Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოსკარები 2021-ის“ ნომინაციები - რას ელოდნენ და რა მიიღეს


„ოსკარების“ ცერემონია წესით კარგა ხნის ჩატარებული უნდა იყოს, თუმცა პანდემიამ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება რამდენიმე თვით გადაავადა და ნომინაციებიც მხოლოდ 15 მარტს გამოცხადდა. თავად დაჯილდოება კი 25 აპრილს ჩატარდება.

გამოცხადებამდე ბევრს მსჯელობდნენ, აისახებოდა თუ ნომინაციებზე ამერიკაში დაწყებული კამპანია, რომლის მიზანიც ჰოლივუდში მრავალფეროვნების წარმოჩინება და ინკლუზიურობის გაზრდაა. კინოაკადემიამ 2020 წელს ახალი წესები მიიღო, რომლის თანახმადაც, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში განხილვისთვის კინოსურათი მრავალფეროვნების პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდეს და მის გადაღებაში უნდა მონაწილეობდნენ აქამდე არასაკმარისად წარმოდგენილი ჯგუფები - შავკანიანები და ლათინოამერიკელები, ქალები, ლგბტ+ თემის წარმომადგენლები... ეს რეგულაციები (რომელსაც კრიტიკაც ბევრი მოჰყვა, ამერიკაშიც და საზღვარგარეთაც) ძალაში 2024 წლიდან შევა, თუმცა ელოდნენ, რომ ინკლუზიურობის ეს სულისკვეთება „ოსკარებს“ წელსვე დაეტყობოდა.

ნომინაციების ოფიციალურად გამოცხადებამდე ამერიკული პრესა რამდენიმე შეკითხვაზე ამახვილებდა ყურადღებას - რამდენად მრავალფეროვანი იქნებოდა ნომინაციები? გადაასწრებდნენ თუ არა სტრიმინგ სერვისები ნომინაციებში ტრადიციულ კინოსტუდიებს? რამდენად წარმოჩენილნი იქნებოდნენ ქალები?

ქალები

საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ქალმა ბოლოს 2010 წელს გაიმარჯვა - კეთრინ ბიგელოუმ ფილმისთვის The Hurt Locker
საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ქალმა ბოლოს 2010 წელს გაიმარჯვა - კეთრინ ბიგელოუმ ფილმისთვის The Hurt Locker

აქამდე „ოსკარების“ ისტორიაში სულ ოთხი ქალი იყო წარდგენილი საუკეთესო რეჟისორის ნომაციაზე - გრეტა გერვიგი, კეთრინ ბიგელოუ, სოფია კოპოლა, ჯეინ კამპიონი და ლინა ვერტმიულერი. წელს ამ ნომინაციაში მოხვედრის რეალური შანსი 3 ქალს ჰქონდა - ემერალდ ფენელს (Promising Young Woman), რეჯინა კინგს (One Night in Miami) და ქლო ჟაო (Nomadland). საბოლოოდ ნომინაციები ორ მათგანს - ემერალდ ფენელს და ქლო ჟაოს ერგოთ.

კრიტიკოსების აზრით ოსკარის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ქლო ჟაოს აქვს, რომელმაც უკვე მიიღო არაერთი პრიზი სხვადასხვა ფესტივალებზე, მათ შორის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე. ელიან, რომ სწორედ ის გახდება პირველი ქალი 20120 წლის შემდეგ, რომელიც საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვებს.

ისე კი, წელს 70-მა ქალმა მიიღო ნომინაცია 76 კატეგორიაში, რაც, კინოაკადემიის ცნობით, რეკორდული მაჩვენებელია.

ჩედვიკ ბოუსმენის ნომინაცია

ჩედვიკ ბოუსმენი, რომელიც შარშან გარდაიცვალა, საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა
ჩედვიკ ბოუსმენი, რომელიც შარშან გარდაიცვალა, საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა

იყო შანსი, რომ ისტორიული შედეგი ეჩვენებინა მსახიობ ჩედვიკ ბოუსმენსაც, რომელიც 2020 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. „შავ პანტერას“ ლამის გარანტირებული ჰქონდა ნომინაცია ფილმისათვის Ma Rainey’s Black Bottom (კრიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ როლისთვის საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში გამარჯვების ყველაზე რეალური კანდიდატია), თუმცა შესაძლებელი იყო, რომ ის მეორეხარისხოვანი როლისთვისაც წარედგინათ სპაიკ ლის ფილმში Da 5 Bloods შესრულებული როლისთვის.

საბოლოოდ ბოუსმენი მხოლოდ ერთ ნომინაციაზე - საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში წარადგინეს. თუ ის გაიმარჯვებს (რისიც დიდი შანსია), ის გახდება მეოთხე ადამიანი, რომელიც სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდება (ჰიტ ლეჯერის და პიტერ ფინჩის შემდეგ) და მეხუთე შავკანიანი, რომელიც ამ კატეგორიაში გაიმარჯვებს.

სტრიმინგის ტრიუმფი

პანდემიის პირობებში კინოთეატრები მთელს მსოფლიოში ამან ჩაანაცვლა
პანდემიის პირობებში კინოთეატრები მთელს მსოფლიოში ამან ჩაანაცვლა

რამდენიმე წლის წინ „სტრიმინგი“ მარტო ქართველებისთვის კი არა, ინგლისურენოვანი ქვეყნების მაცხოვრებლებისთვისაც უცხო სიტყვა იყო. დღეს კი „ნეტფლიქსის“ მომსახურებით საქართველოშიც ბევრი სარგებლობს, სხვაგან კი Amazon Prime-ის, Hulu-ს და HBO Max-ის ფილმებსაც უყურებენ ოფიციალურად.

პანდემიის პირობებში კინოთეატრები მთელს მსოფლიოში დაიკეტა და ამ სერვისებმაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილი ფილმებიდან ზოგი პირდაპირ სტრიმინგ სერვისებს ეკუთვნით - The Trial of the Chicago 7 და Mank „ნეტფლიქსისაა, Sound of Metal „ამაზონის“ - ზოგი კი, მართალია კინოშიც აჩვენებს, მაგრამ ისინი, პანდემიის გამო, დიდ ეკრანზე ლამის არავის უნახავს და პარალელურად Hulu-ზე და HBO Max-ზე აჩვენებდნენ (Nomadland და Judas and the Black Messiah).

თუმცა, კინოინდუსტრიის ნამდვილი ტესტი ალბათ მომავალ წელს ჩატარდება, როდესაც ამერიკაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და გამოჩნდება, დაუბრუნდება მაყურებელი კინოთეატრებს თუ წამყვან როლს ისევ „ნეტფლიქსი“ და „ამაზონი“ შეინარჩუნებენ.

რამდენიმე ძირითად კატეგორიაში ნომინირებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი

„მამა (The Father)

„იუდა და შავკანიანი მესია“ (Judas and the Black Messiah)

„მანკი“ (Mank)

„მინარი“ (Minari)

“მომთაბარეთა მიწა” (Nomadland)

„იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (Promising Young Woman)

„მეტალის ხმა“ (Sound of Metal)

„ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო“ (The Trial of the Chicago 7)

საუკეთესო რეჟისორი

თომას ვინტერბერგი, „კიდევ ერთი ჭიქა“ (Another Round)

დევიდ ფინჩერი, „მანკი“ (Mank)

ლი ისააკ ჩანგი, „მინარი“ (Minari)

ქლო ჟაო, “მომთაბარეთა მიწა” (Nomadland)

ემერალდ ფენელი, „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (Promising Young Woman)

საუკეთესო მსახიობი კაცი

რიზ აჰმედი, „მეტალის ხმა“ (Sound of Metal)

ჩედვიკ ბოუსმენი, „მა რეინის ცეკვა“ (Ma Rainey's Black Bottom)

ენტონი ჰოპკინსი, „მამა“ (The Father)

გარი ოლდმენი, „მანკი“ (Mank)

სტივენ იუნი, „მინარი“ (Minari)

საუკეთესო მსახიობი ქალი

ვიოლა დეივისი, „მა რეინის ცეკვა“ (Ma Rainey's Black Bottom)

ანდრა დეი, „ამერიკის შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“ (The United States vs. Billie Holiday)

ვანესა კირბი, „ქალის ნამსხვრევები“ (Pieces of a Woman)

ფრენსის მაკდორმანდი, “მომთაბარეთა მიწა” (Nomadland)

კერი მალიგანი, „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (Promising Young Woman)

ნომინაციების სრულ სიას "ოსკარების" ოფიციალურ საიტზე იხილავთ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG