Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის განვითარების ტენდენციები და გამოწვევები


ბათუმის სანაპირო
ბათუმის სანაპირო
მაისის ბოლოს საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა იგეგმება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ მიმდინარე კვირაში გამოაცხადა და მისი უწყების სტრატეგიის დეტალებზეც ისაუბრა. გიორგი სიგუას უნდა, რომ წელს საქართველოში უკრაინელი ტურისტების რიცხვი გაორმაგდეს. რა კეთდება ამ მიზნის მისაღწევად და, ზოგადად, საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ უკრაინაში და, კერძოდ, ყირიმში განვითარებული მოვლენები საქართველოში ტურისტული ნაკადის საგრძნობ მატებას გამოიწვევს. ამ უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, რუსუდან მამაცაშვილის განცხადებით, ყირიმს ყოველ ზაფხულს 4 მილიონი უკრაინელი ტურისტი სტუმრობდა. ”წელს იქ ვერ ჩავლენ და ჩვენთან მათი ერთი პროცენტიც რომ წამოვიდეს, ეს დამსვენებელთა ნაკადის ორმაგ ზრდას გამოიწვევსო”. უკრაინიდან ტურისტების ნაკადის გაზრდაზე დიდ იმედებს ამყარებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუაც:

”ჩვენ გვაქვს გეგმა და სტრატეგია ამ ტურისტების ნაწილის... საუბარია გაორმაგებაზე ტურისტების რაოდენობისა უკრაინიდან. შარშან გვყავდა 125 ათასი ტურისტი და ამ რაოდენობის გაორმაგება გვინდა წლევანდელი ზაფხულის ხარჯზე”.
კვლევა არის ჩასატარებელი, რა სეგმენტი დადიოდა ყირიმში, ანუ რა მოთხოვნები გააჩნიათ მათ... იმიტომ რომ იქ ახალგაზრდები დადიან მუსიკის მოსასმენად და გასართობად და მათ ძვირად ღირებული სასტუმროები და ინფრასტრუქტურა ნაკლებად აინტერესებდათ...
მაია სიდამონიძე

5 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი სიგუამ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინიდან ტურისტების მოზიდვას ემსახურება. კერძოდ, მან შავი ზღვის სანაპიროზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალების - ”კრიმფესტისა” და ”კაზანტიპის” - გამართვის შესახებ გამოაცხადა. ორივე მათგანი წლების განმავლობაში ყირიმში ტარდება და ახლაც მათ პროგრამაში რაიმე ცვლილება არ შეიმჩნევა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სიგუა ამ ფესტივალების მსგავსი ღონისძიების გამართვას გულისხმობდა. ამ იდეასთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა, ხოლო გიორგი სიგუას წინამორბედს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს, რამდენიმე კითხვა გაუჩნდა:

”რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არის, მაგრამ კვლევა არის ჩასატარებელი, რა სეგმენტი დადიოდა ყირიმში, ანუ რა მოთხოვნები გააჩნიათ მათ, დააკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ზღვისპირა ზოლი მათ მოთხოვნებს. იმიტომ რომ იქ ახალგაზრდების სეგმენტი დადიოდა მუსიკის მოსასმენად და გასართობად და მათ ძვირად ღირებული სასტუმროები და ინფრასტრუქტურა ნაკლებად აინტერესებდათ”.
ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი
ელექტრონული მუსიკის ფესტივალების გარდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკრაინელი დამსხვენებლების მოზიდვას ახალი ავიარეისების დანიშვნითაც აპირებს. ამისთვის კი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებით, ქართული მხარე მზად არის უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ყოველ რეისზე დარჩენილი ”ცარიელი სკამების” სუბსიდირება მოახდინოს:

