან დადებული ხელშეკრულება გააუქმოს


აქცია თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან
აქცია თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან

საქართველოში მცხოვრები ბელარუსები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, ბელარუსის სპეცსამსახურებთან დადებული ხელშეკრულება გააუქმოს. 

საქმე ეხება შეთანხმებას, რომელიც ბელარუსისა და საქართველოს უშიშროების სამსახურებს შორის დაიდო და ახლახან ამოქმედდა. შეთანხმება გულისხმობს თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლაში და ასევე ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცვლასაც ითვალისწინებს. ბელარუსული დიასპორა მიიჩნევს, რომ დოკუმენტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, რომლებიც ბელარუსიდან საქართველოში პოლიტიკური დევნის გამო აღმოჩნდნენ.

ელენა ბელარუსი უფლებადამცველია. ბელარუსში უფლებადამცველი ცენტრის „ვიასნას“ საქმეში მოწმედ იყო წარმოდგენილი. მარტში, მორიგი დაკითხვის შემდეგ ელენამ ბელარუსი დატოვა და საქართველოში გადმოსახლდა. მისი თქმით, არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ მისი სტატუსი „მოწმედან“ „დამნაშავედ“ გადაკეთებულიყო.

ბელარუსი ახლა ბანაკს დაემსგავსა, ეს ძალიან საშიშია“, - ამბობს ელენა, - „ახლა ბელარუსში ყველაფერი ისე ხდება, როგორც ეს „არქიპელაგი გულაგშია“ აღწერილი“.

ელენა ჰყვება, რომ საქართველოში ბოლო დრომდე თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, მაგრამ ახლა ზემოთნახსენები შეთანხმება მასაც აშინებს და მის რამდენიმე თანამემამულესაც.

შეთანხმების მიზანი ორი ქვეყნის თანამშრომლობაა კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერტერორიზმის და ა.შ. წინააღმდეგ ბრძოლაში. დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ორი ქვეყნის უშიშროების სამსახურები ერთმანეთში რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას, მოთხოვნის შემთხვევაში კი პერსონალურ მონაცემებსაც გაუგზავნიან.

„ამ დოკუმენტმა საქართველოში მცხოვრები ბელარუსები საგონებელში ჩააგდო. მთელი დიასპორა ააფორიაქა. ის უფრო დეტალურად არის განსახილველი და მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას უკეთ მოახერხებს, რათა ბელარუსებმა ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ იცხოვრონ“, - ამბობს ელენა.

შეთანხმება 2016 წელს შემუშავდა, მაგრამ ძალაში მხოლოდ 2021 წელს შევიდა. ქართულმა მხარემ დოკუმენტს რატიფიკაცია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაუკეთა, ბელარუსმა კი სათანადო პროცედურები მხოლოდ ახლა დაასრულა. ლარისა პოგოდსკაია, სამოქალაქო აქტივისტი ბელარუსიდან, რომელიც საქართველოში ორიოდე თვის წინ გადმოვიდა. დარწმუნებულია, რომ ბელარუსის უშიშროების სამსახურისთვის ეს დოკუმენტი დიასპორის დაშინების მორიგი საშუალებაა.

„მაინცდამაინც ახლა რატომ მოახდინეს რატიფიცირება? აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათელია, იმიტომ, რომ ჩვენ ვაღიზიანებთ ბელარუსის საელჩოს საქართველოში. შარშან საელჩომ მშვენივრად იცოდა, რომ საქართველოში მცხოვრები ბელარუსების (ორასზე მეტი ადამიანი) უმეტესობამ ციხანოვსკაიას მისცა ხმა. ამის გამო საელჩო დაზარალდა, მათ ხომ არ შეუძლიათ ის ტოტი მოჭრან, რომელზედაც სხედან“, - ამბობს ლარისა პოგოდსკაია.

ლარისა ქალაქ ჟაბინკიდან ჩამოვიდა. იქ მას წარმატებული ბიზნესი ჰქონდა - აგროტურიზმი. ბოლო წლის განმავლობაში პოგოდსკაია აქტიურად მონაწილეობდა ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. მის წინააღმდეგ რამდენიმე ადმინისტრაციული საქმე აღიძრა, ივლისში კი 8 დღით ბრესტის იზოლატორში გამოკეტეს.

„სარდაფში ჩამამწყვდიეს, რწყილები, თაგვები, თამბაქოს სუნით გაჟღენთილი ყავისფერი, უფანჯრო კედლები. ნახვრეტებიდან წვიმის დროს წყალი თქრიალით შემოდიოდა, ბორკილები, გაუთავებელი შემოწმება, ჩხრეკა, ყოველ 15 წუთში სათვალთვალო ჭრილიდან გიყურებენ. მე ხომ არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. მუდმივად ვიმეორებდი, რა დავაშავე? ერთადერთი - პრეზიდენტს ხმა არ მივეცი, მაქვს ამის უფლება“.

გაათავისუფლეს თუ არა მან ბელარუსი დატოვა. პოგოდსკაია ამბობს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების გამო ბელარუსული დიასპორა საქართველოში საგრძნობლად გაფართოვდა.

„ჩვენ აქ საქართველოს ხელისუფლების წყალობით ჩამოვდივართ, იმის გამო, რომ აქ უსაფრთხოდ ვართ. რა თქმა უნდა, ბელარუსის ხელისუფლებას ვაღიზიანებთ ჩვენი აქციებით. ბოდიში, მაგრამ რაღაცნაირად ხომ უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ჩვენი მსოფლმხედველობა“, - ამბობს პოგოდსკაია.

არ არსებობს ოფიციალური მონაცემები თუ რამდენი ემიგრანტი ჩამოვიდა საქართველოში ბელარუსიდან. თავად დიასპორის წარმომადგენლების აზრით, მათი რიცხვი შესაძლოა ათობით, ან ასობითაც კი იყოს. ბელარუსების უმეტესობა საქართველოში ჟურნალისტებთან გამოჩენას ერიდება და მასობრივ აქციებში მონაწილეობისგანაც თავს იკავებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო ბელარუსის მიმართ უფრო ლოიალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებისგან, უკრაინისგან და აშშ-გან. ამასთან, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ აკრიტიკებს მინსკს და მხარს არ უჭერს სანქციებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ლუკაშენკოს საქართველოს წინააღმდეგ ხელში უჭირავს ძალიან ბინძური იარაღი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესაძლო აღიარება,“ - ამბობს თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი, - „თავის დროზე, აგვისტოს ომის შემდეგ, ლუკაშენკოს დასავლეთის რეაქციის შეეშინდა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებისგან თავი შეიკავა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ამას აძალებდა. ახლა კი თითქმის არაფერი აქვს დასაკარგი. დასავლეთმა სანქციები უკვე დაადო და თუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს აღიარებს, ბევრს არაფერს დაკარგავს“.

მიუხედავად ამისა, თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ საქართველოში მცხოვრებ ბელარუსებს ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ურთიერთობის არ უნდა შეეშინდეთ. ეს შეთანხმება სავალდებულო არ არის. ამას, თავის მხრივ, ადასტურებს საქართველოს უშიშროების სამსახურიც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი შეთანხმება სხვა ქვეყნებთანაც აქვს დადებული, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-თანაც. ასევე საქართველოს უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელი მხოლოდ ნებაყოფილობით და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

XS
SM
MD
LG