Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვაწლიანი რიგი ბავშვისთვის


ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში

26 გასაშვილებელი ბავშვი 3 000-ზე მეტი მსურველისთვის - ეს არის დღეს საქართველოში არსებული რეალობა. იმისთვის, რომ ბავშვი იშვილოს, წყვილს მრავალწლიანი რიგის გავლა უწევს. პარალელურად, ათასზე მეტი ბავშვი მინდობით აღზრდაში იმყოფება, თუმცა მათზე ბიოლოგიური მშობლები უარს არ ამბობენ და, შესაბამისად, ვერც გასაშვილებელთა სიაში ხვდებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეს მინდობით აღზრდაში 1 200 ბავშვია, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე - 173. შვილად აყვანის მსურველთა რაოდენობა 3 156-ია, გასაშვილებელი ბავშვი კი - 186, მათგან 119 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან ისეთი, რომელსაც სტატუსი არა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა კი აქვს. გარდა ამისა, გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვებიდან 22 გაშვილების წინააღმდეგია. მათ ასაკი აძლევთ უფლებას თავად აირჩიონ საკუთარი ბედი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პოტენციური მშობლები მხოლოდ 26 ბავშვს უნდა დასჯერდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ შვილად აყვანის პროცედურა რთული არ არის, უბრალოდ, გასაშვილებელი ბავშვებია ცოტა. ამასთან, არავის უნდა ისეთი ბავშვის აყვანა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. აქ ლაპარაკია როგორც განუკურნებელ, ასევე განკურნებად დაავადებებზე.

თამარ ლუკავა
თამარ ლუკავა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ლუკავა ამბობს, რომ ბავშვის შვილად აყვანა ბევრს უნდა, მაგრამ როდესაც თავისი რიგი მოუწევს, ჯერ ბავშვსა და პოტენციურ მშობელს შორის თავსებადობა უნდა განისაზღვროს. თამარ ლუკავა ამბობს, რომ კანონის მიხედვით, ძალიან ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება თავსებადობაში. გარდა ამისა, თუ შეთანხმება ვერ შედგა, პოტენციურ მშობელს სხვა ბავშვს შესთავაზებენ. ამასობაში რიგი ჩერდება და პროცესი დროში იწელება:

„როგორც ვიცი, დაახლოებით, რვა-ათი წელი უწევს მშობლის სტატუსის მაძიებელს ლოდინი, მაგრამ ამ დროსაც, პირველ რიგში, ითვალისწინებენ თავსებადობას. კანონში პირდაპირ წერია, რომ მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი უნდა იყოს. წლობით ლოდინის შემდეგ მშობლებიდან ერთ-ერთს ჯანმრთელობა შეიძლება ისე შეეცვალოს, რომ ეს უარის საფუძველი გახდეს“.

თამარ ლუკავა ასევე ამბობს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვების უფლებები ირღვევა, მაგრამ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვის დედას თუ მამას მშობლის უფლება ჩამოართვას. შესაბამისად, ეს ბავშვები გასაშვილებელთა სიაში საერთოდ ვერ ხვდებიან:

„ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ბავშვებს მშობლები აიძულებენ მათხოვრობას. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს ეს საკითხი და დააყენოს მშობლის უფლების ჩამორთმევის საკითხი, მაგრამ რატომღაც ამ უფლებას არ იყენებს“.

თამარ ლუკავას თქმით, იმისთვის რომ შვილად აყვანის პროცედურა უფრო გამარტივდეს, პირველ რიგში, რეგისტრაციის რიგები უნდა დაიხვეწოს. ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ სათანადოდ უნდა იმუშაოს და თუ ბავშვის უფლებები ირღვევა, მათი მშობლებისთვის მშობლის უფლების ჩამოსართმევად სასამართლოს მიმართოს.

არ აქვთ ის განათლება, რაც უნდა ჰქონდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ოჯახი იყოს მომზადებული იმისთვის, თუ რა სპეციფიკის, რა წარსულის ბავშვი მოდის მათთან...
ნინო ოქრომჭედლიშვილი

გარდა უშუალოდ გაშვილებისა, არის მინდობით აღზრდის პრაქტიკაც. ამ დროს ბავშვს დროებით ზრდის წინასწარ შერჩეული ოჯახი. ბავშვის ზრუნვისთვის ოჯახი თვეში, დაახლოებით, 450 ლარს იღებს, რომელიც უმეტესად ისევ შვილობილს უნდა მოხმარდეს.

კანონმდებლობის თანახმად, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მდგომარეობას ამოწმებს სოციალური მუშაკი: პირველი თვის განმავლობაში - თვეში არანაკლებ ოთხჯერ, ხოლო შემდგომი თვეების განმავლობაში - მინიმუმ ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

ასოციაცია „ბავშვი და ოჯახის“ წარმომადგენელი ნინო ოქრომჭედლიშვილი ამბობს, რომ ოჯახები, რომლებსაც მინდობით აღზრდაში აჰყავთ ბავშვები, ხშირად მოუმზადებლები არიან და მოგვიანებით, რეალურ პრობლემებთან შეხებისას, ბავშვებს ისევ უკან აბრუნებენ:

„ნებისმიერ ოჯახში გვაქვს აღზრდის პრობლემები. საკუთარ შვილებთან არ გამოსდით ურთიერთობები. არ იციან! არ აქვთ ის განათლება, რაც უნდა ჰქონდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ოჯახი იყოს მომზადებული იმისთვის, თუ რა სპეციფიკის, რა წარსულის ბავშვი მოდის მათთან. აი, თუნდაც ის, რომ ლამაზად არ წერს, ამაზე არ უნდა გაუბრაზდეს, რადგან ამ დროს მას უკვე მოენატრა დედა და, საერთოდ, მისი ფიქრები სხვაგანაა. ან ამაზე - რატომ ეჩხუბე და რატომ დაარტყი შენს ამხანაგს იმისთვის, რომ მას დედამ მიაკითხა დღეს სკოლაში“.

რაც შეეხება პრობლემებს, ნინო ოქრომჭედლიშვილის თქმით, ეს ძირითადად ორია. პირველი, ბავშვებს მძიმე წარსულის გამო საკმაოდ რთული ქცევა ახასიათებთ და მეორე, ის თანხა, რომელიც ბავშვის აღსაზრდელად ოჯახისთვის გამოიყოფა, საკმარისი არ არის:

„ამ ბავშვებმა ურთულესი ცხოვრება გამოიარეს. მათ შეიძლება ჰქონდეთ კვებითი პრობლემები, საკვებით ვერ კმაყოფილდებიან და მუდმივად ჭამა უნდათ. აგრესიულები არიან თანატოლების მიმართ. შეიძლება ჰქონდეთ ქურდობისკენ მიდრეკილება. ძალიან ბევრი ქცევითი პრობლემა ახასიათებთ განსაკუთრებით იმათ, ვისაც დიდ ინსტიტუციებში ცხროვრების გამოცდილება აქვს“.

იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისეც, რომ აქვთ წასასვლელი, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც არა აქვთ. ერთი თვის წინ მქონდა ასეთი ფაქტი: ბავშვი გახდა თვრამეტი წლის. არსად ჰქონდა წასასვლელი და ახლა ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამაში არის ჩართული. აგონიაშია, რბილად რომ გითხრათ...
ლელა ეხვარია

ნინო ოქრომჭედლიშვილი ეხება ფინანსური უზრუნველყოფის საკითხსაც და ამბობს, რომ ხშირად ბავშვი მინდობით აღზრდაში ფინანსური დაინტერესების გამო აჰყავთ. შემდეგ ირკვევა, რომ ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო თითოეულ აღსაზრდელს ურიცხავს, საკმარისი არ არის და უშუალოდ ოჯახს ბევრი არაფერი რჩება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს რამე ძვირად ღირებული დასჭირდა, მაგალითად, ფსიქოლოგის მომსახურება. ნინო ოქრომჭედლიშვილის თქმით, თუ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, მან ფსიქორეაბილიტაცია უნდა გაიაროს, თვეში 450 ლარი კი ოთხ სეანსსაც კი არ ეყოფა.

ასოციაცია „ცხოვრების შანსის“ წარმომადგენელი ლელა ეხვარია ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ ბაშვებისთვის მაშინ დგება, როცა თვრამეტი წლისები ხდებიან და იმ ოჯახებისა და ინსტიტუციების დატოვება უწევთ, სადაც მანამდე იზრდებოდნენ. ლელა ეხვარია აცხადებს, რომ გაურკვეველი მომავლის გამო ბავშვები იმდენად არიან შეშინებულები, რომ დაბადების დღეც კი არ უხარიათ. პროგრამები,რომლებიც მათ მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს, რეალურად საკმარისი არ არის. ხანდახან ხდება ისეც, რომ რომელიმე ფონდი ბავშვებს მცირედით ეხმარება, მაგრამ რეალურად მეთვრამეტე დაბადების დღიდან მათთვის მაინც დიდი გაურკვევლობა იწყება.

„მეორე დღესვე ან იმ კვირაში მოდის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბავშვი ამორიცხულია დაწესებულებიდან და მან უნდა იშოვოს ბინა. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისეც, რომ აქვთ წასასვლელი, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც არა აქვთ. ერთი თვის წინ მქონდა ასეთი ფაქტი: ბავშვი გახდა თვრამეტი წლის. არსად ჰქონდა წასასვლელი და ახლა ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამაში არის ჩართული. აგონიაშია, რბილად რომ გითხრათ. „ნატახტარის“ ფონდი ეხმარება ხოლმე, მაგრამ ისეთი მცირე თანხაა, რომ ერთი პატარა ოთახის დაქირავება თუ მოხერხდება. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ან რას ჭამს, რას იცვამს, ან სამედიცინო საჭიროებებს როგორ უმკლავდება... ამას ყველაფერს ბავშვი ვერ უზრუნველყოფს“.

ნინო ოქრომჭედლიშვილი ამბობს, რომ ძალიან ხშირად ისეც ხდება, რომ მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვი თვრამეტი წლის შემდეგ თავად ოჯახს დაუტოვებია და ის ღია ცის ქვეშ ცხოვრებას გადარჩენილა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ ვერ ხერხდება ამ ბავშვების გაშვილება, ნინო ოქრომჭედლიშვილის თქმით, მათ ჰყავთ ბიოლოგიური მშობლები, მათგან ზოგიერთი რამდენიმე თვეში ერთხელ ბავშვს ნახულობს და მერე ისევ იკარგება. მისი თქმით, ასეთი მშობლებისთვის ბავშვის ჩამორთმევის საკითხი, მართლაც, უნდა დადგეს და ბავშვიც გაშვილდეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG