Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არდადეგები


ზაფხულის დასვენების სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გთავაზობთ შესაბამის ეპიზოდს სერიალიდან „ქართველიშვილები“. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

მე გიორგი ქართველიშვილი ვარ და წელს 12 წლის გავხდი. შარშან მამა შემპირდა, რომ თუ 12 წლის გავხდებოდი, ზაფხულის არდადეგებზე ჩემს დასთან ერთად დასასვენებლად წამიყვანდა. როცა არდადეგები იწყება, ყველა კლასელი სხვადასხვა ადგილას მიდის დასასვენებლად. ჩვენს ოჯახსაც აქვს შერჩეული საყვარელი ადგილი - ეს ჩვენი აივანია. ზამთარში აივანზე ბამბებს ვდებთ, ვითომ თოვლია. ზაფხულში ბამბებს ვიღებთ, ვრეცხავთ და მომავალ ზამთრამდე ვინახავთ. ზაფხულობით აივანზე ძალიან ცხელა, ამიტომ მთელი დღე ოთახში ვართ და როცა მზე ჩავა, მხოლოდ მაშინ გავდივართ ხოლმე იქ. აივანზე დედაჩემის მოპარული გაზეთების შეკვრებზე ვსხდებით და სუფთა ჰაერს ვისუნთქავთ. თან მოუხარშავი მაკარონის ღეროებით დედაჩემის რეცეპტით დამზადებულ კოქტეილს ვწრუპავთ. დედა ამბობს, რომ ამ კოქტეილს „ბულაჩაური“ ჰქვია. მისი დამზადება ძალიან ადვილია: გამჭვირვალე, თლილი ჭიქის 3/4 უნდა გაავსო ონკანის წყლით და მოწრუპო. ოღონდ, ჯობია, ონკანი დიდი ხანი იყოს მოშვებული, რომ წყალი გაცივდეს. როცა ღამე მთვარიანია, ტანზე ვიხდით, აივანზე ვწვებით და მთვარის აბაზანებს ვღებულობთ. ცოტა მოსაწყენია, სამაგიეროდ, ჯანსაღი სიფერმკრთალე ზამთრამდე გაგვყვება ხოლმე. ზამთარში კი, ყინვის გამო, სიფერმკრთალე სილურჯეში გადადის. ცოტა ცივია, მაგრამ - მრავალფეროვანი. მამა აივანს მაღალმთიან, ალპურ კურორტს ეძახის. ის ზღვის დონიდან მეცხრე სართულზე მდებარეობს და იქიდან ულამაზესი ხედი იშლება, განსაკუთრებით, თუ გაზეთების შეკვრაზე დადგები. თითქმის ყველაფერი ჩანს: მოპირდაპირე სახლის ფანჯარაში ტელევიზორს ვუყურებთ. მართალია, ხმა კარგად არ ისმის და გამოსახულებაც პატარაა, მაგრამ მაინც გვიყვარს, იმიტომ რომ ხმის გაგონება გვერდითი მეზობლის ტელევიზორიდან შეიძლება. ყველაზე უკეთესი მაშინ არის, როცა მოპირდაპირე და გვერდითი მეზობლები ერთსა და იმავე არხს უყურებენ. მოპირდაპირე მეზობელს ჭადრაკის პარტიების გარჩევის ყურება უყვარს, გვერდითას - ფილმების. მაგალითად, შარშან სპასკი-ფიშერის პარტიების გარჩევას ვუყურებდით და „გაზაფხულის 17 გაელვებას“ ვუსმენდით. მაგრამ მერე მოპირდაპირე ოჯახი დასასვენებლად წავიდა და მარტო ვუსმენდით, სანამ გვერდითი ოჯახიც არ წავიდა. წელსაც ასე იყო, ოღონდ ჯერ გვერდითი მეზობელი წავიდა დასასვენებლად და მერე - მოპირდაპირე. ამიტომ გადავწყვიტეთ, აივანზე წიგნები გვეკითხა. ჩვენს ოჯახს მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და ის 9 წიგნისგან შედგება: ქართული, რუსული, ინგლისური, ფიზიკა, ქიმია, ალგებრა, გეოგრაფია, სსრკ ისტორია და „მენავთობის ცნობარი“. მე „მენავთობის ცნობარს“ ვკითხულობ, ჩემი და - ალგებრას. მერე გავცვლით. როცა კითხვა გვბეზრდება, ძველი გაზეთების შეკვრიდან ძველ ტელეპროგრამებს ვუკითხავთ ერთმანეთს ხმამაღლა და ასე ვერთობით. ასე საინტერესოდ გავიდა ერთი თვე. მეორე თვეს მამამ, შეპირებისამებრ, ზღვაზე წაგვიყვანა. მან სამზარეულოდან აივანზე დიდი რკინის ტაშტი გამოიტანა და ჩვენ ვედროებით წყალი ჩავასხით. მერე დედამ მარილი ჩაყარა, რომ ზღვასავით მლაშე ყოფილიყო. მერე მამამ სასაფლაოდან ქვიშა და აგურის ნატეხები მოიტანა და ტაშტის ირგვლივ დაყარა – ეს პლაჟი არისო. მე და ჩემმა დამ ძველი გაზეთი 36 ნაწილად დავჭერით, ბანქოს ასოები დავაწერეთ, დავსხედით პლაჟზე და ვითომ კარტს ვთამაშობდით. მართალია, არც ერთი თამაში არ ვიცით, მაგრამ გასართობად კარგია. ხანდახან ვთევზაობთ ხოლმე. კუბოს 20 პატარა ლურსმანი, რომლითაც ახალ წელს ნაძვის ხე მოვრთეთ, ტაშტში ჩავყარეთ – ვითომ თევზები არიან; მამამ თოკიან ჯოხს მავთული მიაბა ბოლოში, ეს ანკესიაო. ანკესი ხან ჩემს დას უჭირავს, ხან - მე. ზაფხულის მეორე თვეც ძალიან სასიამოვნოდ გავიდა. მთელი ოჯახი კმაყოფილი დარჩა არდადეგებით და მამა შეგვპირდა, მომავალ წელს საზღვარგარეთ დაგასვენებთო. მე და ჩემმა დამ სკოლის გეოგრაფიის წიგნის რუკაზე დავიწყეთ საზღვარგარეთის მოძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. თუმცა, არა უშავს – მამამ უკეთ იცის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG