Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავა აშშ-ს აქტიურობისკენ მოუწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 3 ივნისს პოლონეთს ეწვია. პოლონეთი აღნიშნავს მეოთხედი საუკუნის გასვლას მას შემდეგ, რაც ის ყოფილი საბჭოთა ბლოკის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები გამართა. პოლონეთი ამ დღეს დასავლელი მოკავშირეებისთვის, განსაკუთრებთ აშშ-სთვის, მადლობის სათქმელად იყენებს კომუნიზმის დამხობაში გაწეული დახმარებისთვის, თუმცა, იმავდროულად, დასავლეთს შეახსენებს, რომ კვლავაც ბევრი რამაა გასაკეთებელი.

პოლონეთის ოფიციალური პირები ბარაკ ობამას, სავარაუდოდ, პირდაპირ არ ეტყვიან, ხომ გაფრთხილებდითო, მაგრამ მათ ვერავინ გაამტყუნებს იმისთვის, რომ ასე ფიქრობენ.

როცა აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავას 2011 წელს ეწვია, მას სურდა პოლონელები დაერწმუნებინა, რომ ისინი აღარ საჭიროებდნენ დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერას, რადგან, ობამას შეფასებით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე შემცირებული იყო.

სამი წლის შემდეგ ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია უკრაინაში რუსეთის ძალისმიერი ჩარევით.

დღეს პოლონეთი პირველი ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნების ჩატარების 25-ე წლისთავს ზეიმობს - არჩევნებისა, რომელიც 1989 წლის 4 ივნისს ჩატარდა და რომელშიც ლეხ ვალენსას სოლიდარობის მოძრაობამ კომუნისტებზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა. ამ არჩევნების 25-ე წლისთავის აღნიშვნისას პოლონეთი ცდილობს აშშ დაარწმუნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპა კვლავ მისი ყურადღების ცენტრში უნდა დაბრუნდეს.
ამ მოსაზრებას ბევრი პოლონელი იზიარებს - როგორც პოლიტიკის სფეროში მომუშავე პირები, ისე სხვა პროფესიათა წარმომადგენლები. 22 წლის სტუდენტს, პიოტრ პაშინსკის, ვარშავის ერთ-ერთ კაფეში ყავის სმის დროს გამოველაპარაკეთ:

„ძალიან, ძალიან შეშფოთებული ვარ გლობალური ვითარებით. ბევრი რამ იცვლება და ამის ერთ-ერთ გამოვლინებას უკრაინაში ვხედავთ. პუტინმა ყველას მოუგო გამჭრიახობით და ეს ძალიან შემაშინებელია. მსოფლიოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია“.

პოლონეთის 1989 წლის არჩევნების მნიშვნელობის ხაზგასმასთან ერთად, ობამა ვარშავაში მოგზაურობას იყენებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატავად. ამის ნიშნებია ობამას შეხვედრა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან, ისევე როგორც დასწრება ყირიმელი თათრების ლიდერის, მუსტაფა ჯემილევისთვის პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე.

თუმცა, სავარაუდოდ, ობამა არ დასთანხმდება დახმარების კონკრეტულ ფორმებს, რომელთა განხორციელებაც უკრაინის მღელვარების ფრონტის ხაზზე მყოფ ვარშავას სურს - მაგალითად, ნატოს სამხედროების პერმანენტულ განთავსებას ქვეყანაში.

პოლონეთის ბევრი მოქალაქე კვლავაც დანანებით ლაპარაკობს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ობამამ პრეზიდენტად არჩევიდან და რუსეთთან ურთიერთობაში „გადატვირთვის“ დაწყებიდან მალევე მიიღო - გაეუქმებინა პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმა. თუმცა, ამავე დროს, ბევრი ფიქრობს, რომ უკრაინის კრიზისი ერთგვარი გამოღვიძების მიზეზი გახდება და გამოიწვევს რუსეთის დაშოშმინების იმ პოლიტიკის გადახედვას, რომელსაც, მათი აზრით, ობამა თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მისდევდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ჰენრიკა მოშციცკა-დენდისი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

„ზოგიერთი ამბობს, რომ ისტორია მეორდება და მიამიტურად არ უნდა გვჯეროდეს ევროპაში ყველა პარტნიორს შორის მშვიდობიანი კავშირების არსებობისა. უკრაინაში განვითარებული პროცესები გვაიძულებს ახლებურ კონტექსტში განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები. თავიდან უნდა დავფიქრდეთ როგორც ევროპაში, ისე ტრანსატლანტიკური კავშირების ჭრილში. ვფიქრობ, საკითხები, რომლებიც გადაჭრილად ან უკვე ნაკლებად აქტუალურად მიგვაჩნდა, - მაგალითად, მაღალი ხარისხის უსაფრთხოება, - ისევ ბრუნდება ასპარეზზე“.

1989 წლის ივნისში, პირველი ნაწილობრივად თავისუფალი არჩევნების ჩატარებისას, პოლონეთი ისეთივე გაღარიბებული და განვითარების საჭიროების მქონე იყო, როგორც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შემავალი უკრაინა. თუმცა ახლა, 25 წლის შემდეგ, პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი სამჯერ აჭარბებს უკრაინისას.
პოლონეთში გამომავალი ავტორიტეტიანი გაზეთის, „გაზეტა ვიბორჩას“ საგარეო პოლიტიკის მიმომხილველი ბარტოშ ვიელინსკი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

„ახლა ვითარება ძალიან განსხვავებულია. ევროკავშირის ასპარეზზე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ვასრულებთ და პოლონეთის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატების ხმას უსმენენ - განსაკთრებით ახლა, როცა უკრაინაში კრიზისია. ჩვენ ამაში წამყვან როლს ვასრულებთ - სხვებთან ერთად, ცხადია. ის ფაქტი, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი [ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის] ქალბატონი ეშტონის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატია, ასევე მოწმობს ამ ქვეყნის მნიშვნელობას“.

პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის მარცინ ზაბოროვსკის თქმით, ორ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით ვაშინგტონის გაუბედავმა მოქმედებამ პუტინი დაარწმუნა, რომ უკრაინაში მის მოქმედებას ხელშესახები შედეგები არ მოჰყვებოდა. ეს საკითხებია საქართველო-რუსეთის ომი, რომელიც ობამას გაპრეზიდენტებამდე მოხდა, და სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება:

„დიახ, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან, ძალიან სერიოზული საკითხია. საქართველოსთან მიმართებით სხვაგვარი რეაგირება რომ მოეხდინათ, არა მგონია, დღევანდელი ვითარება მიგვეღო. ჩემი აზრით, პუტინისთვის გაკვეთილი იყო საქართველოში შექმნილი სიტუაცია - ამაზე ძალიან სუსტი რეაქცია - და შემდეგ სირიასთან მიმართებით დაშვებული დათმობები. მან დაასკვნა, რომ აშშ-ს მტკიცე ნება აკლია“.

პოლონეთში ბევრი დადებითად შეხვდა ობამას გადაწყვეტილებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდანაც მოჰყვა იგივე ნაბიჯი. პოლონეთის ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, შეეცდებიან ობამა დაარწმუნონ, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

ასეთ ფონზე, პოლონეთში მოისმენთ მოსაზრებასაც, რომ უკრაინის კრიზისმა პოლონეთის ხელისუფლებას გადაჭარბებული თავდაჯერების საფუძველი მისცა მსოფლიო ასპარეზზე მათი როლის თაობაზე.

„ჩემი აზრით, პოლონეთში ბევრი თვლის, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი არიან, მაგრამ, რეალურად, ეს მნიშვნელობა იმ გარემოებას ეფუძნება, რომ უკრაინაში შეგვიძლია ჩასვლა და გარკვეული როლის შესრულება. რომ არა უკრაინის ეს კრიზისი, არა მგონია, პრეზიდენტი ობამა აქ ჩამოსულიყო არჩევნების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად. მიამიტური იქნებოდა ამის დაჯერება“, ამბობს 66 წლის მარია ოლსონი, რომელსაც ვარშავაში გავესაუბრეთ.
XS
SM
MD
LG