Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი თათუხაშვილი მთავრობას: „შვილი მომიკალით!“


საქართველოს შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გენერალი გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობასა და მთავარ პროკურატურას აკისრებს. ლაპარაკია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე შალვა თათუხაშვილზე, რომელიც 2014 წლის 24 თებერვალს თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის მტკიცებით, მძიმედ დაავადებული შალვა თათუხაშვილი გატაცებული ჰყავდათ რამდენიმე დღის განმავლობაში და მასზე მძიმე ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეღლე ანი ნადარეიშვილი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები.
ცივ წყალში აყოფინებდნენ თავს და ყურთან ახდენდნენ იარაღიდან გასროლას. ასევე უპოვეს ყველაზე სუსტი წერტილი და უთხრეს მას, რომ მის მცირეწლოვან შვილს, სკოლიდან მომავალს, შუქნიშანზე „შემთხვევით“ გაიტანდა მანქანა, რასაც გადაიღებდნენ და უჩვენებდნენ, მკვლელს კი საპროცესო გარიგებით გამოუშვებდნენ...
ანი ნადარეიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი 24 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. ზუსტად ერთი თვის წინ, 2014 წლის 26 თებერვალს, გენერალმა გოგი თათუხაშვილმა, რომელიც ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა დაკითხვის შემდეგ გაუჩინარებულ შვილს, შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

„დრო ნუ გაჰყავთ. სადაა შალვა ორი დღის განმავლობაში? მოვითხოვ, ჩემი ადვოკატის თანდასწრებით ჩაუტარდეს სისხლის ანალიზი. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, შალვა ფსიქიურადაა ავად და ღებულობს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რასთან რეაქციაში თქვენმა წამლებმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს“.


ფატალური შედეგი ერთი თვის შემდეგ დადგა. გენერალმა თათუხაშვილმა სოციალური ქსელით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:

„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა (24 მარტს გაუჩერდა გული). პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას“.

მთავრობასა და პროკურატურას აკისრებენ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი და მეუღლე. ანი ნადარეიშვილის თქმით, ე.წ. ნავთლუღის საქმეზე შალვა თათუხაშვილს დათა ახალაიასა და ლევან ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდნენ:

„ცივ წყალში აყოფინებდნენ თავს და ყურთან ახდენდნენ იარაღიდან გასროლას. ასევე უპოვეს ყველაზე სუსტი წერტილი და უთხრეს მას, რომ მის მცირეწლოვან შვილს, სკოლიდან მომავალს, შუქნიშანზე „შემთხვევით“ გაიტანდა მანქანა, რასაც გადაიღებდნენ და უჩვენებდნენ, მკვლელს კი საპროცესო გარიგებით გამოუშვებდნენ, ვინაიდან ეს იქნებოდა უბედური შემთხვევა, და ასევე დაემართებოდა ოჯახის სხვა წევრებს. შალვა თათუხაშვილს დარჩა ოთხი მცირეწლოვანი შვილი“.
შალვა თათუხაშვილი თითოეული დაკითხვისას ნებაყოფლობით აცხადებდა, რომ მას სურდა გამოძიებასთან თანამშრომლობა და მისი გატაცება არ მომხდარა, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი იმყოფებოდა საკუთარ სახლში...
პროკურატურის განცხადება

ანი ნადარეიშვილმა დაასახელა პროკურატურის ორი გამომძიებელი, დავით ძნელაშვილი და გურგენ გილაური, რომლებიც, მისი თქმით, იძიებენ ასევე ბაჩო ახალაიასა და გოგა ონიანის საქმეებს. ბრალდება უარყო მთავარმა პროკურატურამ, რომლის მიერ გარცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„შალვა თათუხაშვილი თითოეული დაკითხვისას ნებაყოფლობით აცხადებდა, რომ მას სურდა გამოძიებასთან თანამშრომლობა და მისი გატაცება არ მომხდარა, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი იმყოფებოდა საკუთარ სახლში. მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შ. თათუხაშვილის თითქოსდა გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჩატარდა შესაბამისი მოკვლევა, სადაც, სხვა მონაცემებთან ერთად, თავად შალვა თათუხაშვილისა და სხვათა გამოკითხვებიდან დადგინდა, რომ შ.თათუხაშვილის გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მის გატაცებასთან დაკავშირებული განცხადებები იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა“.


პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ანი ნადარეიშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი დაიბარა. გოგა ონიანის თქმით, პროკურატურა ვალდებული იყო გამოძიება დაეწყო თათუხაშვილების ოჯახის განცხადების საფუძველზე.

„შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ მასზე გარდაცვალებამდე პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა ზეწოლა - აწამეს, რასაც შემდეგ მოჰყვა მისი გარდაცვალება. სწორედ იმისათვის, რომ გაირკვეს და ნათელი მოეფინოს ამ საქმეს, საჭიროა გამოძიების დაწყება. პროკურატურა უარზეა და აცხადებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივი მოკვლევით შემოიფარგლებიან. სს კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლებით, როცა დანაშაულზე შეტყობინება შედის, იმავე წუთს უნდა დაიწყოს გამოძიება და არაფერ შუაში არ არის სამსახურებრივი შემოწმება“, - უთხრა გოგა ონიანმა რადიო თავისუფლებას.
მოგმართავთ საქართველოს მთავრობას, პროკურატურას! ჩემი შვილი მოიტაცეთ, აწამეთ, გაჭყიპეთ წამლებით, რათა მიგეღოთ სასურველი ჩვენება-აღიარებები, რითიც მომიკალით. გაფრთხილებდით, რომ მისი ორგანიზმი ვერ აიტანდა მედიკამენტოზურ ზეწოლას და ფატალური შედეგი დადგებოდა...
გოგი თათუხაშვილი

გოგა ონიანის თქმით, სამსახურებრივი შემოწმება იწყება მას შემდეგ, რაც პოლიციის ან პროკურატურის თანამშრომელი დისციპლინარულ გადაცდენას ჩაიდენს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის მიხეილ ღოღაძის თქმითაც, გენისპექცია მოკვლევას აწარმოებს მაშინ, როცა ადგილი აქვს უმნიშვნელო კანონდარღვევას:

„როდესაც საუბარია, რომ, სავარაუდოდ, მოხდა დანაშაული, როდესაც სახეზეა მძიმე შედეგი, ანუ პიროვნება გარდაცვლილია, მხოლოდ გენინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევა ან შემოწმება არის არათანაზომიერი. კანონმდებლობაში პირდაპირ მითითებულია, რომ თუ არსებობს ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში ორგანოები ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რეალურად რა მოხდა“.

იმის თაობაზე, თუ რა მოხდა, გენერალმა თათუხაშვილმა 26 მარტს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:

„მოგმართავთ საქართველოს მთავრობას, პროკურატურას! ჩემი შვილი მოიტაცეთ, აწამეთ, გაჭყიპეთ წამლებით, რათა მიგეღოთ სასურველი ჩვენება-აღიარებები, რითიც მომიკალით. გაფრთხილებდით, რომ მისი ორგანიზმი ვერ აიტანდა მედიკამენტოზურ ზეწოლას და ფატალური შედეგი დადგებოდა. არ ჩაუტარეთ მას ფსიქოსამედიცინო ექსპერტიზა, არ გაუკეთეთ სისხლის ანალიზი, რათა გამხდარიყო ცნობილი, რა წამლებით გაჭყიპეთ ჩემი შვილი და მიიყვანეთ სიკვდილამდე. მისი სიკვდილით არ დაკმაყოფილდით, არ გვაძლევთ დაკრძალვის საშუალებას. თქვენს მიერ დაწყებულია საინფორმაციო ზეწოლა ჩემს მეორე შვილზე, ოჯახის დანარჩენ წევრებზე, ჩვენს გვერდით მდგომ სიმართლის მთქმელ ადამიანებზე.
მედიასაშუალებებით ავრცელებთ ვერსიას თვითმკვლელობაზე, ავრცელებთ მის ე.წ. აღიარებებს, რატომღაც მოიგონეთ და მხოლოდ ახლა ალაპარაკდით მოწმის დაცვის რაღაც პროგრამაზე“
.

გოგი თათუხაშვილი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ოჯახის წევრებს ურჩევს, ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხის ასარიდებლად, მიმართონ თბილისში მდებარე საელჩოებს და მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG