Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიის სკოლები და ასოცირების შეთანხმება


"დემოკრატიის ბანაკი" ანაკლიაში
"დემოკრატიის ბანაკი" ანაკლიაში

ტრადიცია არც წელს დაირღვა. „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) თელავის, ქუთაისის, ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებისთვის ანაკლიაში უკვე მეორე წელია დემოკრატიის ბანაკს აწყობს. წლევანდელი შეკრების მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება იყო. ყოფილი ევროპარლამენტარი ჰოლანდიიდან იან მარინუს ვიერსმა და ამ საკითხების სპეციალისტი მიხეილ მირზიაშვილი ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ ხელშეკრულების შინაარსს, ევროკავშირის სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და, ზოგადად, იმ ვალდებულებებს, რომლებიც ხელშეკრულების მხარეებს შესასრულებელი აქვთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ამ შეთანხმებაშია ჩადებული, არის ის, რომ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა, ხელშეკრულების შესრულებისა და მონიტორინგის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სამოქალაქო საზოგადოება. ამის გამო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამოქალაქო პლატფორმაც იქმნება. კონკრეტულ აქტივობებს ნიმდის დემოკრატიის სკოლებიც გეგმავენ. ახლა გორში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში 40-ზე მეტმა ადამიანმა უფრო მეტი იცის ასოცირების შეთანხმების შესახებ, ვიდრე ანაკლიაში ჩასვლამდე იცოდა. საკუთარი კურსდამთავრებულების მომზადება და ინფორმაციის ფართოდ გავრცელება ნიმდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თელავის უნივერსიტეტის პროფესორი თამარ მიქელაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ნიმდელებმა საზოგადოებამდე სწორი ინფორმაცია მიიტანონ.

შეხვედრაზე მიწვეული იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი, რომელმაც ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე ისაუბრა. სამინისტროებმა საკუთარი მიმართულებების მიხედვით უნდა წარმოადგინონ კონკრეტული მუხლების შესრულების თავ-თავიანთი გეგმა, რის საფუძველზეც შეიქმნება ქვეყნის მოდერნიზების სამწლიანი გეგმა.

ახალგაზრდული მოძრაობა “დროას” წარმომადგენელი კატო ქოთოლაშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიაში, ნიმდის ბანაკში, მიღებული ინფორმაცია და ცოდნა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავრცელდეს ქალაქებსა და სოფლებში, რათა დაიმსხვრეს ის სტერეოტიპები, რაც ამ შეთანხმებას თან ახლავს. მისი აზრით, ბევრი ახალგაზრდა უნდა მომზადდეს, რათა შემდგომ მათ საკუთარ თანატოლებთან იმუშაონ.

რა უნდა დავივიწყოთ, რა შევინარჩუნოთ და ვისწავლოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ეს იყო თემა ლექციისა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა, ანდრო დგებუაძემ, წაიკითხა. სტერეოტიპების დაძლევა, მენტალური ცვლილებები, იმ მავნე თვისებების დავიწყება, რომელიც საზოგადოების განვითარებას ხელს უშლის - ეს ლექცია ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულ ლაშა მურუსიძეს დიდხანს ემახსოვრება.

ნიმდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების რისკები პოლიტიკოსების მიერ მათი დროში გაწელვაა. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს და რაც შეიძლება მეტი მოითხოვოს ხელისუფლებისგან.

ევროკავშირის მუშაობის უკეთესად გაგების მიზნით, ადგილზე გუნდებმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების მოდელირება გააკეთეს. ეს როლური თამაში ძალიან ჰგავდა რეალობას და ნიმდის კურსდამთავრებულებმა უკეთესად გაიგეს როგორ მიიღება რთული გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით. გარდა ამისა, გაიმართა დებატები. ბოლოს კი ყველაფერი ჯაზით და დემოკრატიით დასრულდა.

XS
SM
MD
LG