Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაკონიერობა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში


ალტაიში იანვარში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნი ცხოველები ბრაკონიერობაზე მიუთითებს
ალტაიში იანვარში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნი ცხოველები ბრაკონიერობაზე მიუთითებს
რუსეთში წელს მოხდა ვერტმფრენების ორი ავარია, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ ტრაგიკული შედეგით დასრულდა, გამოავლინა პოლიტიკური ელიტის მიდრეკილება ბრაკონიერობისადმი... როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი მოსკოვიდან იუწყება, რეაქცია მოსახლეობაში ერთობ უარყოფითია.

როცა ამ ორი-სამი კვირის წინ, 10 მაისს, ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი იგორ იესიპოვსკი ვერტმფრენის ავარიაში დაიღუპა, ინციდენტს მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომ უბედური შემთხვევა დათვზე ნადირობისას, ანუ აკრძალული ნადირობის დროს, მოხდა. ოფიციალური ვერსია განსხვავებულია: იესიპოვსკი მივლინებაში იმყოფებოდა, როცა კერძო ვერტმფრენმა, რომლშიც ის იჯდა, ავარია განიცადა. იესიპოვსკისთან ერთად სამი ადამიანი დაიღუპა.

მაგრამ ამ ინციდენტის ბრაკონიერობის ერთ ადრინდელ, გახმაურებულ შემთხვევასთან თვალშისაცემმა მსგავსებამ გაამყარა ეჭვი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერმტფრენებს სანადიროდ იყენებენ და არც განადგურების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დახოცვას ერიდებიან.

ადრინდელი ინციდენტი ვახსენეთ: წელს, იანვარში, ვერტმფრენის ავარიამ, რომელიც ალტაის მთებში მოხდა, 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, ალექსანდრ კოსოპკინის - ის სახელმწიფო სათათბიროში კრემლის წარმომადგენელი იყო. ავარიის ადგილას გადაღებულ ფოტოებზე, რომლებიც ხელში ჩაიგდეს ადგილობრივი ვებსაიტის ჟურნალისტებმა, ვერტმფრენის ნამსხვრევების გვერდით ჩანს ნანადირევი - იშვიათი სახეობის ორი ჯიხვის ნაშთები. გამოძიებამ დაადგინა, რომ კოსოპკინი და მასთან ერთად მყოფი დანარჩენი ოფიციალური პირები ვერტმფრენიდან ესროდნენ ცხოველებს.

“მათი განადგურება ვერტმფრენიდან, ავტომატური იარაღით - არის სრული მკრეხელობა და ბარბაროსობა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის გასაგებია აღშფოთება იმ ადგილობრივი მცხოვრებლებისა, რომელთა თვალწინაც ეს ყველაფერი ხდებოდა. და ვფიქრობ, ის, რომ ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის დამალვა, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის,” ამბობს ოლეგ მიტვოლი, გახმაურებული ინციდენტის დროს რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთებას, რომელიც მან ახსენა, ახლავე დავუბრუნდებით. აქ იმას ვიტყვი, რომ რუსეთში აკრძალულია ნებისმიერი სახის მოძრავი ტრანსპორტიდან ნადირობა.

ოფიციალური პირების ვერტმფრენით ნადირობის შესახებ ცნობისა და დახოცილი ცხოველების ამსახველი ფოტოების გავრცელებამ ალტაიში მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია - დამატებით იმ გარემოების გამო, რომ მონადირეებს შორის ალტაის გარემოს დაცვის უწყების წარმომადგენლებიც იყვნენ...

“აღშფოთება დიდი იყო, რადგან ყველამ - რიგითმა მოქალაქეებმა - პირად შეურაცხყოფად აღიქვა კანონის დემონსტრაციულად დარღვევა იმ ადამიანების მიერ, ვინც პირველ რიგში უნდა იცავდეს კანონს ”, იხსენებს გარემოს დამცველ ცნობილ ორგანიზაცია WWF-ის რუსეთის განყოფილების წარმომადგენელი ალექსეი ვაისმანი.
ზოგადად, უჩვეულო არაფერია იმაში, რომ რუსეთის დედაქალაქიდან მოშორებულ რეგიონებში ადგილობრივი ლიდერები ტრანსპორტად ვერტმფრენებს იყენებენ. თუმცა ინციდენტი, რომელსაც ირკუტსკის გუბერნატორის, იესიპოვსკის, დაღუპვა მოჰყვა, რამდენიმე უჩვეულო გარემოებას უკავშირდება: ის მგზავრობდა არა ოფიციალური, არამედ ამერიკული წარმოების ვერტმფრენით, რომელიც მის ნაცნობ ბიზნესმენს ეკუთვნოდა. გაფრენამდე არ შეუდგენიათ მგზავრობის ოფიციალური გეგმა. ზოგი ცნობის თანახმად, ჩამოვარდნილ საფრენ აპარატში სანადირო თოფიც იპოვეს...

პოლიცია ფრენის უსაფრთხოების დარღვევის საკითხს იძიებს, თუმცა არ ახსენებს ბრაკონიერობაში ეჭვის მიტანის საკითხს. არადა, გარემოს დაცვის აქტივისტებს, მათ შორის ოლეგ მიტვოლს, ეჭვი სწორედ ბრაკონიერობაზე აქვთ:

“ამჟამად არსებული მონაცემები ნაწილობრივ ადასტურებს ნადირობის ვერსიას. და თუ დადასტურდა, რომ ვერტმფრენიდან დათვებზე ნადირობდნენ, თან ეროვნულ პარკში, ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.”

ოფიციალური პირების ბრაკონიერობას რუსეთში, ასე ვთქვათ, გარკვეული ტრადიცია აქვს. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ჩერნომირდინზე ამბობენ, რომ ხეზე აბმევინებდა დათვის ბელებს, რათა მათთვის ტყვია არ აეცდინა. შარშან ოქტომბერში “ნოვაია გაზეტამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ კამჩატკაზე დათვზე ვერტმფრენებით ნადირობაში ...

მოსკოვში მოქმედი ინსტიტუტის - კარნეგის ცენტრის - მკვლევარი ნიკოლაი პეტროვი როგორც ამბობს, უკანონო ნადირობის შემთხვევებს ბევრი იმის ნიშნად მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერებს თავი კანონზე აღმატებულად წარმოუდგენიათ.
XS
SM
MD
LG