”სუბსიდირება არის ავიაკომპანიის პირობა, რომ მათ დანიშნონ კონკრეტული რაოდენობის ბევრი რეისი, რათა მათ რაღაც მცირე გარანტია მაინც ჰქონდეთ, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია. ეს არ არის ის თანხა, რომელიც ვიღაცას გაამდიდრებს ან გააღარიბებს, ლაპარაკია 10 დოლარზე”.
ტურისტული ინფრასტრუქტურა არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობაში, მაგრამ ნელ-ნელა რაღაც-რაღაცები კეთდება და ახლა უფრო ჩქარ-ჩქარა გაკეთდება. და მესამე ეს არის ზრუნვა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რომელიც ასევე არ არის სახარბიელო მდგომარეობაში...
გიორგი სიგუა

გიორგი სიგუას ამ განცხადებამ ეკონომიკის ექსპერტების დიდი ნაწილის კრიტიკული რეაქცია დაიმსახურა. მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაფინანსდეს საქრთველოს მოქალაქეების ფულით უცხო ქვეყნის სახელმწიფო ავიაკომპანია. გარდა ამისა, ერთი რომელიმე კომპანიის სუბსიდირება ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს შექმნის საფრთხესაც შეიცავს და, შესაბამისად, სხვა ავიაგადამზიდველების უკმაყოფილების მიზეზიც იქნება.

სპეციალისტების კრიტიკას იწვევს ის ფაქტიც, რომ დღემდე უცნობი რჩება ტურიზმის ადმნინისტრაციის სტრატეგია, რომლის შეცვლის შესახებ გიორგი სიგუამ ჯერ კიდევ შარშან გამოაცხადა. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ტურიზმის უწყების საბიუჯეტო დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა და 12 მილიონ ლარს გადააჭარბა. გიორგი სიგუა ირწმუნება, რომ სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

გიორგი სიგუა
გიორგი სიგუა
”პირველი მიმართულება და ფუნქცია ეს არის ტურისტული ნაკადების ზრდაზე ზრუნვა, მეორე მიმართულება გახლავთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა. ტურისტული ინფრასტრუქტურა არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობაში, მაგრამ ნელ-ნელა რაღაც-რაღაცები კეთდება და ახლა უფრო ჩქარ-ჩქარა გაკეთდება. და მესამე ეს არის ზრუნვა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რომელიც ასევე არ არის სახარბიელო მდგომარეობაში”.

ტურისტული სფეროს წარმომადგენლები ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან უფრო მეტ სიცხადეს მოელიან, რათა შესაბამისად დაიგეგმოს მარკეტინგული აქტივობები. საქართველოს ტურისტული ბიზნესის მთავარ სამიზნედ ჯერჯერობით, უკრაინასთან ერთად, რუსეთი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები რჩება. ტურიზმის ექსპერტის, მაია სიდამონიძის აზრით, საქართველომ უნდა იზრუნოს ბაზრების დივერსიფიკაციაზე:

მაია სიდამონიძე
მაია სიდამონიძე
”საქართველო ტურიზმის კუთხით დამოკიდებულია ამ ქვეყნებზე. ეს რეგიონი, გარკვეულწილად, არასტაბილურია და, გარკვეული კრიზისის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა სერიოზული პრობლემის წინაშე დგება, თუ ამ ქვეყნებიდან დააკლდება ვიზიტორების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ის ბაზრები, სადაც არის პოტენციალი, რომ საქართველომ მოიზიდოს ვიზიტორები, უნდა ახორციელებდეს ახალ პი-არ მარკეტინგულ კამპანიას და მუშაობდეს, რომ ხდებოდეს მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაცია”.

მაია სიდამონიძის განცხადებით, საქართველოს ტურისტულ სფეროს ზრდის და სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მოტანის პოტენციალი აქვს. ტურიზმის განვითარება ქვეყანაში, საექსპორტო შემოსავლების ზრდასთან ერთად, ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა ამ ბიზნესიდან მიღებული მოგება და, 2012 წლის მონაცემების თანახმად, შემოსავალმა ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჯერჯერობით უცნობი რჩება 2013 წლის ოფიციალური მონაცემები. ცნობილია მხოლოდ 10 თვის სტატისტიკა, რომელიც, ტურისტული ნაკადის ზრდის მიუხედავად, შემოსავლების შემცირებაზე მიუთითებს.
XS
SM
MD
LG