Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი არ განიხილება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ შეხვდა გერმანიის კანცლერს. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ოფიციალური ვიზიტით, ანგელა მერკელის პირადი მიწვევით ჩავიდა. გერმანიისა და საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობას ბოლო ათი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ ინტენსიურს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. რა განაპირობებს ორი ქვეყნის დაახლოებას, როგორ აისახება ეს საქართველოს ინტერესებზე და რატომ ჩაითვალა საჭიროდ მინიშნების გაკეთება, რომ საქართველო ვერ მიიღებს MAP-ს ნატოს მომავალ სამიტზე?

2 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანია მიესალმება საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ, რომ ბერლინი ყოველმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში 27 ივნისს მისი ხელმოწერის შემდეგ და რომ დროა, ინვესტიციების მოზიდვისთვის მსოფლიომ უკეთ გაიცნოს საქართველო, როგორც ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანა. სწორედ ახალი ინვესტორების მოძიების მიზნით დაიგეგმა ბერლინში ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი, რომელში მონაწილეობის სურვილიც ასამდე ადგილობრივმა ბიზნესმენმა გამოხატა.

გერმანიის კანცლერს თავის ძირითად გამოსვლაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ უხსენებია, ხოლო როცა ამ თემაზე შეკითხვა დაუსვეს, ანგელა მერკელმა ივარაუდა, რომ საქართველოს უელსის შემოდგომის სამიტზე MAP-ის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს:

”ჩემი თვალთახედვით, MAP-ი არ შედის ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია; ვხედავთ, რა წვლილი შეაქვს საქართველოს ჩვენს ერთობლივ საქმიანობაში - ავღანეთში, მაგალითად - და, ვფიქრობ, ნატოს მომავალ სამიტამდე უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ ცხადვყოთ, რომ ამ რთულ საქმიანობაში საქართველო კარგი პარტნიორია. საამისოდ MAP-ის გარდა, ვფიქრობ, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს”.
ეს არის სიგნალი პუტინისთვის, რომ თუკი ის მოიქცევა საერთაშორისო საზოგადოების სურვილის შესაბამისად და რაღაცნაირად დაასტაბილურებს ურთიერთობას უკრაინასთან, მაშინ დასავლეთი არ დასჯის მას...
კორნელი კაკაჩია

რატომ იჩქარა ანგელა მერკელმა, მაშინ როცა მსგავსი შეფასებების გაკეთებას არ ჩქარობენ ნატოს ხელმძღვანელი პირები? სხვათა შორის, ამ შეკითხვიდან გამომდინარეც, ანგელა მერკელის ვარაუდი სხვადასხვანაირად იქნა გაგებული: თუკი ერთნი თვლიან, რომ გერმანიის კანცლერმა ფუჭ იმედებს შეგნებულად დაუსვა წერტილი, ხოლო მეორენი მის ვარაუდს მიიჩნევენ ნატოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებად, რომელსაც წყალი აღარ გაუვა, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ანგელა მერკელის სიტყვები
რუსეთის ხელისუფლების გასაგონად ითქვა:

”ეს არის სიგნალი პუტინისთვის, რომ თუკი ის მოიქცევა საერთაშორისო საზოგადოების სურვილის შესაბამისად და რაღაცნაირად დაასტაბილურებს ურთიერთობას უკრაინასთან, მაშინ დასავლეთი არ დასჯის მას, ვთქვათ, საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიღებით ნატოში... სწორედ ასე უნდა გავიგოთ, ალბათ, ეს განცხადება. გერმანიას არ უნდა, რომ გარიყოს რუსეთი და კუთხეში მიიმწყვდიოს და სწორედ ამიტომ ისინი ყოველთვის მოერიდებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც, მათი აზრით, გააღიზიანებს რუსეთს. გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ეკონომიკური პარტნიორი, ბაზარზე რომ აღარაფერი ვთქვათ”.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ ქალბატონი მერკელის მხარდაჭერა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში. ასევე მივიღეთ მხარდაჭერა, რომ გაღრმავდება ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები...
ირაკლი ღარიბაშვილი


ამასთან, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ანგელა მერკელის მესიჯი შესაძლოა შეიცვალოს უელსის სამიტამდე, ვითარების გათვალისწინებით ზოგადად რეგიონში თუ კონკრეტულად უკრაინაში ან საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ, რომ, საფრანგეთთან ერთად, ძირითადად სწორედ გერმანიის წინააღმდეგობის შედეგად ვერ მიიღო საქართველომ MAP-ი ნატოს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წლის აპრილში, რაც, ბევრის აზრით, რუსეთმა აღიქვა ”მწვანე შუქად”, რომ საქართველოს მიმართ აგრესია გამოემჟღავნებინა. ამ აზრს არ იზიარებს გერმანიის კანცლერი და ეს მან 2 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა.

ამავე პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს საგანგებო მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას ნატო არ უხსენებია. მისი გამოსვლის ძირითადი აქცენტები ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვას უკავშირდებოდა:

”ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ ქალბატონი მერკელის მხარდაჭერა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში. ასევე მივიღეთ მხარდაჭერა, რომ გაღრმავდება ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი გზავნილია დანარჩენი ევროპული ქვეყნებისთვის, რომ საქართველოში გარემო დღითიდღე უმჯობესდება".

ვიდრე უშუალო მასპინძელს - გერმანიის კანცლერს - შეხვდებოდა, 2 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით ”საქართველოს ევროპული გზა”. ირაკლი ღარიბაშვილმა იქ განაცხადა, რომ საქართველომ თანმიმდევრული და ეფექტიანი რეფორმებით დაამტკიცა, რომ ”ის არის გერმანიის, ევროკავშირისა და ნატოს სტაბილური, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიზანს - აქტიურად შეიტანოს წვლილი რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამავე შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის ანგელა მერკელთან შეხვედრისას განიხილავს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გზებს, რათა ”კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები, ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყნებსა და, მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს და ნატოს შორის”.

ანგელა მერკელი და ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველად ეს 28 მაისს მოხდა, როცა გერმანიის კანცლერი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების - საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის - პრემიერ-მინისტრებს შეხვდა.

საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები ასეთი ინტენსიური არასოდეს ყოფილა ბოლო ათი წლის განმავლობაში, - ეუბნება ჟურნალისტებს ბერლინში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ამის კიდევ ერთ დასტურად ასახელებს იმ ფაქტსაც, რომ ის თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბოლო თვეებში 3-ჯერ შეხვდა, მათ შორის - თბილისშიც. მინისტრი ფანჯიკიძე ამბობს, რომ გერმანიისთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

ხოლო როგორც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე ბერლინში მყოფმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველო გერმანიისგან პოლიტიკურ, ფინანსურ, საკონსულტაციო თუ ტექნიკური სახის დახმარებას მოელის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG