Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“: საქართველომ, პრესის თავისუფლების მხრივ, 17 საფეხურით წინ წაიწია


"მედიის თავისუფლების ინდექსის“ რუკა
"მედიის თავისუფლების ინდექსის“ რუკა
12 თებერვალს ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი - 2014“. 180 ქვეყნისგან შემდგარ სიაში საქართველო 84-ე ადგილზეა (განსხვავებით შარშანდელი მე-100 ადგილისგან). სიის პირველი სამეული, საუკეთესო შედეგებით, კვლავაც ფინეთი, ჰოლანდია და ნორვეგიაა, თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეა და ერითრეა კი, შარშანდლის მსგავსად, სიის ბოლოში მოექცნენ.
საქართველოსა და სომხეთში არჩევნები, ადრინდელთან შედარებით, გაცილებით მშვიდად ჩატარდა - ორივეგან იშვიათი იყო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა...
იოან ბირი

ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ „პრესის თავისუფლების ინდექსს“ ყოველ წელს აქვეყნებს და ცალკეულ ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების - უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტების, მედიაორგანიზაციებისა და ინტერნეტის თავისუფლების - ხარისხს აფასებს. ამ დოკუმენტით ასევე ფასდება, თუ რას აკეთებს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად. 2014 წლის „პრესის თავისუფლების ინდექსში“ 180 ქვეყნის მდგომარეობაა ასახული. მათ შორის საქართველოს 84-ე ადგილი უკავია (შარშან მე-100 იყო). გასულ წელთან შედარებით, საქართველომ მდგომარეობა 17 პოზიციით გაიუმჯობესა.

ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა იოან ბირმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოლდავეთში, საქართველოში, სომხეთსა და ყირგიზეთში პლურალიზმი მნიშვნელოვანწილად არის და შედარებით ნაკლებია სახელმწიფო ცენზურა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ გამოწვევები არ არსებობს. კერძოდ, ბირი შენიშნავს, რომ მედიაში ძალიან მძაფრად აისახება სოციალური პოლარიზაცია და ამ ქვეყნებში ძალიან დიდ გამოწვევად რჩება სარედაქციო დამოუკიდებლობა:

„ამ ქვეყნებში პლურალიზმის მნიშვნელოვანი ხარისხია და საკმაოდ მცირეა სახელმწიფო ცენზურა მედიაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოწვევები გაქრა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სოციალური პოლარიზაცია, რომელიც მედიაზე აისახება. სარედაქციო ჯგუფების დამოუკიდებლობაც ასევე რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამ ქვეყნებისათვის. ყირგიზეთთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს აგრეთვე სიძულვილის ენის პრობლემა, რასაც ძალიან მასშტაბური ხასიათი აქვს. საქართველოსა და სომხეთში არჩევნები, ადრინდელთან შედარებით, გაცილებით მშვიდად ჩატარდა - ორივეგან იშვიათი იყო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. პროგრესი იყო სახელმწიფო მაუწყებლების მუშაობაში, მიუკერძოებლობის თვალსაზრისით“.

„პრესის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, სომხეთი წელს 78-ე ადგილზეა (2013-ში 74-ზე იყო), აზერბაიჯანი - 160-ე ადგილზე (2013-ში 156-ე ადგილი ეკავა). წელს ერთი ადგილით ქვემოთ - 126-დან 127-ეზე - ჩაინაცვლა უკრაინამ. რუსეთი კვლავაც 148-ე ადგილზე რჩება. შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი 161-ე ადგილზეა, უზბეკეთი - 157-ეზე, თურქმენეთი 178-ეზე, ყირგიზეთი -106-ეზე.
2013 წელს რუსეთში შემზღუდავი კანონების მთელი კასკადი შემოიღეს, რამაც შეავიწროვა ინფორმაციის თავისუფლების ასპარეზი. მაგალითად, ახალი შეზღუდვების გასამართლებლად გამოიყენება ტრადიციული ღირებულებები...
იოან ბირი

იოან ბირის განცხადებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების ხარისხი ყოველწლიურად მცირდება და მდგომარეობა, ამ თვალსაზრისით, ნაკლებად დამაიმედებელია:

„2013 წელს რუსეთში შემზღუდავი კანონების მთელი კასკადი შემოიღეს, რამაც შეავიწროვა ინფორმაციის თავისუფლების ასპარეზი. მაგალითად, ახალი შეზღუდვების გასამართლებლად გამოიყენება ტრადიციული ღირებულებები - ასე იყო, როცა მოხდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის კრიმინალიზაცია ან როცა აიკრძალა ღვთისგმობა. რუსეთში ჟურნალისტებს მათი საქმიანობის გამო აკავებენ“.

უკრაინის თაობაზე იოან ბირი შენიშნავს, რომ „მედიის თავისუფლების ინდექსში“ არ არის ასახული უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, თუმცა ამ პროცესის წინმსწრები ფაქტები არანაკლებ შემაშფოთებელ ტენდენციებზე მიანიშნებდა. იოან ბირი გულისხმობს უკრაინაში წამყვანი მედიის მთავრობის მხარდამჭერი ოლიგარქების ხელში მოქცევას, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების გახშირებას, რაც დაუსჯელი რჩება, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინების მცდელობას, მათ შორის, მათი ელექტრონული ფოსტის გატეხითა და ანონიმური სატელეფონო ზარებით.

იოან ბირი ნაკლებად დამაიმედებელ სურათს აღწერს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში და მიიჩნევს, რომ ტაჯიკეთში პოლიტიკური კონტექსტის შეცვლის გარეშე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მედიაში მოსალოდნელი არ არის. ყაზახეთში კი, მისი თქმით, 2012 წლის დასაწყისში დახურეს ყველა ნაციონალური ოპოზიციური მაუწყებელი. მას შემდეგ ყველა კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება, რომელიც კი ადგილობრივ დონეზე მუშაობს ან ცდილობს ნაციონალური მასშტაბით გაავრცელოს ინფორმაცია, შეთითხნილი ბრალდებების მსხვერპლი ხდება.

"ამ ორ ქვეყანაში იზღუდება მედიაპლურალიზმის ლამის ყველა გამოვლინება. აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების წინ განხორციელდა უხეში თავდასხმა პოლიტიკურ ოპოზიციაზე, ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე. ეს პროცესი გაგრძელდა აშკარად გაყალბებული არჩევნების შემდეგაც“, - აღნიშნავს იოან ბირი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიამკვლევარი ნანა საჯაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ პრესის თავისუფლების ხარისხის განსაზღვრისას ყურადღებას აქცევენ შემდეგ ფაქტორებს: პლურალიზმს, მედიის დამოუკიდებლობას, ცენზურას, საკანონმდებლო ბაზას, გამჭვირვალობას, ინფრასტრუქტურას, თუმცა ყველაზე ხშირად ხაზი ესმება იმ ჟურნალისტების რაოდენობას, ვინც სწორედ თავისი საქმიანობის გამო განიცადა ზეწოლა, შანტაჟი და, რიგ შემთხევებში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა კიდეც:

ნანა საჯაია
ნანა საჯაია
„თუ ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, საქართველოში სწორედ ამით აიხსნება ის პროგრესი, რაც ქვეყანამ განიცადა ბოლო ერთი წლის განმავლობაში - 17 საფეხურით წაიწია წინ ამ ჩამონათვალში და 84-ე ადგილი დაიკავა. საქართველოს ასეთი წინსვლის მიზეზები ანგარიშშიც განმარტებულია. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ხაზს უსვამს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შედარებით ნაკლები დაძაბულობის ფონზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც 2012 წლის არჩევნებთანაა შედარებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს კი, როგორც ცნობილია, თან ახლდა ჟურნალისტებზე ზეწოლის არაერთი ფაქტი და, ასევე, სიძულვილისა და ზიზღის კამპანია“.

მართალია, ბოლო დროს დაძაბულობა ასე ღიად არ შეინიშნება და ჟურნალისტებზე ძალადობის არცთუ ისე ბევრი შემთხვევაა გაცხადებული, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ჯანსაღი მედიაგარემოა, ამბობს ნანა საჯაია:

„მაგალითად, დღემდე არ არის გამოძიებული თედო ჯორბენაძის საქმე, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, რომელიც ხელს ადებდა ადამიანს, რომელიც მას აშანტაჟებდა. გრიფი „საიდუმლო“ ადევს ფოტოგრაფების საქმეს, რომელიც ასევე არ გამხდარა საჯარო. დიდი კითხვის ნიშანია ე.წ. „ოდერეების“ (აგენტების) არსებობასთან დაკავშირებით „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, იგივე საქართველოს კომუნუკაციების მარეგულირებელ კომისიაში. პრობლემაა ამ „ოდერეების“ არსებობის შესახებ გაჩენილი უპასუხო ცნობებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ დაუსრულებელ კრიზისზე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, რომელიც გრძელდება და ისევ სტატუს-კვო ბორდის და გენერალური დირექტორის გარეშეა დარჩენილი ეს ტელევიზია“.

ნანა საჯაია გამოყოფს კიდევ რამდენიმე მიგნებას, რომელიც ამ ანგარიშში ხსნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პრესის თავისუფლების გაუარესების მიზეზებს:

„ერთ-ერთი მიზეზი არის კონფლიქტები და ანგარიშში ვხვდებით კიდეც სირიის მაგალითს, რომელიც 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილზეა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ ადგილად ჟურნალისტებისათვის. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებელი 13 პუნქტით გააუარესა, ეროვნულ ინტერესებს შეწირული სიტყვის თავისუფლებაა. ასევე ფაქტორია ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, რომლის სახელითაც იზღუდება ინფორმაციისადმი წვდომა ზოგ რეგიონში, ვთქვათ, თურქეთში, სადაც ათობით ჟურნალისტი დააკავეს და მათი უმრავლესობა ქურთების თემატიკას აშუქებდა“.
ამ ხელისუფლებისთვის ძალიან დიდ გამოწვევად ისევ ის რჩება, რომ მედიასაშუალებები ისევ განიცდიან პოლიტიკური პარტიების წნეხს, აი, თუნდაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც, ეჭვი მაქვს, მნიშვნელოვნად შეასუსტებს ჩვენს რეიტინგებს...
ნინო ზურიაშვილი

მედიამკვლევარი განმარტავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები საქართველოს მედიაზე არ მოქმედებს სწორედ იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არც ომია, არც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული ქვეყანას, რასაც, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა, უნდა შეეწირა პრესის თავისუფლება.

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, არჩევნებამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით, მედიის შესახებ კანონმდებლობისა თუ ჟურნალისტებზე ზეწოლის თვალსაზრისით, პროგრესი შესამჩნევია, მაგრამ დღესაც არაერთი მედიასაშუალება რჩება ცალკეული პოლიტიკური პარტიების წნეხის ქვეშო:

„ამ ხელისუფლებისთვის ძალიან დიდ გამოწვევად ისევ ის რჩება, რომ მედიასაშუალებები ისევ განიცდიან პოლიტიკური პარტიების წნეხს, აი, თუნდაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც, ეჭვი მაქვს, მნიშვნელოვნად შეასუსტებს ჩვენს რეიტინგებს, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად ჩავარდა რეფორმა, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას და ვფიქრობ, ეს ტელევიზია ისევ იქნება ერთი პატარა პოლიტიკური გუნდის გავლენის ქვეშ“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG