Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსმხრივი შერეული შეხვედრა გალში


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი
დღეს ოკუპირებულ გალში შეიკრიბნენ აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა. ექვსმხრივი შერეული შეხვედრის მონაწილე მხარეებმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის გალის ოფისში ისეთ ტრადიციულ საკითხებთან ერთად, - მაგალითად, როგორიცაა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის პრობლემა და რეგიონში არსებული კრიმინალური ვითარება, - განიხილეს აფხაზი ეროვნების საქართველოს მოქალაქის გარი ჯოპუას გაუჩინარების საკითხი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დღევანდელი ექვსმხრივი შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა, თუმცა მას მოლაპარაკების შეწყვეტის მიზეზებზე არაფერი უთქვამს.

გალში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივი აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან ქიშმარიამ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას განუცხადა, რომ ქართული პოლიცია ჯოპუას დაკავების ფაქტს უარყოფს, რისიც აფხაზურ მხარეს არ სჯერა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ გალის რაიონის მკვიდრი გარი ჯოპუა საქართველოს სპეცსამსახურების ტყვეობაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ჯოპუა 9 ოქტომბერს გაუჩინარდა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო ხანს რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებობს საიდუმლო ციხეები, სადაც აფხაზეთიდან გატაცებული ადამიანები იმყოფებიან. გარი ჯოპუას და ჯერ კიდევ 2007 წელს გაუჩინარებული დავით სიგუას კონკრეტული ადგილსამყოფლის დასადგენად თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

ვიდრე გალში ექვსმხრივი შერეული შეხვედრა მიმდინარეობდა რადიო თავისუფლება ოკუპირებული რეგიონიდან სამეგრელოში გადმოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა. მათი ცნობით, ენგურს გაღმა არსებულ საგუშაგოზე აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან და მოქალაქეებს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ატარებენ.
რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მორიგ შეხვედრას, ის ოკუპირებულ გალში ორ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG