Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა დასრულდა


აფხაზეთი
აფხაზეთი
ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულდა მოსახლეობის აღწერა, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველო ერთი კვირის განმავლობაში აწარმოებდა.

სტატისტიკის სამსახურს აღწერის შედეგად უნდა გაერკვია აფხაზეთში მცხოვრებთა რაოდენობა და ეროვნება, დემოგრაფიული მდგომარეობა, დასაქმების და განათლების დონე და მოსახლეობის შემოსავლის წყაროები. აღწერის პროცესში, რომელსაც მეთვალყურეობას რუსეთის სტატისტიკის სამსახურის თანამშრომლები უწევდნენ, გამოკითხვას ძირითადად ადგილობრივი პედაგოგები და ექიმები აწარმოებდნენ. ჰონორარის სახით თითოეული მასწავლებელი და ექიმი 3 ათას 600 რუსულ რუბლს მიიღებდა. როგორ მიმდინარეობდა ოკუპირებულ გალის რაიონში მოსახლეობის აღწერა?

რადიო თავისუფლებას ოტობაიელმა ქალმა შეატყობინა, რომ მის ოჯახს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან სოფლის გამგებელმა თავად წარადგინა იმ ოჯახების მონაცემები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ საცხოვრებლად დანარჩენ საქართველოში არ წასულან.

მოსახლეობის აღწერამ მშვიდ გარემოში, მაგრამ რუსი სამხედროების თანდასწრებით ჩაიარა ოკუპირებულ საბერიოში. ოტობაიისგან განსხვავებით, აქ მოსახლეობამ აღწერაში მონაწილეობა გამგებლის ჩაურევლად მიიღო. საბერიოელი რესპონდენტი იტყობინება, რომ სამმართველოს ინსტრუქტორებს ყველაზე მეტად გარდაცვლილი ადამიანებისა და აფხაზური პასპორტის მფლობელთა რაოდენობა აინტერესებდათ.

მოსახლეობის აღწერა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 20 თებერვალს დაიწყო, 22 თებერვალს კი ოკუპირებულ გალში ექვსმხრივი შერეული შეხვედრა გაიმართა, სადაც თბილისის დელეგაციას ამ საკითხზე დისკუსია არ გაუმართავს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გალიდან დაბრუნების შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე ცნობილია:

„ჩვენ არ ვცნობთ მოსახლეობის აღწერას აფხაზეთში და, შესაბამისად, ამ საკითხზე გალში დისკუსია არ ყოფილაო“.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის აღწერის დასრულების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა ზოია ავიძბამ სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ სამმართველოს ინსტრუქტორებს აქვთ კიდევ ოთხი ე.წ. საკონტროლო დღე აღწერის მასალების შესამოწმებლად. ზოია ავიძბას თქმით, აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები 20 მარტის შემდეგ გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG