Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსაკუთრებული კონტროლი ”საქართველოსთან საზღვარზე”


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ 22 თებერვალს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები და ოკუპირებულ რეგიონში მყოფი რუსი სამხედროები კვლავ მკაცრად აკონტროლებენ საზღვარს დანარჩენ საქართველოსთან.

ხუთშაბათ საღამოს სოხუმში გაიმართა ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ასლან ბჟანიასა და შინაგან საქმეთა მინისტრ ოთარ ხეციასთან. როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, ხეციამ ანქვაბს გააცნო ზომები, რომელთაც თავდამსხმელთა დასაკავებლად მიმართავენ, ბჟანიამ კი აცნობა, რომ კვლავ გაძლიერებული საპასპორტო რეჟიმი მოქმედებს რუსეთთან საზღვარზე და განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ”საქართველოსთან საზღვარი”.

რადიო თავისუფლებას გალიდან ზუგდიდში გადმოსულმა ქალმა განუცხადა, რომ ენგურის ცენტრალურ ხიდთან არსებულ აფხაზურ საგუშაგოზე მოქალაქეთა რიგებია და ისინი სამეგრელოში გადმოსვლას ვერ ახერხებენ. რესპონდენტის ცნობით, გალის მილიცია უკვე ორი დღეა აღარ გასცემს ე.წ. ფასიან საშვებს, რომლითაც ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა უფრო იოლი იყო.

„მე აფხაზეთში ვმუშაობ და გამომიშვეს. ისე, საგუშაგოსთან ხალხი დგას და ნელ-ნელა უშვებენ. გალში წამსვლელებზე კი მკაცრი კონტროლია, თითქმის არავის უშვებენ“, - ამბობს აფხაზეთის მკვიდრი.
საზღვრის მთელი პერიმეტრი ჩაკეტილია და ვერ გადავდივართ სამეგრელოში. რუსი სამხედროები სოფლების ქუჩებში რეიდებს აწყობენ, ხშირად ახალგაზრდებს აკავებენ და გალში მიჰყავთ...
გალის მკვიდრი

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლის მცხოვრებნი. ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვით შეატყობინა, რომ რუსი სამხედროები ჩასაფრებული არიან ე.წ. შემოვლით გზებზეც, საიდანაც მიკროავტობუსები ზუგდიდში გადადიოდნენ. მისივე ინფორმაციით, რუსი სამხედროები პერიოდულად სოფლებში რეიდებს აწყობენ.

„საზღვრის მთელი პერიმეტრი ჩაკეტილია და ვერ გადავდივართ სამეგრელოში. რუსი სამხედროები სოფლების ქუჩებში რეიდებს აწყობენ, ხშირად ახალგაზრდებს აკავებენ და გალში მიჰყავთ. ახლა საზღვრის გასწვრივ სპეციალურ განათებებს ამონტაჟებენ“, - გვითხრა გალის მკვიდრმა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტზე თავდასხმის გამო, ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც, სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ადგილობრივ სამართალდამცავებს გამოძიებაში ეხმარებიან. რაც შეეხება ვერსიებს, დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურაში აცხადებენ, რომ განიხილება რამდენიმე ვერსია, რომელიც გამოძიების ინტერესთა გამო საჯაროდ არ სახელდება.

22 თებერვალს ალექსანდრ ანქვაბის პრესსპიკერმა კრისტიან ბჟანიამ სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ტერაქტში ქართული კვალი ჯერჯერობით არ შეინიშნება, თავდასხმა კი დიდხანს და დეტალურად მზადდებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის კორტეჟს თავს 22 თებერვალს დაესხნენ გუდაუთა-სოხუმის ავტომაგისტრალზე. დაიღუპა ანქვაბის დაცვის ერთი წევრი და კიდევ ერთი მძიმედ დაიჭრა.
XS
SM
MD
LG