Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთევროპელი პოლიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გამო


ასე ხვდებოდნენ ბარაკ ობამას პრაღაში, მიმდინარე წლის 5 აპრილს
ასე ხვდებოდნენ ბარაკ ობამას პრაღაში, მიმდინარე წლის 5 აპრილს
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ავტორიტეტიანი პოლიტიკოსები აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასთვის გაგზავნილ ღია წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ ამ რეგიონის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის გამო.

პოლონეთის "გაზეტა ვიბორჩაში" გამოქვეყნებულ წერილში მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო აღარ უპასუხებს რეგიონის ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს, და ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებენ, მკაცრი პოზიცია დაიკავოს სულ უფრო მეტად "რევიზიონისტულ" რუსეთთან ურთიერთობაში.

ღია წერილში ხაზგასმულია აშშ-ის იმ გეგმის მნიშვნელობა, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში "ანტისარაკეტო ფარის" ელემენტების განთავსებას ითვალისწინებს. წერილის ხელმომწერთა თანახმად, ამ გეგმაზე უარის თქმამ ან მასში რუსეთის მეტისმეტად აქტიური ჩართვამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეარყიოს რეგიონში შეერთებული შტატების ავტორიტეტი.

ობამას ადმინისტრაციაში ამჟამად "ანტისარაკეტო ფარის" გეგმის ხელახალი განხილვა მიმდინარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილი ღია წერილის ხელისმომწერთა შორის არიან პოლონეთისა, ჩეხეთის, რუმინეთის, ლიტვის, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები ლეხ ვალენსა, ვაცლავ ჰაველი, ემილ კონსტანტინესკუ, ვალდას ადამკუსი, ვაირა ვიკე-ფრაიბერგა, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი, აგრეთვე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, შეერთებულ შტატებში ამ სახელმწიფოების ყოფილი ელჩები. ღია წერილს სულ 22 კაცი აწერს ხელს.
XS
SM
MD
LG